1. სინუსიტი
  2. ცხვირი, სინუსები და გემოვნების დარღვევები
  3. ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები
სინუსიტი

სინუსიტი არის სინუსების ანთება, რომელიც უმეტესად გამოწვეულია ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციით ან ალერგიით.

  • სინუსიტის ყველაზე ხშირი სიმპტომი არის ტკივილი, სისუსტე, გამონადენი ცხვირიდან და თავის ტკივილი;

  • დიაგნოზი ემყარება სიმპტომებს, მაგრამ ხანდახან სადიაგნოსტიკოდ საჭირო ხდება რენტგენი ან გამოსახულებითი კვლევები;

  • ანტიბიოტიკები ინიშნება ძირითადი ინფექციების სამკურნალოდ.

სინუსიტი არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება. ყოველწლიურად 10-15 მლნ-მდე პაციენტს აქვს სინუსიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. სინუსიტი შეიძლება განვითარდეს ოთხივე წიაღში: ზედა ყბის, ცხავის, შუბლისა და სოლისებურ წიაღებში. სინუსიტი თითქმის ყოველთვის ვლინდება ცხვირის ლორწოვანის ანთებასთან ერთად (რინიტი), რის გამოც რინოსინუსიტსაც უწოდებენ. ის შეიძლება იყოს მწვავე (ხანმოკლე) ან ქრონიკული (დიდი ხნის).

მწვავე სინუსიტი: სინუსიტი ითვლება მწვავედ, თუ სრულად იკურნება 30 დღეში. მწვავე სინუსიტის გამომწვევი ხშირად სხვადასხვა ბაქტერიაა და ვითარდება წიაღების გამავალი მიდამოს ბლოკირების შემდეგ. მსგავს ბლოკადებს იწვევს ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, მაგალითად, გაციება. გაციების დროს ცხვირის შეშუპებული ლორწოვანი გარსი ბლოკავს ღრუებს. ჟანგბადი წიაღებში შეიწოვება სისხლძარღვებით და წნევა მცირდება სინუსებში, რაც იწვევს ტკივილს და სითხის დაგროვებას ძვლოვან ღრუებში. სითხე ბაქტერიისთვის საკვები გარემოა. ეს ნაკადი ზრდის წნევას და იწვევს უფრო ძლიერ ტკივილს. ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია ალერგიაც, რომლის დროსაც ასევე ხდება ლორწოვანი გარსის შეშუპება, რაც იწვევს წიაღების გამავალი მიდამოს ბლოკირებას. პაციენტები, რომელთაც აქვთ ცხვირის ძგიდის გამრუდება, მიდრეკილნი არიან სინუსების ობსტრუქციისადმი.

ქრონიკული სინუსიტი: სინუსიტი ითვლება ქრონიკულად, თუ ის გრძელდება 8-დან 12 კვირამდე. ქრონიკული სინუსიტის მიზეზი დაუდგენელია, მაგრამ ის შეიძლება თან ახლდეს ვირუსულ ინფექციას, ძლიერ ალერგიას, ან დაბინძურებული გარემოს ზეგავლენას. ოჯახური ანამნეზი და გენეტიკური წინასწარგანწყობაც ერთ-ერთი ფაქტორია. თუ პაციენტს აქვს სოკოვანი ან ბაქტერიული ინფექცია, ანთებითი პროცესი ბევრად უფრო რთულად მიმდინარეობს. უპირატესად ქრონიკული სინუსიტი არის ზედა ყბის წიაღის ანთება, რომელიც გამოწვეულია ზედა ყბის კბილის აბსცესის გავრცელებითწიაღში.

სიმპტომები

მწვავე სინუსიტს ჩვეულებრივ ახასიათებს ტკივილი, მომატებული მგრძნობელობა, ცხვირის ღრუს ობსტრუქცია, ყნოსვის დაქვეითება (ჰიპოსმია), ცუდი სუნი პირიდან (ჰალიტოზი), პროდუქტიული ხველა, (განსაკუთრებით ღამის საათებში) და შეშუპება დაზიანებული სინუსის მიდამოში. ზედა ყბის ანთება იწვევს ტკივილს თვალებს ქვემოთ ყვრიმალის ძვალზე, კბილის ტკივილს და თავის ტკივილს. შუბლის წიაღის ანთება იწვევს თავის ტკივილს შუბლის მიდამოში. ცხავის ძვლის ანთება – ტკივილს თვალებს შორის და უკან, ასევე კანის ბაქტერიულ ინფექციას თვალბუდის გარშემო (პერიორბიტალური ცელულიტი), ცრემლდენას, თავის ტკივილს (ხშირად აღწერენ როგორც ძალიან ძლიერს) შუბლის მიდამოში. სოლისებრი წიაღის ანთება იწვევს ტკივილს, რაც არ ვლინდება ერთ კონკრეტულ მიდამოში და შეიგრძნობა თავის წინა ან უკანა ნაწილში.

მწვავე სინუსიტს ახასიათებს მოყვითალო-მომწვანო ფერის ჩირქოვანი გამონადენი ცხვირიდან. შესაძლებელია, გამოვლინდეს ცხელება და შემცივნებაც, მაგრამ მათი არსებობისას საეჭვოა სინუსებს მიღმა გავრცელებული ინფექცია. მხედველობის ნებისმიერი ცვლილება ან შეშუპება თვალების გარშემო არის ძალიან სერიოზულიმდგომარეობა, რამაც წუთების ან საათების განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს სიბრმავე. იგი რაც შეიძლება დროულად უნდა შეფასდეს ექიმის მიერ. ხშირად მწვავე სინუსიტისას ტკივილი უფრო ძლიერია.

მწვავე და ქრონიკული სინუსიტის სიმპტომების ჩივილები მსგავსია. ყველაზე მეტად გავრცელებული სიმპტომი ქრონიკული სინუსიტისას არის ცხვირის გაჭედვა, შეშუპება და პოსტნაზალური წვეთი. სინუსიტიან პაციენტებს აქვთ შეფერილი გამონადენი ცხვირიდან და დაქვეითებული ყნოსვა. ასევე პაციენტი გრძნობს ზოგად საერთო სისუსტეს და დისკომფორტს.

დიაგნოზი

დაავადების დიაგნოსტირება ხდება მახასიათებელ სიმპტომებზე დაყრდნობით და იშვიათად – რენტგენოლოგიური გამოკვლევით. რენტგენზე შესაძლებელია, გამოვლინდეს სითხე სინუსებში, თუმცა კომპიუტერული ტომოგრაფია უფრო ზუსტად საზღვრავს დაავადების ხარისხს და სირთულეს. თუ ზედა ყბის ანთებაა, კბილების რენტგენი უნდა გაკეთდეს, რათა გამოირიცხოს კბილის აბსცესი. ხანდახან საჭირო ხდება მცირე ზომის მილის (ენდოსკოპისი) მოთავსება ცხვირის ღრუში, რათა გამოიკვლიონ ცხვირის გასავლები და საჭიროების შემთხვევაში აიღონ მასალა გამოსაკვლევად. ეს პროცედურა საჭიროებს ადგილობრივ ანესთეზიას და კეთდება ამბულატორიულად ექიმის კაბინეტში.

ბავშვებში სინუსიტს ეჭვობენ, როდესაც ჩირქოვანი გამონადენი ცხვირიდან გრძელდება 10 დღეზე მეტხანს და ამავე დროს აღინიშნება ძლიერი საერთო სისუსტე და ხველა. შესაძლებელია თან ახლდეს ტკივილი ან დისკომფორტი სახის მიდამოში. ცხელება არ არის დამახასიათებელი. ცხვირის გამოკვლევისას ექიმი ნახულობს ჩირქით სავსე გამონადენს. დიაგნოზის დასადასტურებლად გამოიყენება CT გამოკვლევა.

მკურნალობა

მწვავე სინუსიტის მკურნალობა მიმართულია დრენაჟის გაუმჯობესებისკენ და ინფექციის წინააღმდეგ. ეფექტურია ორთქლით ინჰალაცია და სველი, ცხელი პირსახოცების დაფენა დაზიანებულ სინუსებზე. ასევე ცხელი სასმელები აფართოებს შევიწროებულ სისხლძარღვებს და ხელს უწყობს დრენაჟს. ცხვირის სპრეები, როგორიცაა ფენილეფრინი, რომელიც იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას (კონსტრიქციას), გამოიყენება შეზღუდული ხანგრძლივობით. მსგავსი ტიპის მედიკამენტები, მაგალითად ფსევდოეფედრინის ორალური მიღება, არ არის ისეთივე ეფექტური. მწვავე სინუსიტისას ინიშნება ამოქსიცილინის ან ტრიმეტოპრიმ/ სულფამეტოქსაზოლის ჯგუფის ანტიბიოტიკები.

ქრონიკული სინისუტისას ინიშნება ამოქსიცილინ/კლავულანატი ან ცეფუროქსიმი ხანგრძლივი დროით. როდესაც ანტიბიოტიკოთერაპია არაეფექტურია, მიმართავენ ქირურგიულ ჩარევას სინუსების გამოსარეცხად და დასათესი მასალის მისაღებად ან სინუსების დრენაჟის გასაუმჯობესებლად, რაც აჩქარებს ანთებითი პროცესის ალაგებას.