ეპიგლოტიტი არის ხორხსარქვლის ბაქტერიული ინფექცია.
ხორხსარქველი არის მცირე ზომის მყარი ქსოვილოვანი მოძრავი სტრუქტურა, რომელიც ფარავს ტრაქეასა და ხორხს ყლაპვისას. ხანდახან, ხორხსარქველი ინფიცირდება B ტიპის ჰემოფილუს ინფლუენცა (Haemophilus influenzae) ბაქტერიით. ჰემოფილუს ინფლუენცა (Haemophilus influenzae) – ყველაზე მეტად გავრცელებულია ბავშვებში, მაგრამ რუტინულმა ვაქცინაციამ თითქმის სრულად აღმოფხვრა ინფექცია ამ ასაკობრივ ჯგუფში. უფრო მეტი შემთხვევა გვხვდება მოზრდილებში. თუმცაღა ეპიგლოტიტი შეიძლება შეგვხვდეს ჰემოფილუს ინფლუენცაზე(Haemophilus influenzae) არავაქცინირებულ ბავშვებშიც, ზოგჯერ კი ვაქცინირებულებში სხვა ბაქტერიით იყოს გამოწვეული.
ამ ინფექციით გამოწვეულმა შეშუპებამ შეიძლება დაბლოკოს სასუნთქი გზები, განვითარდეს სუნთქვის გაძნელება და სიკვდილიც. ვინაიდან ბავშვებში უფრო მცირე ზომის სასუნთქი გზებია, ეპიგლოტიტი უფრო საშიშია, ვიდრე ზრდასრულებში, მაგრამ ასევე ფატალური შეიძლება იყოს ზრდასრულებშიც.
სიმპტომები მოიცავს ძლიერ ყელის ტკივილს, ყლაპვის გაძნელებას, ცხელებას, ნერწყვდენასა და ხმის ჩახლეჩას. ვინაიდან ინფექცია ხორხსარქველშია, ხშირად არ ვრცელდება ხახის უკანა კედელზე. ხორხსარქვლის შეშუპებასთან ერთად ვიწროვდება სასუნთქი გზები. თავდაპირველად სუნთქვისას ისმის ჭრაჭუნა ხმები (სტრიდორი) და შემდეგ სუნთქვის გაძნელება პროგრესირებს. მდგომარეობა სწრაფად უარესდება.
დიაგნოსტირება ხდება პაციენტის სიმპტომებზე დაყრდნობით. თუ მოზრდილებში არ არის სტრიდორი ან ნებისმიერი ტიპის სუნთქვის გაძნელება, შესაძლებელია ხახის სარკით დათვალიერება ან რენტგენის გაკეთება, რომლითაც აღმოაჩენენ შეშუპებულ ხორხსარქველს. ხანდახან ხორხის დათვალიერება ხდება მცირე ზომის დრეკადი მილის (ნაზოფარინგეული ლარინგოსკოპი) მეშვეობით, რომელიც ცხვირიდან შეაქვთ. ბავშვებში ადვილად ვითარდება სასუნთქი გზების უეცარი, სრული ბლოკადა, ეს შეიძლება მოხდეს ყელის დათვალიერების დროსაც. ამ საშიშროების მინიმალიზებისთვის ბავშვების გამოკვლევა ხდება საოპარაციო ოთახში და ასევე მათ არ უტარებენ რენტგენოლოგიურ კვლევას.
ჰემოფილუს ინფლუენცათი (Haemophilus influenzae) გამოწვეული ეპიგლოტიტის პრევენცია ხდება B ტიპისჰემოფილუს ინფლუენცა (Haemophilus influenza) ვაქცინით.
პაციენტებს, რომელთაც გაძნელებული აქვთ სუნთქვა, ენიშებათ ანტიბიოტიკები და საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც ხდება დეტალური გამოკვლევა. თუ სუნთქვა გაძნელებულია, პლასტმასის სასუნთქი მილი იდგმება პირის ან ცხვირის ღრუდან ტრაქეაში (ენდოტრაქეული ინტუბაცია). მილი ეხმარება სასუნთქ გზებს, რომ არ დაიხუროს. ხანდახან სასუნთქი გზები ისეთი შეშუპებულია, რომ ვერ ხერხდება მილის ჩადგმაც ამ გზით და საჭირო ხდება კისრის წინა ზედაპირზე განაკვეთის გაკეთება (ტრაქეოსტომა ან კრიკოთირეოიდოტომია).