1. ფსევდომონათი გამოწვეული ინფექციები
  2. ბაქტერიული ინფექციები (ინფექციები)
  3. ინფექციები
ფსევდომონათი გამოწვეული ინფექციები

ფსევდომონურ ინფექციას იწვევს გრამ-უარყოფითი ბაქტერია, ფსევდომონას რამდენიმე სახეობიდან ერთ-ერთი, განსაკუთრებით ხშირად კი Pseudomonas aeruginosa.

  • შეიძლება განვითარდეს, როგორც გარეგანი ორგანოების მსუბუქი ინფექციები (აზიანებს ყურს ან თმის ფოლიკულებს), ასევე შინაგანი ორგანოების მწვავე ინფექციები (აზიანებს ფილტვებს, სისხლის მიმოქცევას ან გულის სარქვლებს);

  • სიმპტომები დამოკიდებულია სხეულის დაინფიცირებული ნაწილის ლოკალიზაციაზე;

  • დაინფიცირებული ქსოვილიდან აღებულ ნიმუშში ბაქტერიის აღმოჩენა ადასტურებს დიაგნოზს;

  • გარეგანი ინფექციების დროს ხდება ანტიბიოტიკების გარეგანი გამოყენება, ხოლო უფრო სერიოზული, შინაგანი ინფექციების დროს ანტიბიოტიკები გამოიყენება ინტრავენურად.

ფსევდომონური ბაქტერიები, მათ შორის ფსევდომონას აერუგინოზა, სახლობს მთელი მსოფლიოს წყალსა და მიწაში. ეს ბაქტერიები უპირატესობას ანიჭებენ ნესტიან ადგილებს, როგორებიცაა: წყლის ნიჟარები, საპირფარეშო, არაადეკვატურად ქლორირებული საცურაო აუზები და ჯაკუზები, აგრეთვე ვადაგასული ან ინაქტივირებული ანტისეპტიკური ხსნარები. ბაქტერიები შესაძლოა დროებით სახლობდნენ ჯანმრთელი ადამიანების კანზე, ყურებსა და ნაწლავებში.

ფსევდომონა აერუგინოზას ინფექციები შეიძლება მერყეობდეს მარტივი, გარეთა ინფექციებიდან სერიოზულ, სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებებამდე. ინფექციები უფრო ხშირად ჩნდება და მიდრეკილია გამწვავებისკენ ადამიანებში:

  • რომლებიც არიან დასუსტებულნი გარკვეული მწვავე დაავადებების გამო;

  • რომელთაც აქვთ დიაბეტი ან ცისტური ფიბროზი;

  • რომლებიც არიან ჰოსპიტალიზებულნი;

  • რომელთაც აქვთ დაავადება, მაგალითად, ადამიანი იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) გამოწვეული ინფექცია, რომელიც ასუსტებს იმუნურ სისტემას;

  • რომლებიც იღებენ იმუნური სისტემის დამთრგუნველ პრეპარატებს. მათ მიეკუთვნება პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სიმსივნის სამკურნალოდ ან გადანერგილი ორგანოს მოცილების თავიდან ასაცილებლად.

ამ ბაქტერიებს შეუძლიათ სისხლის, კანის, ძვლების, ყურების, თვალების, საშარდე ტრაქტის, გულის სარქვლების, ფილტვებისა და ასევე ჭრილობების, როგორიცაა დამწვრობა, ტრავმა ან ოპერაციული ჭრილობა, დაინფიცირება. ფსევდომონა აერუგინოზათი გამოწვეული ინფექციების განვითარების რისკს ზრდის სამედიცინო ხელსაწყოების, როგორიცაა: შარდის ბუშტში ან ვენაში ჩადგმული კათეტერები, სასუნთქი მილები და მექანიკური ვენტილატორების გამოყენება.

სიმპტომები

ფსევდომონა აერუგინოზა რამდენიმე განსხვავებულ ინფექციას იწვევს.

მოცურავის ყური (გარეთა ოტიტი) წარმოადგენს მსუბუქი ფორმის გარეგანი ინფექციას, რომელიც შეიძლება განვითარდეს ჯანმრთელ ადამიანებშიც. ბაქტერიის შემცველმა წყალმა შესაძლოა შეაღწიოს ყურში ცურვის დროს. მოცურავის ყური იწვევს ტკივილსა და ყურიდან გამონადენს.

ჯაკუზის ფოლიკულიტი კიდევ ერთი მსუბუქი ფორმის გარეგანი ინფექციაა. თმის ფესვები (ფოლიკულები) ინფიცირდება ადამიანებში, რომლებიც იყენებენ ჯაკუზებს ან ვიბრაციულ აბაზანებს, განსაკუთრებით, თუ ისინი არ არის ადეკვატურად ქლორირებული. წყალში დიდი ხანი ყოფნა არბილებს თმის ფოლიკულებს, რაც აადვილებს მათში ბაქტერიების შეღწევას. ვითარდება ქავილის გამომწვევი კანის გამონაყარი, რომელიც შედგება მცირე ზომის კვანძებისგან. კვანძების ცენტრში შეიძლება იყოს ჩირქის წვეთი.

გარეთა ყურის ავთვისებიანი ანთება წარმოადგენს ყურის ღრმა ინფექციას. ის ყველაზე ხშირია დიაბეტით დაავადებულ ადამიანებში. ვითარდება ქსოვილების შეშუპება და ანთება, რის გამოც ნაწილობრივ იხურება სასმენი მილი. სიმპტომებს მიეკუთვნება ცხელება, სმენის დაკარგვა, დაინფიცირებული ყურის გარშემო არსებული ქსოვილების ანთება, ყურის ძლიერი ტკივილი, ცუდი სუნის მქონე გამონადენი ყურიდან და ნერვის დაზიანება.

ამ ბაქტერიით გამოწვეულმა თვალის ინფექციებმა შესაძლოა დააზიანონ რქოვანა, ხშირად – სამუდამოდ. ბაქტერიების მიერ წარმოქმნილი ფერმენტები სწრაფად ანადგურებს თვალს. ინფექცია შეიძლება გამოიწვიოს კონტაქტური ლინზების ან ლინზების სითხის ბაქტერიებით დაბინძურებამ.

რბილი ქსოვილების ინფექციებს მიეკუთვნება კუნთებში, მყესებში, იოგებში, ცხიმსა და კანში არსებული ინფექციები. ეს ინფექციები ვითარდება ღრმა ნაჩხვლეტ ჭრილობებში, განსაკუთრებით კი იმ ბავშვების ტერფებში, რომლებიც ატარებენ კედებს და დააბიჯეს ლურსმანს. როდესაც ბაქტერია იზრდება მიწის ზედა ფენებში, ეს ფენები მწვანდება და მათ უჩნდებათ ახალმოთიბული ბალახის სუნი.

საავადმყოფოში მყოფ ადამიანებში შესაძლოა განვითარდეს მწვავე პნევმონია. ის უფრო ხშირად ვითარდება იმ ადამიანებში, რომლებიც საჭიროებენ სასუნთქ მილს ან მექანიკურ ვენტილატორს.

საშარდე სისტემის ინფექციები ჩვეულებრივ ვითარდება საშარდე ტრაქტზე ჩატარებული მანიპულაციის შემდეგ. ასეთი მანიპულაციები ტარდება მაშინ, როდესაც საშარდე ტრაქტი დახშობილია ან როდესაც კათეტერი უნდა დარჩეს შარდის ბუშტში დიდი ხნის განმავლობაში.

სისხლის მიმოქცევის ინფექციები (ბაქტერიემია) ვითარდება შემდეგ შემთხვევებში:

  • ბაქტერიები სისხლში ხვდებიან დაინფიცირებული ორგანოდან (როგორიცაა, მაგ. საშარდე ტრაქტის ინფექცია);

  • ვენაში შეჰყავთ დაბინძურებული, არალეგალური წამალი;

  • არალეგალური წამლების შეყვანის მიზნით გამოიყენება დაბინძურებული ნემსი ან შპრიცი.

ზოგჯერ ბაქტერიის წყარო უცნობია, მაგალითად, როგორც ხდება ადამიანებში, რომელთაც სიმსივნის ქიმიოთერაპიის შემდეგ აქვთ მცირე რაოდენობის სისხლის თეთრი უჯრედები. საზარდულის მიდამოსა და იღლიების კანზე ჩნდება მოიასამნისფრო-მოშავო ლაქები წითელი არშიით. მკურნალობის გარეშე ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს შოკი და სიკვდილი.

ძვლებისა და სახრების ინფექციები ჩვეულებრივ, ვითარდება ხერხემალსა და სახსარში, რომელიც მდებარეობს მკერდის ძვალსა და ლავიწს შორის. ბაქტერიები ვრცელდება ძვლებსა და სახსრებზე სისხლის მიმოქცევიდან, მაგრამ ისინი აგრთვე შეიძლება გავრცელდნენ ახლომდებარე რბილი ქსოვილებიდან, რომლებიც დაინფიცირდნენ ოპერაციული ჭრილობიდან ან ტრავმიდან.

გულის სარქვლების ინფექციები იშვიათია. ისინი ჩვეულებრივ, ვითარდება ადამიანებში, რომლებიც ინტრავენურად იყენებენ ნარკოტიკებს და ადამიანებში, რომლებსაც აქვთ გულის ხელოვნური სარქვლები. ჩვეულებრივ, ბაქტერიები ვრცელდებიან გულის სარქვლებზე სისხლის მიმოქცევიდან.

დიაგნოზი

ექიმები სვამენ ფსევდომონა აეროგინოზათი გამოწვეული ინფექციის დიაგნოზს იმით, რომ იღებენ სისხლის ან სხეულის სხვა ბიოლოგიური სითხის ნიმუშს და ზრდიან ბაქტერიის კულტურებს. ტარდება გამოკვლევები, რომლებიც განსაზღვრავენ, თუ რომელი ანტიბიოტიკია ეფექტური ბაქტერიის წინააღმდეგ (მგრძნობელობის ტესტი).

პრევენცია და მკურნალობა

მოცურავის ყურის თავიდან ასაცილებლად ადამიანებმა, რომელთაც ის უკვე ჰქონდათ, უნდა დაიმუშაონ ყურები ძმარმჟავას ხსნარით ცურვამდე და ცურვის შემდეგ. ძმარმჟავას წვეთები კორტიკოსტეროიდებით ან მათ გარეშე ჩვეულებრივ წარმოადგენს მკურნალობის ეფექტურ მეთოდს.

ჯაკუზის ფოლიკულიტი ჩვეულებრივ უკუგანვითარდება მკურნალობის გარეშე.

თვალის ინფექციებს მკურნალობენ მაღალი კონცენტრაციის ანტიბიოტიკების წვეთებით, რომლებიც თავდაპირველად გამოიყენება ხშირად. ზოგჯერ საჭირო ხდება ანტიბიოტიკების პირდაპირ თვალში ინექცია.

ფსევდომონა აეროგენოზათი გამოწვეული სერიოზული ინფექციების მკურნალობა რთულია. გარეთა ყურის ავთვისებიანი ანთება, შინაგანი ორგანოების ინფექციები (როგორიცაა, მაგ. პნევმონია ან გულის სარქვლების ინფექცია) და სისხლის ინფექციები საჭიროებენ ანტიბიოტიკების ინტრავენური ფორმებით მკურნალობას კვირების განმავლობაში. ჩვეულებრივ, საჭიროა ანტიბიოტიკების კომბინაცია, რადგან ბევრი შტამი, კერძოდ კი სამედიცინო დაწესებულებაში შეძენილი შტამები, რეზისტენტულია არაერთი ანტიბიოტიკის მიმართ. ჩვეულებრივ, ექიმები ირჩევენ იმ ანტიბიოტიკს, რომელიც ეფექტურია მათ გეოგრაფიულ არეალში. მათ შესაძლოა შეცვალონ ანტიბიოტიკები მას მერე, რაც მოვა გამოკვლევის შედეგი, თუ რომელი ანტიბიოტიკი შეიძლება იყოს ეფექტური.

გულის სარქვლების ინფექციების დროს საჭიროა გულის ღია ოპერაცია სარქვლების გამოცვლის მიზნით და აგრეთვე ანტიბიოტიკოთერაპიაც.