სახმო იოგების დამბლა არის იმ კუნთის მოძრაობის შეუძლებლობა, რომელიც აკონტროლებს სახმო იოგებს.
სახმო იოგების დამბლა შეიძლება განვითარდეს ერთ ან ორივე სახმო იოგზე. დაავადება უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. დამბლა შეიძლება გამოწვეული იყოს თავის ტვინის დაზიანებითაც, მაგალითად სიმსივნე, ინსულტი, მადემიელინიზებელი დაავადებები ან ხახის მაინერვირებელი ნერვების დაზიანება. ნერვის დაზიანება შეიძლება იყოს არასიმსივნური და სიმსივნური; მას იწვევს: ტრავმები, ნერვის ვირუსული დაზიანება, ლაიმის დაავადება, ან ნეიროტოქსინები (სუბსტაბცია, რომელიც წამლავს ან ანადგურებს ნერვულ ქსოვილს), მაგალითად, ტყვია, ვერცხლისწყალი, დარიშხანი ან დიფტერიის მიერ გამომუშავებული ტოქსინები.
სახმო იოგების დამბლა გავლენას ახდენს საუბარზე, სუნთქვასა და ყლაპვაზე. დამბლის გამო საკვები და სითხე შეიძლება მოხვდეს სასუნთქ გზებსა (ტრაქეა) და ფილტვებში. თუ მხოლოდ ერთი სახმო იოგია პარალიზებული, ხმა ჩახლეჩილია და ხრინწიანი. ჩვეულებრივ, სასუნთქი გზები არ არის გადაკეტილი, ვინაიდან მეორე მხარეს დაუზიანებელი იოგი იხსნება საკმარისად. ხოლო როდესაც ორივე სახმო იოგია პარალიზებული, ბგერები დაბალი ჟღერადობისაა, მაგრამ სხვა მხრივ გამოითქმის ნორმალურად. თუმცაღა პარალიზებულ იოგებს შორის მანძილი ძალიან მცირეა, ჰაერის მოძრაობა არაადეკვატურია და ჩვეულებრივი ფიზიკური დატვირთვაც კი იწვევს სუნთქვის გაძნელებას და უსიამოვნო, მაღალსიხშირიანი ბგერების გამოცემას თითოეული ჩასუნთქვისას.
დამბლის გამომწვევი მიზეზის დასადგენად ექიმი მიმართავს ხორხის, ბრონქული გზების ან საყლაპავის გამოკვლევას წვრილი, დრეკადი მილის მეშვეობით. ასევე ხანდახან საჭირო ხდება მაგნიტურ-რეზონანსული (MRI) ან კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) ჩატარება თავის, კისრის, გულმკერდის და ფარისებრი ჯირკვლის მიდამოში. შეიძლება საჭირო გახდეს საყლაპავის რენტგენოლოგიური გამოკვლევაც.
თუ მხოლოდ ცალმხრივია დამბლა, შესაძლებელია ოპერაციის ჩატარება და დაზიანებული სახმო იოგის საუკეთესო პოზიციაში გადატანა ნორმალური მეტყველების აღსადგენად. ოპერაცია შეიძლება მოიცავდეს რეგულირებადი მოწყობილობის მოთავსებას პარალიზებული იოგის ახლოს ან ნივთიერების შეყვანას პარალიზებულ იოგში, რათა იოგებმა შეძლონ ერთმანეთთან ახლოს მისვლა.
ორივე იოგის პარალიზებისას, სასუნთქი გზების ადეკვატური გახსნა გაძნელებულია. ტრაქეოსტომა (ქირურგიული გზით ხვრელის გაკეთება ტრაქეაში ყელიდან) შეიძლება გახდეს საჭირო. ტრაქეოსტომა არის მუდმივი ან გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როცა პაციენტს აქვს ზედა სასუნთქი გზების ინფექცია. სახმო იოგების მუდმივად განცალკევების მიზნით მიმართავენ არითენოიდექტომიას, ამ გზით სასუნთქი გზები მუდმივად გაფართოებულია. თუმცაღა პროცედურამ შეიძლება გააუარესოს ბგერების გამოცემის ხარისხი. არითენოიდექტომიაზე მეტად რეკომენდებულია ლაზერით ერთი ან ორივე სახმო იოგის ნაწილის ამოღება, რაც ეხმარება სასუნთქ გზებს გაფართოებაში. თუ პროცედურა სწორად იქნა ჩატარებული, ხმის ტემბრიც დამაკმაყოფილებელია და ტრაქეოსტომის ჩატარებაც არ ხდება საჭირო.