1. ხორხის სიმსივნე
  2. ცხვირისა და ყელის სიმსივნეები
  3. ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები
ხორხის სიმსივნე

პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს ხმის ჩახლეჩა ან შეშუპება კისრის მიდამოში, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება.

  • დიაგნოსტირებისთვის საჭიროა ბიოფსია;

  • პროგნოზი დამოკიდებულია სიმსივნის გავრცელებაზე;

  • მკურნალობა მოიცავს ქირურგიულ ჩარევას და სხივურ თერაპიას, ხანდახან მიმართავენ ქიმიოთერაპიასაც.

ხორხის სიმსივნე გავრცელებულია თავისა და კისრის მიდამოში, იგი უფრო ხშირია კაცებში, ვიდრე ქალებში. დაკავშირებულია თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებასთან.

სიმპტომები და დიაგნოზი

სიმსივნე ჩვეულებრივ ვრცელდება სახმო იოგებზე ან ახლომდებარე სტრუქტურებზე და ხშირად იწვევს ხმის ჩახლეჩას. თუ პაციენტს აქვს ხრინწიანი ხმა 2-3 კვირის მანძილზე, აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა. ხორხის სხვა მიდამოების სიმსივნისას გამოხატულია წონის კლება, ყელის ტკივილი, ყურის ტკივილი, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება ან ორივე ერთდროულად. თუმცაღა სხვა სიმპტომებზე ადრე შეიძლება გამოვლინდეს შეშუპება კისრის მიდამოში, რაც გამოწვეულია სიმსივნის გავრცელებით ლიმფურ კვანძებში (მეტასტაზები).

დიაგნოსტირებისთვის თავდაპირველად საჭიროა ხორხის დათვალიერება სარკით ან თხელი დრეკადი მილით (ლარინგოსკოპი) და მცირე ზომის ქსოვილის ამოღება მიკროსკოპით გამოსაკვლევად (ბიოფსია). ბიოფსია ტარდება საოპერაციო ოთახში ზოგადი ანესთეზიით. დროდადრო შესაძლებელია მისი ჩატარება ამბულატორიულადაც, ადგილობრივი გამაყუჩებლით. სიმსივნის დროს საჭირო ხდება კისრის მიდამოს კომპიუტერული ტომოგრაფია (CT), გულმკერდის რენტგენი ან გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია. შეიძლება დაინიშნოს პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფიაც (PET).

დაავადების სტადია და პროგნოზი

სტადიის ცოდნა ექიმს აძლევს საშუალებას, აღწეროს, როგორ პროგრესირდა სიმსივნე, მხედველობაში მიიღოს მისი ორივე მახასიათებელი – ზომაც და გავრცელებაც. სტადიის განსაზღვრა ეხმარება ექიმს, იხელმძღვანელოს მკურნალობაში და შეაფასოს პროგნოზი. ხორხის სიმსივნის სტადია დამოკიდებულია პირველადი სიმსივნის ზომასა და ლოკალიზაციაზე. კისრის ლიმფურ კვანძებში მეტასტაზების რაოდენობასა და ზომაზე, ასევე მეტასტაზების არსებობაზე სხეულის სხვა მიდამოში. I სტადია ყველაზე ნაკლებად პროგრესირებულია, ხოლო IV სტადია – ყველაზე მეტად.

რაც უფრო დიდი ზომისაა სიმსივნე და გავრცელებული, მით ცუდი პროგნოზია მოსალოდნელი. თუ იგი ჩაიზარდა კუნთებში, ძვალსა და ხრტილში, მკურნალობა ნაკლებად შესაძლებელი ხდება. პაციენტების 85-დან 95%-ში მცირე ზომის სიმსივნეებით, როდესაც არ არის მეტასტაზები გავრცელებული ორგანიზმში, სიცოცხლის ხანგრძლივობა 5 წელია. ხოლო მათში, ვისაც სიმსივნე გავრცელებული აქვს ლიმფურ კვანძებში, შანსი 50%-ზე ნაკლებია. თუ მეტასტაზები გვხვდება ლოკალურ ლიმფურ კვანძებს მიღმა, სიცოცხლის ხანგრძლივობა 2 წელზე ნაკლები ხდება.

მკურნალობა

მკურნალობა დამოკიდებულია სტადიასა და ლოკალიზაციაზე. ადრეული სტადიის სიმსივნისას შეიძლება გამოიყენონ ქირურგიული მეთოდი ან სხივური თერაპია. როგორც წესი, სხივური თერაპია მიმართულია არა მარტო სიმსივნის, არამედ ლიმფური კვანძების მიმართაც კისრის ორივე მხარეს, ვინაიდან, როგორც წესი, სიმსივნე ვრცელდება ლიმფურ კვანძებშიც. როდესაც სახმო იოგები ზიანდება, სხივური თერაპია შეიძლება უფრო ეფექტური იყოს, ვიდრე ქირურგიული ჩარევა, ვინაიდან ამ დროს უფრო ნორმალური ხმის შენარჩუნებაა შესაძლებელი. თუმცაღა ხორხის სიმსივნის ძალიან ადრეულ ეტაპზე ლაზერით მიკროქირურგია უზრუნველყოფს მკურნალობის ეფექტურობის იგივე მაჩვენებელს და ინარჩუნებს ხმასაც. ენდოსკოპის მეშვეობით ხორხის სიმსივნის მოშორება ძალიან პოპულარულია, ასევე მნიშვნელოვანი ალტერნატივაა დიდი ზომის სიმსივნეების შემთხვევაშიც.

¾ ინჩზე (2 სანტიმეტრი) დიდი ზომის სიმსივნეების და მეტასტაზებისას ძვლებსა და ხრტილში მიმართავენ კომბინირებულ მკურნალობას. ქირურგიული მიდგომისას, სრულად ან ნაწილობრივ ხდება ხორხის (ლარინიქსის) და სახმო იოგები (ნაწილობრივი ან ტოტალური ლარინგექტომია) ამოღება, რომელსაც მოჰყვება სხივური თერაპია. სხივური თერაპია, როგორც წესი, პირველი რიგის მკურნალობას წარმოადგენს ქიმიოთერაპიასთან ერთად გართულებული ხორხის სიმსივნეებისას. პროცედურა ითვალისწინებს მკურნალობას, რომელიც ოპერაციის ეკვივალენტურია, ასევე კომბინირებულ დასხივებას. ხმა ნარჩუნდება პაციენტების დიდ ნაწილში. თუმცაღა ქირურგიული ჩარევა შეიძლება მაინც გახდეს საჭირო სიმსივნის მოსაცილებლად, რომელიც რჩება მკურნალობის შემდეგაც. თუ სიმსივნე ძალიან გავრცელებულია, ქირურგიული ჩარევის ან სხივური თერაპიისთვის, მიმართავენ ქიმიოთერაპიას, რომელმაც შეიძლება შეამციროს ტკივილი და სიმსივნის ზომა, მაგრამ არ უზრუნველყოფს განკურნებას.

მკურნალობას პრაქტიკულად ყოველთვის ახლავს მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები. ქირურგიული ჩარევა ხშირად გავლენას ახდენს ყლაპვასა და საუბარზე. ასეთ შემთხვევებში მნიშვნელოვანია რეაბილიტაცია. ენდოსკოპის გამოყენება სიმსივნის ამოსაკვეთად ამცირებს გვერდით ეფექტებს ყლაპვის და საუბრისას ქირურგიულ მიდგომასთან შედარებით, რომლის დროსაც კეთდება განაკვეთი კისრის წინა ნაწილზე. არსებობს სხვადასხვა მეთოდი, რომლებიც აძლევს პაციენტს საშუალებას, სახმო იოგების გარეშე იმეტყველოს. ხშირად სასურველი ეფექტიც დგება. რეკონსტრუქციული ქირურგიისას მიმართვენ კონკრეტული ქსოვილის მოცილებას. სხივურმა თერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს კანზე ცვლილებები (მაგალითად ანთება, ქავილი და თმის ცვენა), დანაწიბურება, მადის დაკარგვა, მშრალი პირი და ხანდახან – ნორმალური ქსოვილის დესტრუქცია. სხივური თერაპია ზემოქმედებას ახდენს ასევე კბილებზე, ამიტომ მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა სტომატოლოგიური პრობლემის მოგვარება და არაჯანსაღი კბილის ამოღება, წინააღმდეგ შემთხვევაში რადიაცია გააუარესებს კბილებთან დაკავშირებულ პრობლემებს და მწვავე ინფექციის განვითარებას გამოიწვევს. ასევე ქიმიოთერაპია, გამოყენებული წამლის შესაბამისად, როგორც წესი, იწვევს ბევრ გვერდით ეფექტს. მათ მიეკუთვნება: გულისრევა, ღებინება, სმენის დაკარგვა და ინფექცია.