ცხვირ-ხახის სიმსივნე | მკურნალი.გე
  1. ცხვირ-ხახის სიმსივნე
  2. ცხვირისა და ყელის სიმსივნეები
  3. ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები
ცხვირ-ხახის სიმსივნე

  • პაციენტებს ხშირად აქვთ დაგუბების შეგრძნება ან ტკივილი ყურებში, ასევე შესაძლებელია სმენის დაქვეითება;

  • დიაგნოსტირებისთვის აუცილებელია ბიოფსია და ინსტრუმენტული კვლევები სიმსივნის სტადიის დასადგენად;

  • მკურნალობა მოიცავს სხივურ თერაპიას, ქიმიოთერაპიას და ხანდახან ქირიურგიულ მკურნალობასაც.

ცხვირის გასავლების და ხახის სიმსივნე შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკოვან ჯგუფში. იშვიათია ჩრდილოეთ ამერიკაში, ხოლო აზიაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია. ეს სიმსივნე ასევე ხშირია ჩრდილო ამერიკაში ემიგრირებულ ჩინელებში სხვა ამერიკელებთან შედარებით. იგი უფრო იშვიათად გვხვდება ამერიკაში დაბადებულ ჩინელებში, ვიდრე მათ იმიგრანტ მშობლებსა და ბებია-ბაბუებში.

ეპშტეინ-ბარის ვირუსი, რომელიც იწვევს ინფექციურ მონონუკლეოზს, რისკ-ფაქტორია ცხვირ-ხახის სიმსივნის განვითარებისათვის. არსებობს ასევე გენეტიკური წინასწარგანწყობა. გარდა ამისა, ბავშვებსა და მოზარდებში, რომლებიც იღებენ დიდი რაოდენობით მარილიან (დაკონსერვებულ) თევზს (განსაკუთრებით პაციენტებში – ვიტამინების დეფიციტით), უფრო მეტად ვითარდება ნაზოფარინგეალური სიმსივნეები.

ხშირად პირველი სიმპტომია ცხვირის ან ევსტაქის მილის ბლოკადა, რომელიც იწვევს სისავსის ან ტკივილის შეგრძნებას ყურში და შეიძლება მიმდინარეობდეს სმენის დაკარგვით, განსაკუთრებით – ცალ ყურში. თუ ევსტაქის მილი ბლოკირებულია, სითხე აკუმულირდება შუა ყურში. პაციენტს შეიძლება ასევე აღენიშნოს ჩირქოვანი და სისხლიანი გამონადენი ცხვირიდან, შეშუპებული ლიმფური ჯირკვლები და სისხლდენები. იშვიათად სახის ნაწილი ან თვალი პარალიზდება. ხშირად სიმსივნე ვრცელდება კისრის ლიმფურ კვანძებში.

სიმსივნის დიაგნოსტირება ხდება ბიოფსიით, რომლის დროსაც ხდება ქსოვილის ნიმუშის ამოღება და გამოკვლევა მიკროსკოპის ქვეშ. ასევე სიმსივნის სტადიის შესაფასებლად მიმართავენ კომპიუტერულ ტომოგრაფიას (CT) და მაგნიტურ-რეზონანსულ გამოკვლევას (MRI) თავის და კისრის მიდამოში. მნიშვნელოვანია პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფიაც (PET) სტადიის დასადგენად.

სიმსივნის სამკურნალოდ მიმართავენ სხივურ და ქიმიოთერაპიას. თუ სიმსივნე დიდი ზომისაა ან პროცესი ხანგრძლივია, საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა, მიუხედავად იმისა, რომ სიმსივნე ხშირად არ ემორჩილება ქირურგიულ მკურნალობას. საერთო ჯამში, პაციენტების 35% ცოცხლობს დიაგნოსტირებიდან 5 წელი. მკურნალობის ადრეული დაწყება უკეთესი პროგნოზის მაჩვენებელია.