თვალბუდე ძვლოვანი ღრუა, რომელშიც თვალის კაკალი, კუნთები, ნერვები და სისხლძარღვებია მოთავსებული, ცრემლის წარმომქმნელ და გამტარ აპარატთან ერთად. თითოეულ თვალბუდეს მსხლის ფორმა აქვს და ისინი რამდენიმე ძვლისგან იქმნება.
თვალის გარეთა, თეთრი გარსი ანუ სკლერა შედარებით მაგარია. თვალის წინა მხარეს სკლერა თხელი ლორწოვანი გარსით, კონიუნქტივითაა დაფარული, რომელიც რქოვანას კიდემდე ვრცელდება და ქუთუთოების შიგნითა, ნოტიო ზედაპირსაც ფარავს.
სინათლის სხივი თვალში რქოვანას ანუ კაკლის წინა მხარეს არსებული გამჭვირვალე გუმბათის გავლით შედის. მისი ფუნქციაა, დაფაროს და დაიცვას თვალის კაკლის წინა ზედაპირი და, ამასთანავე, იგი მონაწილეობს სინათლის სხივის ბადურაზე ფოკუსირებაშიც. რქოვანაში გავლის შემდეგ სხივი გადის გუგაში, ირისის ცენტრში არსებულ შავ წერტილში, რომელიც სინამდვილეში ხვრელია. ირისი თვალის ფერადი, მრგვალი ფორმის გარსია და იგი თვალში შესული სინათლის რაოდენობას არეგულირებს: მისი მეშვეობით გუგა ფართოვდება (დილატაცია) და ვიწროვდება (კონსტრიქცია), როგორც ფოტოკამერის დიაფრაგმა. სიბნელეში ირისი უზრუნველყოფს მეტი სინათლის შესვლას თვალში, კაშკაშა სინათლეში კი – პირიქით, ნაკლებს უშვებს. გუგის ზომა მისი სფინქტერისა და გამაფართოებელი კუნთის მეშვეობით რეგულირდება.
ფერადი გარსის უკან ბროლია მოთავსებული, რომლის ფორმის ცვლილებითაც სინათლის სხივი ბადურაზე ფოკუსირდება. პატარა კუნთების (წამწამოვანი კუნთების) მეშვეობით ბროლი სქელდება ახლოს მდებარე საგნებზე მზერის ფოკუსირებისას და თხელდება – შორს ყურებისას.
ბადურა შედგება უჯრედებისგან, რომლებიც გრძნობენ სინათლეს (ფოტორეცეპტორები) და სისხლძარღვებისგან, რომლებიც მათ კვებავენ. ბადურას ყველაზე მგრძნობიარე ნაწილზე, ყვითელ ხალზე მილიონობით მჭიდროდ განლაგებული ფოტორეცეპტორია მოთავსებული. მათი ასეთი სიმჭიდროვის წყალობით ყვითელ ხალზე საგნების დეტალური გამოსახულება წარმოიქმნება, ისევე, როგორც მაღალი გარჩევადობის ფოტოფირზე, რომელსაც მჭიდრო მარცვლოვანება ახასიათებს. თითოეული ფოტორეცეპტორი ნერვულ ბოჭკოსთანაა დაკავშირებული. ეს ბოჭკოები კი შემდეგ ერთიანდება და მხედველობის ნერვს ქმნის. ოპტიკური დისკო ნერვის დასაწყისი ნაწილია და თვალის უკანა ნაწილში მდებარეობს. ბადურას ფოტორეცეპტორები გარემოს გამოსახულებას ელექტრულ იმპულსებად გარდაქმნიან, რომლებიც მხედველობის ნერვს თავის ტვინში მიაქვს.
ფოტორეცეპტორების ორი ძირითადი სახე არსებობს: კოლბები და ჩხირები. კოლბები ძირითადად ყვითელი ხალის მიდამოშია განთავსებული და პასუხისმგებელია მკვეთრ, დეტალურ, ცენტრალურ მხედველობასა და ფერების გარჩევაზე. ჩხირები ღამის და პერიფერიულ (გვერდით) მხედველობას უზრუნველყოფენ. ჩხირები ბევრად მეტია რაოდენობით და სინათლისადმი უფრო მგრძნობიარენიც არიან, მაგრამ ვერ "არჩევენ" ფერებს. ისინი ძირითადად ბადურას პერიფერიულ ნაწილშია განლაგებული და კოლბებისგან განსხვავებით არ შეაქვთ წვლილი ცენტრალურ, მკვეთრ მხედველობაში.
თვალის კაკალი ორ ნაწილადაა გაყოფილი და მათგან თითოეული სითხითაა ამოვსებული. წინა ნაწილი (წინა სივრცე) მოთავსებულია ბადურას შიგნითა ზედაპირიდან ბროლის წინა ზედაპირამდე. მასში არსებულ სითხეს წყალწყალა ნამი ეწოდება და იგი ქსოვილებს კვებავს. უკანა ნაწილი (უკანა სივრცე) ბროლის უკანა ზედაპირიდან ბადურამდე ვრცელდება და შეიცავს ჟელესმაგვარ სითხეს – მინისებრ სხეულს. ეს ორი სახის სითხე ავსებს თვალის კაკალს და წარმოქმნილი წნევა უნარჩუნებს მას ფორმას.
თვალის კაკლის წინა სივრცე, თავის მხრივ, ორ ნაწილად იყოფა. წინა საკანი რქოვანასა და ფერად გარსს შორისაა მოთავსებული, უკანა საკანი კი – ფერად გარსსა და ბროლს შორის. ნორმაში წყალწყალა ნამი უკანა საკანში წარმოიქმნება, ნელა გადაედინება წინა საკანში გუგის გავლით და თვალის კაკალს ტოვებს სპეციალური სადრენაჟო არხებით, რომლებიც ფერადი გარსისა და რქოვანას საზღვარზეა მოთავსებული.