დამცველობითი თავისებურებები | მკურნალი.გე
  1. დამცველობითი თავისებურებები
  2. თვალის ბიოლოგია
  3. მხედველობის სისტემის დაავადებები
დამცველობითი თავისებურებები

თვალბუდის ძვლოვანი სტრუქტურები თვალის ზედაპირზე უფრო მეტადაა წინ წამოწეული, რითაც იცავენ თვალს და ამასთანავე, საშუალებას აძლევენ, თავისუფლად იმოძრაოს მათ მიერ შექმნილ ფართო რკალში.

წამწამები თმის მოკლე და მაგარი ღერებია, რომლებიც ქუთუთოს კიდეზე იზრდება. ზედა ქუთუთოს წამწამები უფრო გრძელია და ზევითაა აპრეხილი, ქვედა წამწამები კი ქვევითაა მიმართული. წამწამები თვალს იცავენ შიგნით მწერების ან უცხო ნაწილაკების მოხვედრისგან, ისინი ფიზიკურ ბარიერს ქმნიან და, ასევე, იწვევენ რეფლექსურ ხამხამს უმცირეს გაღიზიანებაზეც კი.

ზედა და ქვედა ქუთუთოები თვალის მფარავ თხელ კანს ეწოდება. ისინი რეფლექსურად იხუჭება (დახამხამება), რათა შექმნან ფიზიკური ბარიერი და დაიცვან თვალი უცხო სხეულების, ქარის, მტვრის, მწერებისა და ძალიან კაშკაშა სინათლისგან. რეფლექსს იწვევს მოახლოებული საგნის დანახვა, თვალის ზედაპირზე საგნის შეხება ან წამწამებზე ქარის, მცირე ნაწილაკების, მაგ. მტვრის ან მწერების მოხვედრა. ქუთუთოს შიგნითა, ნოტიო ზედაპირის მფარავი კონიუნქტივა პირდაპირ თვალის კაკლის წინა ზედაპირზე გრძელდება, რქოვანას კიდემდე. კონიუნქტივის ფუნქცია მის ქვეშ მდებარე მგრძნობიარე ქსოვილების დაცვაა.

დახამხამების დროს წარმოქმნილ ცრემლს ქუთუთოები თვალის კაკლის ზედაპირზე ანაწილებენ. ცრემლი მარილიანი სითხეა, რომელიც მუდმივად ასველებს თვალის ზედაპირს, რათა იგი ნოტიო იყოს. ცრემლის ფუნქციაა ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების მიწოდებაც რქოვანასთვის, რადგან მას საკუთარი სისხლძარღვები არ გააჩნია სხვა ქსოვილებისგან განსხვავებით. დახურული ქუთუთოების ქვეშ არსებული სითხე თვალის ზედაპირზე რჩება განაწილებული. ზედა და ქვედა ქუთუთოების კიდეებზე არსებული პატარა ჯირკვლები ცხიმოვან ნივთიერებას გამოყოფს, რომელიც ხელს უწყობს ცრემლის გარსის შექმნას და არ აძლევს საშუალებას ცრემლებს – აორთქლდნენ. ცრემლი თვალის ზედაპირს სინოტივეს უნარჩუნებს. ამის გარეშე რქოვანა, რომელიც ნორმაში გამჭვირვალეა, შეიძლება გამოშრეს, დაზიანდეს, ინფიცირდეს და გაუმჭვირვალე გახდეს. ცრემლის მეშვეობით თვალში მოხვედრილი მცირე ნაწილაკები ჩამოირეცხება ზედაპირიდან. ამასთანავე, იგი მდიდარია ანტისხეულებით, რომლებიც ინფექციის განვითარებას უშლის ხელს. ქუთუთოები და ცრემლის გარსი იცავენ თვალებს და, ამავდროულად, არ უშლიან ხელს მათში სინათლის სხივების შესვლას.

საცრემლე ჯირკვლები თითოეული თვალის ზედა, გარეთა კუთხეშია მოთავსებული. ისინი ცრემლის წყალწყალა, უფრო თხევად ნაწილს წარმოქმნიან. კონიუნქტივის ლორწოვანი ჯირკვლები ლორწოს გამოყოფენ, რომელიც თხევად ცრემლს ერევა და უფრო კარგ დამცავ გარსს ქმნის. თითოეულ თვალში წარმოქმნილი ცრემლი ცხვირში ჩაედინება შესაბამისი ცხვირ-ცრემლის არხით. ზედა და ქვედა ქუთუთოების კიდეზე, ცხვირთან ახლოს, საცრემლე წერტილებია მოთავსებული, ხვრელები, რომლითაც ცრემლი არხებში გადაედინება.