1. სიმპტომები (თვალის დაავადებათა სიმპტომები და დიაგნოსტიკა)
  2. თვალის დაავადებათა სიმპტომები და დიაგნოსტიკა
  3. მხედველობის სისტემის დაავადებები
სიმპტომები (თვალის დაავადებათა სიმპტომები და დიაგნოსტიკა)

მხედველობის დარღვევა

მხედველობის ცვლილებები შეიძლება გამოიხატოს მხედველობის დაქვეითებით ან დარღვევით. ადამიანები ამ პრობლემებს აღწერენ ხოლმე, როგორც მხედველობის დაბინდვას.

მხედველობის დაკარგვა

მხედველობის დაკარგვა ნიშნავს ნაწილობრივ ან სრულ სიბრმავეს. ამ დროს პაციენტი შეიძლება ვერაფერს ხედავდეს ან არჩევდეს სინათლესა და სიბნელეს, ბუნდოვან ფორმებს. ამ დარღვევამ შესაძლოა მხედველობის ველი მთლიანად ან ნაწილობრივ, ერთი ან ორივე თვალი მოიცვას, იყოს უეცარი ან თანდათანობითი, დროებითი ან მუდმივი. მხედველობის უეცრად დაკარგვას, როგორც წესი, მაშინვე ამჩნევენ ადამიანები. ამისგან განსხვავებით, თანდათანობითი დაქვეითება შესაძლოა რაღაც პერიოდი ვერც იგრძნონ და ვერ გაიგონ, ალბათ მანამ, სანამ ავტოავარიის ან რაიმე შემთხვევის გამო მხედველობის ძირეული გამოკვლევა არ გახდება საჭირო.

მხედველობა სრულად შეიძლება ერთ ან ორივე თვალში დაიკარგოს. ამის ხშირი მიზეზებია: ბადურას მკვებავი სისხლძარღვის დახშობა, შაქრიანი დიაბეტი, მხედველობის ნერვის დამაზიანებელი დაავადებები, გლაუკომა, კატარაქტა, მაკულარული დეგენერაცია, ტრავმა და მსოფლიოს ზოგ ნაწილში – ინფექციები. ზოგჯერ მხედველობის სრული ან ნაწილობრივი დაკარგვა დროებითია. ამის მიზეზი შეიძლება იყოს გარდამავალი იშემიური შეტევა (ზოგჯერ მას მიკროინსულტსაც უწოდებენ).

სიბრმავე ზოგჯერ მხედველობის ველის მხოლოდ ნაწილს მოიცავს (ე.წ. მხედველობის ველის გამოვარდნა). მაგალითად, ინსულტმა ან სიმსივნემ, რომელიც თავის ტვინის მარცხენა ნახევარს აზიანებს, შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის სრული ან ნაწილობრივი დაკარგვა თითოეული თვალის მარჯვენა მხარეს (მხედველობა ორივე თვალის მარცხენა მხარეს შენარჩუნებულია). ზოგ შემთხვევაში ასევე შეიძლება გამოვარდეს მხედველობის ველის გარეთა ნახევარი ორივე თვალში (შიგნითა მხარეს მხედველობა შენარჩუნებულია ორივე თვალში). ასეთ მდგომარეობას იწვევს სიმსივნე ან ანევრიზმა, რომელიც მდებარეობს ჰიპოფიზთან ახლოს (ეს ჯირკვალი ტვინის ქვეშ, მხედველობის ჯვარედინის უკანაა მოთავსებული).

ზოგჯერ მხედველობა ველის ცენტრალურ ნაწილში იკარგება, მაგრამ გვერდითი ანუ პერიფერიული მხედველობა შენარჩუნებულია (ეს პაციენტები ალმაცერად, თვალის კუთხიდან გახედვისას კვლავ ხედავენ). ასეთ დარღვევას მაკულარული დეგენერაცია და ზოგი დაავადება იწვევს, რომელიც მხედველობის ნერვს აზიანებს. მხედველობის ველის უფრო პატარა, არათანაბარი უბნები შეიძლება გამოვარდეს ბადურას დაზიანებისას, მაგ. დიაბეტური რეტინოპათიის, ჰიპერტენზიული რეტინოპათიის, ბადურას ჩამოცლის დროს. პერიფერიული მხედველობის დაკარგვა ყველა მიმართულებით, როცა ველის მხოლოდ ცენტრალურ ნაწილშია თვალის ჩინი შენარჩუნებული (გვირაბული მხედველობა) გლაუკომასა და ბადურას ზოგ დაავადებას (მაგ. პიგმენტურ რეტინიტს) ახასიათებს.

მხედველობის დაკარგვის მიზეზის დადგენა შეიძლება პაციენტის სიმპტომების მიხედვით და გამოკვლევის მეშვეობით, რაც, როგორც წესი, მოიცავს რეფრაქციის, მხედველობის ველის კვლევას, ოფთალმოსკოპიას, ბიომიკროსკოპით გამოკვლევასა და ტონომეტრიას. იმის მიხედვით, თუ რა დაავადებაზე აქვს ეჭვი ექიმს, დამატებითი კვლევებიც შეიძლება დაინიშნოს.

საჭიროა მხედველობის დაკარგვის მიზეზის მკურნალობა, თუმცა, ზოგჯერ შეიძლება საერთოდ არ არსებობდეს მკურნალობის ეფექტური საშუალება.

მხედველობის დარღვევა

მხედველობის დარღვევის დროს ადამიანი ვერ ხედავს გარკვევით და მკვეთრად. ამის მიზეზი შეიძლება იყოს: არასწორი ფოკუსირება რეფრაქციის დარღვევის გამო, სიღრმის აღქმის დარღვევა, მხედველობის გაორება, კაშკაში ან ორეოლი (სინათლის რგოლი), მცურავი წერტილები ან მბრწყინავი სინათლის შეგრძნება. ამ ჯგუფში ასევე შედის ფერების სიბრმავე.

რეფრაქციის დარღვევა: რეფრაქციის დარღვევის დროს თვალში გამოსახულება ზუსტად ბადურაზე ვერ ფოკუსირდება, ამის გამო ადამიანი დაბურულად ხედავს. რეფრაქციის დარღვევების მიზეზი ხშირად შეუსაბამობაა რქოვანას ან ბროლის გარდამტეხ ძალასა და თვალის სიგრძეს შორის. ამის გამოა, რომ საგნის გამოსახულება ბადურაზე ცოტა წინ ან უკან ფოკუსირდება. თუ მხოლოდ შორს მდებარე საგნებს ხედავს დაბურულად, ადამიანი ახლომხედველია (მიოპია). თუ მხოლოდ ახლოს მდებარე საგნები ჩანს არამკვეთრად, ადამიანი შორსმხედველია (ჰიპეროპია). მიოპიისა და ჰიპეროპიის დროს საგნები მთელ მხედველობის ველში არამკვეთრად ჩანს და დაბურულობის ხარისხი დამოკიდებულია მანძილზე საგანსა და თვალს შორის. შუახნის ასაკში ადამიანთა უმრავლესობას, მათაც კი, ვისაც ადრე საუკეთესო მხედველობა ჰქონდა, ახლომდებარე საგნების მკვეთრად დანახვა უჭირს, რასაც პრესბიოპია ეწოდება.

რეფრაქციის დარღვევის კიდევ ერთი სახეა ასტიგმატიზმი. იგი მაშინ ვითარდება, როცა რქოვანას ზედაპირი უსწოროდ, არათანაბრადაა ამოდრეკილი. ამის გამო, მაგალითად, ჰორიზონტალურ ხაზებზე კარგად ფოკუსირებისას ვერტიკალური ხაზები შესაძლოა არამკვეთრად ჩანდეს. ეს არათანაბარი ამოდრეკა ნებისმიერი მიმართულებისა შეიძლება იყოს და განსხვავებული – სხვადასხვა თვალში. ასტიგმატიზმი ახლომხედველობასთან ან შორსმხედველობასთან ერთად შეიძლება ჰქონდეს ადამიანს.

რეფრაქციის დარღვევებს მაკორეგირებელი ლინზებითა (სათვალით ან კონტაქტური ლინზებით) და რეფრაქციული ქირურგიით მკურნალობენ, მაგ. ლაზერული კერატომილეზით (შI). ზოგჯერ ორი სხვადასხვანაირი მაკორეგირებელი ლინზის გამოყენებაა საჭირო (მაგალითად, ერთი შორს მდებარე საგნების დასანახად და მეორე – ახლომდებარესთვის, როგორც ბიფოკალური სათვალის შემთხვევაშია). მხედველობის რეფრაქციული დარღვევით გამოწვეული დაბურვა, როგორც წესი, სრულად სწორდება.

სიღრმის აღქმის დარღვევა: სიღრმის აღქმა გულისხმობს სივრცეში საგნების ურთიერთმდებარეობის განსაზღვრის უნარს. ადამიანებს, ვისაც ეს დარღვეული აქვთ, უჭირთ, გაარჩიონ, რომელი საგანია უფრო ახლოს.

ბადურა ფოტოკამერის ფირივით ორგანზომილებიანი ზედაპირია, შესაბამისად, მას მხოლოდ ორგანზომილებიანი გამოსახულების წარმოქმნა შეუძლია. ტვინი ორივე თვალიდან მიღებულ ორგანზომილებიან გამოსახულებებს აანალიზებს, შეაჯამებს და სამგანზომილებიანი სივრცის შეგრძნებას ქმნის (სტერეომხედველობა). სტერეომხედველობის მეშვეობით ადამიანები სიღრმეს გაუცნობიერებლად აღიქვამენ. ისეთი მდგომარეობების დროს, როცა თვალები სწორად არ არის განლაგებული (მაგ. სტრაბიზმის – სიელმის), სტერეომხედველობაც ირღვევა.

თუმცაღა, სტერეო მხედველობისგან განსხვავებით, "მინიშნებები" სიღრმის შესახებ ცალმა თვალმაც შეიძლება აღიქვას, მათ შორისაა: საგნების შეფარდებითი ზომა, ურთიერთგადაფარვა, შეფარდებითი მოძრაობა, მოძრაობითი პარალაქსი, დაბურულობა და ტექსტურა. მაგალითად, თუკი მანქანა უფრო დიდი ზომის ჩანს, გადაფარავს მეორეს ან მხედველობის ველში უფრო სწრაფად მოძრაობს, ესე იგი, ის უფრო ახლოსაა. მოძრაობითი პარალაქსი გულისხმობს ფენომენს, რომლის დროსაც თავის აქეთ-იქით მოძრაობისას ახლოს მდებარე საგნები თითქოს უფრო სწრაფად და დიდ მანძილზე მოძრაობს. შორს არსებული საგნები უფრო დაბურული ჩანს (ატმოსფეროს გამო) და მათი ზედაპირის ტექსტურა ნაკლებად მკვეთრია. სიღრმის აღქმაში ამ "მინიშნებების" უმრავლესობის გამოსაყენებლად საჭიროა საგნების ჩვეული ზომისა და შესახედაობის ცოდნა.

მხედველობის გაორება (დიპლოპია): მხედველობის გაორება ერთი საგნის ორად დანახვას ნიშნავს. ეს თითქმის ყოველთვის მაშინ ხდება, როცა ორივე თვალი გახელილია. გაორების ამ სახის მიზეზი, როგორც წესი, თვალების არასწორი განლაგებაა, რასაც ხშირად მათი მამოძრავებელი ერთი ან რამდენიმე კუნთის (ან ნერვის) სისუსტე იწვევს. ამ სისუსტის შედეგია სიელმეც (სტრაბიზმი). სხვა მიზეზებიდან აღსანიშნავია: დაღლილობა, ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, მრავლობითი სკლეროზი და ტრავმა. მხედველობის გაორების უეცრად განვითარება შესაძლოა თავის ტვინის ან ნერვული სისტემის მძიმე დაავადების ნიშანი იყოს, მაგ. სიმსივნის, ანევრიზმის ან ინსულტის. იშვიათად, მხედველობის გაორება მაშინ აქვს ადამიანს, როცა მხოლოდ ცალი თვალია გახელილი. ამის მიზეზებია კატარაქტა, არასწორი ასტიგმატიზმი, თვალის ბროლის გადანაცვლება და ბადურას ჩამოცლა.

ექიმი შეამოწმებს, მხედველობის გაორება ცალი თვალის გახელისას ვითარდება (რაც შესაბამისი თვალის დაზიანებაზე მიანიშნებს) თუ მაშინ, როცა ორივე ღიაა (ეს თვალების მოძრაობის პრობლემის მანიშნებელია). თუკი გაორება ორივე თვალის გახელისას აწუხებს ადამიანს, ექიმი დააკვირდება, რამდენად კარგად ამოძრავებენ შესაბამისი კუნთები თვალებს. იგი პაციენტს სთხოვს, ორივე თვალით გაიხედოს სათითაოდ ყველა მიმართულებით, თავის გამოძრავების გარეშე. ოფთალმოლოგმა შესაძლოა ცალი თვალი წითელი ლინზით დაუფაროს პაციენტს ან პრიზმები გამოიყენოს, რათა ზუსტად დაადგინოს თვალის მამოძრავებელი კუნთების სისუსტე.

მკურნალობა მხედველობის გაორების მიზეზის მიხედვით ინიშნება.

კაშკაში და ორეოლი: ზოგ ადამიანს კაშკაშის შეგრძნება ("ვარსკვლავის კაშკაში") აწუხებს ან ორეოლებს, შარავანდედის მსგავს რგოლებს ხედავს მკვეთრი სინათლის წყაროს გარშემო, განსაკუთრებით კი ღამით, მანქანის მართვის დროს. ასეთი სიმპტომები უფრო ხშირად აღენიშნებათ მოხუცებს, რეფრაქციული ქირურგიის ზოგიერთი პროცედურის შემდეგ ან კატარაქტის ზოგი სახეობის მქონეებს. კაშკაში და ორეოლები გუგების ძლიერი გაფართოების დროსაც აწუხებთ ადამიანებს (მაგალითად, გამოკვლევისთვის თვალში წამლის ჩაწვეთების შემდეგ). გუგის ძლიერ გაფართოების დროს სინათლის სხივები ბროლის კიდურა ნაწილის გავლითაც შედის თვალში, რომლებიც ცენტრალური უბნისგან განსხვავებულად გარდატეხენ მათ, რაც კაშკაშის შეგრძნებას იწვევს.

ექიმი ასეთი ჩივილების მქონე პაციენტის თვალებს გამოიკვლევს. ზოგჯერ სიმპტომების შემსუბუქება მიზეზის მკურნალობითაა შესაძლებელი (მაგ. კატარაქტის). სხვა შემთხვევაში საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა, მაგ. ღამით ან გამოკვლევისთვის თვალში წამლის ჩაწვეთების შემდეგ მანქანის მართვისგან თავის შეკავება. ეს ადამიანები ასევე უნდა მოერიდონ წინიდან მომავალი ავტომობილის ანთებული ფარებისთვის პირდაპირ შეხედვას.

ღამის სიბრმავე: ხანში შესულებს ხშირად უჭირთ დანახვა ცუდი განათების პირობებში. ამას ზოგჯერ ღამის სიბრმავეს უწოდებენ. ყველაზე ხშირად ამ დარღვევის მიზეზი კატარაქტაა, თუმცა, იგი ასევე შეიძლება ახასიათებდეს ბადურას დეგენერაციის ზოგ ფორმას, მაგ. პიგმენტურ რეტინიტს. უფროს ასაკში გუგები უფრო ნელა ფართოვდება და უფრო დიდი დროა საჭირო ცუდ განათებასთან შესაგუებლად. თვალის გამოკვლევისას ექიმი უნდა ეცადოს, დაადგინოს, კატარაქტა ხომ არ აქვს პაციენტს და ასევე, ჩაატაროს ოფთალმოსკოპია. მკურნალობა მიზეზის აღმოფხვრისკენაა მიმართული. უსაფრთხოების მიზნით უმჯობესია სახლში უკეთესი განათების დაყენება, განსაკუთრებით კი სამზარეულოში, კიბეებსა და ისეთ ადგილებში, სადაც ადვილად შეიძლება დაეცეს ადამიანი.

მბრწყინავი სინათლე: ზოგჯერ პაციენტებს აქვთ შეგრძნება, რომ ხედავენ სინათლის გაბრწყინებას, ციმციმს ან კაშკაშა ზოლებს. ამას ყველაზე ხშირად თვალის უკანა სივრცის ამავსებელი ნივთიერების, მინისებრი სხეულის გადაადგილება, უფრო იშვიათად კი ბადურას ჩამოცლა და შაკიკი იწვევს. შაკიკის შეტევის დაწყებამდე ზოგი ადამიანი ხედავს ტეხილ, ზიგზაგისებურ, კაშკაშა, მბრწყინავ ხაზებს. მბრწყინავი სინათლის შეგრძნება შესაძლოა კეფის ძლიერად დარტყმის დროსაც გაუჩნდეს ადამიანს (ამაზე ამბობენ "ნაპერწკლები წამოსცვივდა" ან "თვალებში გაუნათდა"), ალბათ იმიტომ, რომ ღიზიანდება თავის ტვინის ის ნაწილი, სადაც მხედველობითი სიგნალები ანალიზდება. თვალის გამოკვლევისას ექიმმა ოფთალმოსკოპია უნდა ჩაატაროს. ბადურის ჩამოცლას ან შაკიკს მკურნალობენ. სხვა შემთხვევაში ჩარევა შესაძლოა საჭირო არც იყოს.

მცურავი წერტილები: მცურავი წერტილები (მცურავები) მუქი ნაწილაკებია, რომლებიც თითქოს თვალწინ დაცურავენ. ისინი სინამდვილეში მინისებრი სხეულის შემადგენელი, სწრაფად ან ნელა მოძრავი მიკროსკოპული ბოჭკოებია. მცურავები ასაკის მატებასთან ერთად უფრო და უფრო ხშირდება. ისინი იშვიათად არღვევენ მხედველობას და ზოგადად, მათი არსებობა ნორმად ითვლება. თუმცაღა, მცურავების რიცხვის უეცარი ზრდა (განსაკუთრებით თუ ამას ახლავს მბრწყინავი სინათლის შეგრძნება) შესაძლოა სერიოზული პრობლემის, მაგ. ბადურას ჩამოცლის ნიშანი იყოს. ამ სიმპტომების მქონე ადამიანი სასწრაფოდ უნდა გასინჯოს ოფთალმოლოგმა. ბადურას ჩამოცლის შემთხვევაში შესაბამისი მკურნალობა ინიშნება.

ფერების სიბრმავე: ფერების სიბრმავის (დისქრომატოპსიის) მქონე ადამიანები ზოგიერთ ფერს ვერ არჩევენ ან მათ უფრო განსხვავებულ ტონალობად აღიქვამენ, ვიდრე ნორმალური ფერადი მხედველობის დროს აღიქმება. მაგალითად, ფერების სიბრმავის ყველაზე ხშირი სახეა სიბრმავე წითელსა და მწვანეზე, რომლის დროსაც ადამიანებს უჭირთ, გაარჩიონ მუქი ან პასტელის მწვანე და წითელი, ან ორივე. ხშირად ეს ცვლილება შეუმჩნეველია და ბევრმა ადამიანმა არც იცის, რომ ფერების სიბრმავე აქვს. ამ დარღვევის არსებობაზე მაშინ ტარდება გამოკვლევა, თუ ოჯახში ვინმეს აქვს იგი ან ექიმს ეჭვი შეაქვს ბადურიდან თავის ტვინში იმპულსების წამღები ნერვის (მხედველობის ნერვის) რაიმე დაავადებაზე. ფერების სიბრმავე არ იკურნება. წითელსა და მწვანეზე სიბრმავის მქონე ადამიანებმა შუქნიშანზე სამოძრაოდ ფერების ნაცვლად სხვა ნიშნები უნდა გამოიყენონ.

თვალების გარეგნული ცვლილებები

თვალების გარეგნული ცვლილებებიდან ყველაზე ხშირი სიწითლეა. მას უფრო მეტად ქუთუთოების შიგნითა ზედაპირის თხელ გარსში (კონიუნქტივაში) არსებული სისხლძარღვების გაფართოება იწვევს. სიწითლის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს სხვა სისხლძარღვების დილატაციაც, მათ შორის – თვალის თეთრი გარსის (სკლერის), სკლერისა და კონიუნქტივის დამაკავშირებელი შემაერთებელქსოვილოვანი გარსის (ეპისკლერის), ან თვალის მრგვალი, ფერადი გარსის (ირისის) და მისი მეზობელი სტრუქტურების (სისხლძარღვოვანი გარსი) სისხლძარღვებისა. მათ გაფართოებას ანთება იწვევს, რასაც, თავის მხრივ, მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს.

კონიუნქტივის სისხლმილების დილატაცია ბევრმა მდგომარებამ შეიძლება გამოიწვიოს, მათ შორის დაღლილობამ, ალერგიამ, ინფექციამ, რქოვანას ნაკაწრმა ან წყლულმა და თვალში არსებულმა უცხო სხეულმა.

სკლერის, ეპისკლერისა და სისხლძარღვოვანი გარსის ანთება გვხვდება ეპისკლერიტის, სკლერიტისა და მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის დროს. ეს დაავადებები ხშირად თვალის ტკივილსაც იწვევენ.

ზოგჯერ სიწითლის მიზეზი კონიუნქტივის სისხლძარღვებიდან სისხლდენაა. ძლიერმა ჩახველებამ ან პირდაპირმა დარტყმამ ამ სისხლმილების გასკდომა შეიძლება გამოიწვიოს, რაც გამოვლინდება სკლერაზე სისხლის ხასხასა წითელი ლაქით, რომელიც არ ფერმკრთალდება. ზოგჯერ სისხლდენის გამო მთელი სკლერა წითლდება. ალერგიის ან ბაქტერიული ინფექციის გამო ქუთუთოები და თვალის გარშემო არსებული სხვა ქსოვილები შესაძლოა შეშუპდეს, გაწითლდეს ან – ორივე.

თვალის სიწითლის მიზეზი, როგორც წესი, გამოკვლევით დგინდება, განსაკუთრებით კი თვალის ბიომიკროსკოპის მეშვეობით. გამომწვევი მდგომარეობის დადგენის შემდეგ საჭიროა მისი მკურნალობა. ექიმები, როგორც წესი, არ ურჩევენ ამ დროს პაციენტებს ისეთი თვალის წვეთების გამოყენებას, რომლებიც უბრალოდ ავიწროებენ გაფართოებულ სისხლძარღვებს (მაგ. ტეტრაჰიდროზოლინის).

მუქი ლაქები

მუქი (პიგმენტური) ლაქები ფერად გარსზე ან კონიუნქტივაზე შეიძლება გაჩნდეს. ზოგი მათგანი დაბადებისთანვე არსებობს, ზოგი კი ასაკის მატებასთან ერთად ვითარდება. ისინი ხშირად არავითარ პრობლემას არ იწვევს, მაგრამ ზომაში ზრდის შემთხვევაში ლაქა ოფთალმოლოგმა უნდა ნახოს, რათა ავთვისებიანი სიმსივნე გამოირიცხოს.

გუგების ზომა

ნორმაში ორივე გუგა (ფერადი გარსის ცენტრში არსებული შავი ხვრელი) ერთი ზომისაა. ისინი ფართოვდება (დილატაცია) სიბნელეში და ვიწროვდება (კონსტრიქცია) სინათლეში. მიუხედავად იმისა, რომ ზოგ ადამიანს სხვებზე ბევრად ფართო გუგები აქვს, ზოგადად ფართო ან ვიწრო გუგები მაინცდამაინც დარღვევაზე ან რაიმე პრობლემაზე არ მიანიშნებს. გუგები ასაკის მატებასთან ერთად უფრო ვიწრო ხდება. მათი კონსტრიქცია ან დილატაცია შესაძლოა თვალების დაავადებების სამკურნალო ზოგმა წამალმა გამოიწვიოს. გუგებს ავიწროებს ოპიოიდური მედიკამენტები, მაგ, მორფინი. მათ გაფართოებას იწვევს ამფეტამინები, ანტიჰისტამინები, კოკაინი და მარიხუანა. ვიწრო, დაკბილული გუგების მიზეზი სიფილისი შეიძლება იყოს.

გუგების არათანაბარი ზომა (ერთი ფართო და მეორე ვიწრო) შესაძლოა ისეთმა დარღვევებმა გამოიწვიოს, რომლებიც ცალ თვალს უფრო აზიანებს. მათ შორისაა: თვალის ტრავმა ან ანთება, გუგის ზომის მარეგულირებელი ნერვების დაზიანება, თავის ტრავმა, ტვინის სიმსივნე და წვეთების მხოლოდ ერთ თვალზე გამოყენება. იშვიათად ადამიანი შეიძლება არათანაბარი ზომის გუგებითაც დაიბადოს.

თვალების გამოკვლევისას ექიმი თითოეულ გუგას შუქს მიანათებს, რაც მათ შევიწროებას იწვევს. გუგის ზომის შესაცვლელად მკურნალობა საჭირო არ არის.

ანთება თვალის გარშემო

ალერგიის, ინფექციის ან სხვა სახის ანთების გამო ქუთუთოები და თვალის გარშემო არსებული ქსოვილები შესაძლოა შეშუპდეს, შეწითლდეს ან – ორივე ერთად. დაავადებებმა შეიძლება დააზიანოს ქუთუთოები (ქალაზიონმა, ჯიბლიბომ ან ბლეფარიტმა), საცრემლე არხები (დაკრიოცისტიტმა) ან წიაღები. წამწამების ძირში ზოგჯერ ინფექცია იჭრება, რაც მათ ცვენას იწვევს. ალერგიებისა და ინფექციების გამო თვალიდან გამონაჟონი შეიძლება განვითარდეს, რაც ზოგჯერ მაგრდება, ქერქად იქცევა და გაღვიძებისას თვალის გახელას აძნელებს.

ექიმი ამ ჩივილების მქონე პაციენტს გამოიკვლევს, როგორც წესი, ბიომიკროსკოპითაც. ინფექციაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში მიკრობული კულტურა უნდა დაითესოს (ანუ თვალიდან აღებული ნაცხი ითესება ლაბორატორიაში). ექიმებს ზოგჯერ უწევთ, დაადგინონ, წიაღებიც ინფიცირებულია თუ არა, რის გამოც გამოსახულებითი კვლევები, მაგ, კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ), ხდება საჭირო. მკურნალობა მიზეზის მიხედვით ინიშნება.

სხვა ცვლილებები

სიყვითლის დროს სკლერა და კანი ყვითლდება. ქუთუთოები შესაძლოა დაბლა დაეშვას (ფტოზი). ეს ზოგჯერ ვითარდება მძიმე მიასთენიისა და ნერვების დამაზიანებელი დაავადებების მქონე ადამიანებში. ზოგჯერ თვალები არაბუნებრივად ფართოდაა გახელილი და წინ წამოწეული, ძირითადად იმიტომ, რომ უკნიდან ზეწოლას განიცდის (ეგზოფთალმი). ეგზოფთალმი გრეივსის დაავადების მქონე ადამიანებში გვხვდება.

ამ სიმპტომების მქონე ადამიანებს თვალების გამოკვლევა და ზოგადი გასინჯვა ესაჭიროებათ. მკურნალობა მიზეზის მიხედვით ინიშნება.

უჩვეულო შეგრძნებები თვალში თვალის ტკივილი

ტკივილი შეიძლება შეიგრძნობოდეს თვალის გარშემო, თვალში ან მის უკან. მჭრელ ტკივილს, რომელიც ძლიერდება ხამხამისას და თან ახლავს თვალში რაღაცის ჩავარდნის შეგრძნება, ხშირად რქოვანას დაზიანება იწვევს, მაგ. ნაკაწრი, უცხო სხეული, წყლული ან ინფექცია. ძლიერი, ყრუ, მღრღნელი ტკივილის მიზეზი თვალში შესაძლოა მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომა იყოს, განსაკუთრებით, თუ ამას თან ახლავს მხედველობის მნიშვნელოვანი დაბინდვა, თვალის სიწითლე და რქოვანას დაორთქლილი შესახედაობა. ყრუ, მღრღნელი ტკივილი თვალში შეიძლება მიანიშნებდეს სკლერიტზე, თვალის სქელი, ფიბროზული გარსის პოტენციურად საშიშ ანთებაზე ან უვეიტზე, თვალის შუა გარსის ანთებაზე. ზოგიერთი ამ დაავადების დროს ტკივილი სინათლეზე უფრო ძლიერდება (ფოტოფობია).

მომატებული მგრძნობელობა სინათლისადმი

სინათლისადმი მომატებული მგრძნობელობა ნორმაში, ჩვეულებრივ, ძალიან მზიან ამინდში ან სიბნელიდან განათებულ ადგილას გამოსვლის დროს აღინიშნება. ეს შეიძლება გამოიწვიოს გუგის გამაფართოებელმა წამლებმაც (მიდრიატიკებმა). თუმცაღა, კაშკაშა სინათლის გამო ტკივილის შეგრძნება (ფოტოფობია) შაკიკისა და თვალის რამდენიმე დაავადების სიმპტომია, მაგალითად, თვალის წინა ნაწილის ანთების ან ინფექციის (უვეიტის), რქოვანას დაზიანების (მაგ. კერატიტის) ან თვალის ტრავმის. ფოტოფობია გვხვდება მენინგიტის დროსაც (ამ დროს ასევე ვლინდება ძლიერი თავის ტკივილი და კისრის დაჭიმულობა).

ექიმები პირველ რიგში ცდილობენ გაარკვიონ, სინათლისადმი მომატებული მგრძნობელობა აქვს ადამიანს თუ ფოტოფობია. მათი მიზეზის დადგენა, როგორც წესი, პაციენტის ჩივილებისა და თვალების გამოკვლევის შედეგად ხერხდება. ბიომიკროსკოპით დათვალიერება განსაკუთრებით გამოსადეგია ფოტოფობიის გამომწვევი დაავადებების დასადგენად. სინათლისადმი მგრძნობელობისა და ფოტოფობიის შემცირება შეიძლება თვალების სინათლისგან დაცვით (მაგ. სათვალის ტარებით). როცა ფოტოფობიას თვალის შიგნით განვითარებული ანთება იწვევს, გუგის გამაფართოებელმა წვეთებმა შესაძლოა ადამიანს ტკივილი შეუმსუბუქოს.

ქავილი

ქავილის მიზეზი ალერგია შეიძლება იყოს და ამას, როგორც წესი, თან ახლავს ცრემლდენაც. ქუთუთოების ანთება ანუ ბლეფარიტი და თვალის სიმშრალეც იწვევს ამ სიმპტომს. უფრო იშვიათად, ქავილი შესაძლოა ტილების ან სხვა პარაზიტებით ინფიცირების ნიშანიც იყოს. დაავადებები, რომლებიც ქავილს იწვევს, ბიომიკროსკოპული გამოკვლევით დგინდება. მიზეზის დადგენამდე ადამიანს შვება შეიძლება თვალზე გრილი პირსახოცის დაფენამ მოჰგვაროს.

სიმშრალე

თვალის სიმშრალის შეგრძნება მრავალმა მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს, მათ შორის ცრემლის არასაკმარისად წარმოქმნამ, ცრემლების სწრაფმა აორთქლებამ ან, უფრო იშვიათად, რეფრაქციული ქირურგიის პროცედურამ, ვიტამინის ნაკლებობამ ან შეგრენის სინდრომმა. თვალის სიმშრალე ასაკის მატებამაც შეიძლება გამოიწვიოს.

ექიმმა შესაძლოა ცრემლწარმოქმნაც გაზომოს, განსაკუთრებით კი, თუ შეგრენის სინდრომზე აქვს ეჭვი. ოფთალმოლოგი ასევე გამოიკვლევს, ზედმეტად სწრაფად ხომ არ ორთქლდება ცრემლი. იგი მცირე რაოდენობით ყვითელ საღებავს (ფლუორესცინს) მოათავსებს თვალზე და გაზომავს დროს, რაც ცრემლს სჭირდება ასაორთქლებლად. დღის განმავლობაში თვალის სიმშრალის დროს იყენებენ სპეციალურ წვეთებს, რომლებიც ადამიანის ცრემლს ჩაანაცვლებს (ხელოვნურ ცრემლს). ღამით კი, დაძინებამდე მალამოს წასმით ამსუბუქებენ მეორე დილას თვალის სიმშრალეს.