თვალბუდის მოტეხილობები | მკურნალი.გე
  1. თვალბუდის მოტეხილობები
  2. თვალის ტრავმები
  3. მხედველობის სისტემის დაავადებები
თვალბუდის მოტეხილობები

  • ვლინდება ტკივილი და შეშუპება, შესაძლოა მხედველობის გაორება და დაქვეითებაც

  • კვლევებიდან, როგორც წესი კომპიუტერული ტომოგრაფია ტარდება

  • ზოგჯერ მოტეხილობას ქირურგიულად ასწორებენ

ძლიერმა დარტყმამ სახეზე თვალბუდის შემქმნელი ძვლებიდან ნებისმიერის მოტეხილობა შეიძლება გამოიწვიოს. ზოგჯერ თავად თვალის კაკალიც ზიანდება.

აფეთქებითი ანუ ბლოწოუტ მოტეხილობა: ზოგჯერ ტრავმის მიმყენებელი ძალა უშუალოდ თვალის კაკალზე მოქმედებს და ვერ შეკავდება მის გარშემო არსებული ძლიერი ძვლების მიერ (პატარა საგნის, მაგ. გოლფის ბურთის მოხვედრისას). ასეთ შემთხვევაში წნევა, რომელიც თვალზე მოქმედებს, თვალბუდის კედლებს გადაეცემა. შედეგად, შესაძლოა გატყდეს ამ ძვლოვანი ღრუს ყველაზე სუსტი ნაწილი, რომელიც, როგორც წესი, თვალის კაკლის ქვეშ მდებარეობს (თვალბუდის ფსკერზე ანუ ქვედა კედელზე). ამას ბლოწოუტ მოტეხილობა ეწოდება. ზოგჯერ თვალბუდის გვერდითი და ზედა კედლებიც ტყდება, ზოგ შემთხვევაში კი თვალის ნაწილი ან მისი კუნთები გატეხილ ძვალში ჩაიწნეხება და იჭედება.

ბლოწოუტ მოტეხილობა შეიძლება გამოვლინდეს მხედველობის გაორებით, თვალის კაკლის "ჩაძირვით", მისი ქვევით მიქცევითა და ამ მდგომარეობაში დაფიქსირებით, ლოყისა და ზედა ტუჩის გარშემო შეხებასა და ტკივილზე მგრძნობელობის დაქვეითებით (თვალბუდის ქვეშ მდებარე ნერვების დაზიანების გამო) ან ჰაერის დაგროვებით კანქვეშა ქსოვილებში (კანქვეშა ემფიზემა). მხედველობის გაორება მაშინ ვითარდება, თუ თვალის მამოძრავებელი კუნთებიდან ერთ-ერთი მოტეხილ ძვალში ჩაიჭედა. ამ დროს დაზიანებულ თვალს არ შეუძლია იმოძრაოს და იმ საგნისკენ მიიმართოს, რომელსაც მეორე თვალი უყურებს. კანქვეშა ემფიზემა კი მაშინ ვლინდება, თუ თვალბუდის ფსკერის მოტეხილობის დროს ცხვირიდან ან წიაღებიდან ჰაერი თვალის გარშემო ქსოვილებში მოხვდა, რაც განსაკუთრებით ხშირია ცხვირის მოხოცვის დროს ტრავმის შემდეგ.

სიმპტომები

მოტეხილობები საკმაოდ მტკივნეულია და ახასიათებს შეშუპება სისხლისა და სითხის დაგროვების გამო. ქსოვილებში ჩაღვრილი სისხლი შეშუპებულ უბანს ლურჯ ან იისფერ შესახედაობას აძლევს (თვალის ჩალურჯება). ზოგჯერ ცხვირიდან სისხლდენაც ვითარდება.

მხედველობა შესაძლოა დაქვეთდეს, თუკი ქუთუთოები იმდენად შეშუპდა, რომ ადამიანმა თვალის გახელა ვერ შეძლო ან იშვიათ შემთხვევაში – თვალის კაკლის დაზიანების, მის უკან სისხლის დაგროვების (რეტრობულბარული ჰემატომა) და ტვინისკენ მიმავალ ნერვზე (მხედველობის ნერვზე) ზეწოლის გამო.

დიაგნოზი და მკურნალობა

თვალბუდის მოტეხილობაზე ეჭვი სიმპტომებისა და გასინჯვის შედეგების მიხედვით მიიტანება. ამის შემდეგ კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) ტარდება, რომელზეც გამოისახება მოტეხილობები, სისხლჩაქცევები და მდებარეობაშეცვლილი ან ჩაჭედილი ქსოვილი.

თვალბუდის მოტეხილობის მქონე ადამიანები უნდა მოერიდონ ცხვირის მოხოცვას, რადგან ამ დროს წნევით გამოდევნილი ჰაერი შესაძლოა თვალის გარეშემო არსებული კანის ქვეშ აღმოჩნდეს და შეშუპება განვითარდეს. ცხვირიდან სისხლდენის შესამცირებლად 2-3 დღის მანძილზე გამოიყენება შესასხურებელი საშუალებები, რომლებიც სისხლძარღვებს ავიწროებს (ადგილობრივი ვაზოკონსტრიქტორები). ტკივილისა და შეშუპებისთვის კი კარგია ცივი კომპრესების ან ყინულის დადება სხვა მოტეხილობებსა და დაზიანებებზე. კიდევ უფრო ძლიერი შეშუპების თავიდან ასაცილებლად საწოლის თავი გულის დონეზე მაღლა უნდა იყოს. ტკივილის შემთხვევაში ტკივილგამაყუჩებლები ინიშნება. სახის ძვლების ქირურგიულად ჩასწორება მაშინაა საჭირო, თუ: ბლოწოუტ მოტეხილობაში თვალბუდის კუნთები ან რბილი ქსოვილები ჩაიჭედა და შედეგად განვითარდა მხედველობის გაორება, ნერვის დაზიანების გამო თვალის კაკალი "ჩაძირულია" ან სიმპტომები არ გაქრა 2 კვირის შემდეგ. ქირურგი ჯერ დარწმუნდება, რომ მოტეხილ ძვლებს სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება არ გამოუწვევია, შემდეგ კი ჩაასწორებს მათ ანუ დააბრუნებს თავდაპირველ მდგომარეობაში. ამას ზოგჯერ იმპლანტების, თხელი ფირფიტების გამოყენება ან ძვლის გადანერგვაც კი სჭირდება, რათა მოტეხილი ნაწილები ისევ შეერთდეს და შეხორცება გაადვილდეს.