თვალის ტრავმები | მკურნალი.გე
  1. თვალის ტრავმები
  2. მხედველობის სისტემის დაავადებები
თვალის ტრავმები

სახისა და თვალის აგებულება ისეთია, რომ კარგად დაიცვას თვალი დაზიანებისგან. თვალის კაკალი თვალბუდეშია ჩასმული, ძლიერ, ძვლოვან ღრუში. ქუთუთოები სწრაფად იხუჭება, რათა ფიზიკური ბარიერი შექმნას და ხელი შეუშალოს უცხო სხეულის თვალში მოხვედრას, რის გამოც მცირე ტრავმას ეს ორგანო დაუზიანებლად იტანს. ამ დამცავი თავისებურებების გამო თვალის მრავალნაირი ტრავმა თვალის კაკალს არ აზიანებს და შესაბამისად, საშიშიც არ არის. თუმცაღა, გარშემო არსებულ სტრუქტურებზე დიდი სისხლნაჟღენთები და შეშუპება უფრო მძიმე დაზიანების შთაბეჭდილებას ქმნის, ვიდრე სინამდვილეშია. ამის მიუხედავად, ზოგჯერ ტრავმა თვალს იმდენად აზიანებს, რომ მხედველობა ირღვევა და ხანდახან სრულიად იკარგება. იშვიათ შემთხვევაში თვალის ამოკვეთაც ხდება საჭირო.

მიზეზები

თვალის დაზიანების ხშირი მიზეზებია: საყოფაცხოვრებო ან ინდუსტრიული უბედური შემთხვევები (მაგალითად, ჩაქუჩით, თხევადი ქიმიკატებით ან საწმენდი საშუალებებით დაზიანება), ფიზიკური ძალადობა, ავტომანქანის აკუმულატორის აფეთქება, სპორტული ტრავმა (მათ შორის საჰაერო ან საღებავის ბურთულების პნევმატური იარაღით), ავტოკატასტროფები (მათ შორის საჰაერო ბალიშებით დაზიანებაც). თვალის წინა ზედაპირზე არსებული გამჭვირვალე გუმბათი (რქოვანა) ძლიერი ულტრაიისფერი სხივების მოქმედებამაც შეიძლება დააზიანოს, მაგალითად, შემადუღებელი აპარატის ან თოვლიდან არეკლილმა მზის სხივებმა.

შეფასება

თვალის ტრავმის მქონე ადამიანი ექიმმა უნდა გასინჯოს. პაციენტს სათვალე (თუკი ატარებს) კონსულტაციაზე თან უნდა ჰქონდეს, რათა მხედველობა მისი ჩვეული კორექციის ფონზე გამოიკვლიონ – ეს ექიმს დაეხმარება დაადგინოს, მხედველობის პრობლემა ახალია თუ მანამდეც არსებობდა. ოფთალმოლოგმა თვალის დასათვალიერებლად შესაძლოა ბიომიკროსკოპი და ოფთალმოსკოპიც გამოიყენოს. ბიომიკროსკოპი შედგება სინათლის წყაროს, რეგულირებადი ბინოკულარული გამადიდებელი მოწყობილობისა და მაგიდისგან, რომლითაც ამ ორი ნაწილის მდებარეობა სწორდება. ბიომიკროსკოპით ძირითადად თვალის წინა ნაწილს შეისწავლიან, განსაკუთრებით მის ზედაპირსა და ქუთუთოებს. ოფთალმოსკოპი კი უფრო თვალის უკანა სტრუქტურების გამოსაკვლევად გამოიყენება. მანამდე თვალში სპეციალურ საშუალებას აწვეთებენ პაციენტს, მაგ. ციკლოპენტოლატს ან ფენილეფრინს, რათა გუგა გაფართოვდეს. გუგის დილატაციის შემდეგ ექიმს შეუძლია უფრო ფართოდ დაათვალიეროს თვალი, განსაკუთრებით კი ბადურა.

თუ ტრავმა მძიმეა და უარეს შემთხვევაში, მხედველობასაც არღვევს, ის ექიმი, რომელიც პირველად გასინჯავს ამ ადამიანს, გამოიძახებს ოფთალმოლოგსაც (თვალის ექიმს), რომელიც თვალს გამოიკვლევს და მკურნალობასაც დანიშნავს.