თვალის მიდამოში არსებულ ჭრილობათა (ლაცერაციათა) უმრავლესობა ქუთუთოს აზიანებს და არა თვალის კაკალს. ამ უკანასკნელზე ჭრილობები, როგორც წესი, ზედაპირული და მსუბუქია. თუმცაღა, ზოგჯერ ტრავმის შედეგად თეთრი გარსის (სკლერას) ან თვალის წინა ნაწილში არსებული გამჭვირვალე გუმბათის (რქოვანას) მთლიანობა ირღვევა და ჭრილობა თვალის შიგნითა სივრცეში შემავალი ხდება. ასეთ შემთხვევაში დაზიანებას თვალის კაკლის გახეთქვას უწოდებენ და მისი გამოწვევა ბლაგვ ტრავმასაც შეუძლია. ასეთმა ჭრილობებმა ძალიან სერიოზულად შეიძლება დააზიანოს მხედველობისთვის აუცილებელი სტრუქტურები. ისინი ასევე ზრდიან თვალშიდა ინფექციის (ენდოფთალმიტის) რისკს.
თვალის კაკლის გახეთქვის შემთხვევაში დაზარალებულთა უმრავლესობა თითქმის ვერ ხედავს. თვალი გარეგნულად შესამჩნევად შეცვლილია, გუგამ კი შეიძლება ცრემლის წვეთის ფორმა მიიღოს. ზოგჯერ თვალიდან სითხეც კი ჟონავს.
თვალის ჭრილობის დროს აუცილებელია ადამიანი დაუყოვნებლივ გასინჯოს ოფთალმოლოგმა (თვალის ექიმმა). ხშირად საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევაც, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მხოლოდ რქოვანას მფარავი, თხელი, ლორწოვანი გარსი, კონიუნქტივაა დაზიანებული. ოპერაციის დაწყებამდე ინიშნება ანტიბიოტიკი, რათა შემცირდეს თვალშიდა ინფექციის განვითარების რისკი. ეს წამლები ინტრავენურად ანუ ვენაში ესხმება პაციენტს. უმჯობესია მოვერიდოთ მალამოების გამოყენებას. თვალზე დამცავი ფირფიტა (სპეციალურად დამზადებული ან მუყაოს ჭიქის ძირი) იკვრება, რათა თავიდან ავიცილოთ უნებლიე ზეწოლა, რის გამოც შეიძლება თვალის შიგთავსი გარეთ გადმოიღვაროს ჭრილობიდან. საჭიროების შემთხვევაში ღებინების საწინააღმდეგო საშუალებებს იღებს პაციენტი. გუგის გასაფართოებლად თვალის წვეთები გამოიყოფა, რაც აუცილებელია შემდგომში ფერად გარსზე (ირისზე) ნაწიბუროვანი ქსოვილის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად და ასევე, ტრავმის შემდეგ ტკივილისა და სინათლისადმი მგრძნობიარობის შესამსუბუქებლად. ტკივილგამაყუჩებლები ვენაში უკეთდება პაციენტს ან, თუ ქირურგიული ჩარევა საჭირო არ არის, დასალევად ეძლევა.
სრულყოფილი თერაპიული და ქირურგიული მკურნალობის შემდეგაც კი მძიმე დაზიანების გამო მხედველობა შეიძლება ნაწილობრივ ან სრულად დაიკარგოს. ძალიან იშვიათად, თვალის კაკლის დიდი ჭრილობის (ან ოპერაციის) შემდეგ დაუზიანებელ თვალშიც ვითარდება ანთება (სიმპათიკური ოფთალმია), რასაც ასევე შეუძლია მხედველობის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა გამოიწვიოს მკურნალობის გარეშე. ხშირად ამ რეაქციის თავიდან აცილება კორტიკოსტეროიდების წვეთებით, აბებითა და საინექციო მედიკამენტებით საკმაოდ ეფექტურად ხერხდება. სიმპათიკური ოფთალმიის თავიდან ასაცილებლად ექიმები ხშირად გამოუსწორებლად, შეუქცევადად დაზიანებულ თვალს ამოკვეთენ ხოლმე.