თვალის ტრავმებიდან ერთ-ერთი ყველაზე ხშირი წინა ნაწილში მდებარე გამჭვირვალე გუმბათის, რქოვანას დაზიანებაა, რაც მოიცავს ნაკაწრსა და უცხო სხეულს. რქოვანას უცხო სხეულები ამოღების შემდეგ ნაკაწრებს ტოვებენ მასზე. ასეთი ტრავმების უმრავლესობა მსუბუქია.
რქოვანას ნაკაწრების ხშირი მიზეზი უცხო ნაწილაკებია. ისინი შეიძლება თვალში აფეთქების შედეგად, ქარის ან ხელსაწყოების გამოყენების დროს მოხვდეს (ჩაქუჩით ან ბურღით მუშაობისას). რქოვანა შეიძლება გაკაწროს ხის ტოტებმა ან ზემოდან ჩამოცვენილმა ნაწილაკებმაც. ამის ასევე ხშირი მიზეზია კონტაქტური ლინზებიც, რომლითაც თვალის წინა ზედაპირი ზიანდება, თუკი: ლინზა კარგად არ არის მორგებული, ჩასმულია მშრალ თვალზე, კარგად არ არის გაწმენდილი და ზედ უცხო ნაწილაკებია, ძალიან დიდხანს იყო თვალში, ღამითაც დაიტოვა იგი ადამიანმა ინსტრუქციის საწინააღმდეგოდ, ძალიან უხეშად ჩაისვა ან ამოიღო.
რქოვანას ნაკაწრთა უმრავლესობა ინფექციის (კონიუნქტივის ან რქოვანას წყლულების) განვითარების გარეშე ხორცდება, მაგრამ ამის რისკი მაღალია, თუ ჭრილობაში მიწა ან მცენარისეული უცხო ნაწილაკები მოხვდა (მაგ. ხის ტოტით გამოწვეული ტრავმისას).
რქოვანას ნაკაწრი და უცხო სხეული იწვევს ტკივილს, ცრემლდენას და თვალში რაღაცის ჩავარდნის შეგრძნებას. ასევე შეიძლება გამოვლინდეს თვალის სიწითლე (მისი ზედაპირული სისხლძარღვებიდან სისხლდენის გამო) ან მისი და ქუთუთოს შეშუპებაც კი. მხედველობა შესაძლოა დაიბინდოს. ამ დროს სინათლე თვალს აღიზიანებს და გუგის დამავიწროებელი კუნთის მტკივნეულ სპაზმს იწვევს.
თვალში შემავალი დაზიანებები მსგავს სიმპტომებს იწვევენ. თუ უცხო სხეულმა თვალის მთლიანობა დაარღვია, შიგთავსი შეიძლება გარეთ გადმოიღვაროს.
ინფექციის თავიდან აცილებისთვის მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა. დიაგნოზი პაციენტის სიმპტომების, დაზიანების მიღების პირობებითა და გამოკვლევის მეშვეობით ისმება.
თვალის ზედაპირის ანესთეზიისთვის სპეციალურ წვეთებს იყენებენ (მაგ. პროპარაკაინს). არსებობს ისეთი წვეთებიც, რომელიც შესაბამისი სინათლის მოქმედებისას ანათებს შიგ საღებავის (ფლუორესცეინის) შემცველობის გამო. მისი მეშვეობით თვალის ზედაპირის უფრო მკაფიო გამოსახულება მიიღება და ნაკაწრებიც უფრო კარგად ჩანს. იომიკროსკოპის ან სხვა გამადიდებელი აპარატის გამოყენებით ექიმი უცხო სხეულს თვალიდან იღებს. ხშირად ეს ხერხდება ნოტიო, სტერილური ბამბის ბურთულის ამოსმით ან სტერილური წყლით გადარეცხვით (ირიგაცია). თუ ადამიანს შეუძლია გაუნძრევლად გაჩერდეს, იმ უცხო სხეულებს, რომელთა მოშორებაც ბამბით ძნელია, უმტკივნეულოდ იღებენ ნემსით ან სპეციალური ხელსაწყოთი. მეტალის უცხო სხეულების ამოღების შემდეგ დაზიანების ადგილის გარშემო შესაძლოა ჟანგი დარჩეს, რომელსაც დაბალი სიჩქარის სტერილური ბურღით აშორებენ (პატარა ქირურგიული ინსტრუმენტით, რომელსაც მცირე ზომის, მბრუნავი, მბურღავი და მაგლუვებელი ზედაპირი აქვს). ზოგჯერ უცხო სხეული ზედა ქუთუთოს ქვეშ იჭედება და მის ამოსაღებად ქუთუთოს ამობრუნებაა საჭირო (რაც უმტკივნეულო პროცედურაა).
რქოვანას ნაკაწრების მკურნალობა ერთნაირია, მიუხედავად იმისა, უცხო სხეული იყო თუ არა მასში. ინფექციის თავიდან ასაცილებლად ხშირად რამდენიმე დღით ინიშნება ანტიბიოტიკის მალამო, რომელიც ბაქტერია ფსევდომონას კლავს (მაგ. ციპროფლოქსაცინის მალამო). დიდი ზომის ნაკაწრებს დამატებითი მკურნალობაც შეიძლება დასჭირდეს. გუგა გაფართოებული უნდა იყოს, რისთვისაც ციკლოპლეგიური წვეთები გამოიყენება (მაგ. ცოკლოპენტოლატი ან ჰომატროპინი). ამ საშუალებებით თავიდან იცილებენ გუგის დამავიწროებელი კუნთის მტკივნეულ სპაზმს. ტკივილის დროს ინიშნება დასალევი ტკივილგამაყუჩებლები, მაგ. აცეტამინოფენი ან აცეტამინოფენი ოქსიკოდონით. ადგილობრივად, თვალზე გამოყენებული საანესთეზიო საშუალებები კარგად აყუჩებს ტკივილს, მაგრამ არ შეიძლება გამოკვლევისა და მკურნალობის შემდეგ მათი გამოყენება, რადგან შეხორცების პროცესს ხელს უშლიან. თვალზე დასაფარი ფირფიტების გამოყენებისას კიდევ უფრო იზრდება ინფექციის რისკი, ამიტომ ამას ერიდებიან, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ნაკაწრი კონტაქტურმა ლინზამ ან ისეთმა საგანმა გამოიწვია, რაც ნიადაგით ან მცენარეული უცხო ნაწილაკებით შეიძლება ყოფილიყო დაბინძურებული.
საბედნიეროდ, თვალის ზედაპირის მფარავი უჯრედები სწრაფად მრავლდება და აღდგება. დიდი ნაკაწრებიც კი 1-3 დღეში ხორცდება. კონტაქტური ლინზების ტარება არ შეიძლება შეხორცებიდან კიდევ 5 დღის მანძილზე. ტრავმიდან 1-2 დღის შემდეგ კი გონივრულია კიდევ ერთი ვიზიტი ოფთალმოლოგთან და განმეორებითი გამოკვლევა.
მრავალი დაზიანების თავიდან აცილება დამცავი სათვალის ტარებითაა შესაძლებელი.
იშვიათად უცხო სხეულები თვალის შიგნითაც ანუ ინტრაოკულარულად აღწევენ. ამ დროს ძალიან მძიმე ინფექცია შეიძლება განვითარდეს.
თვალში უცხო სხეული შეიძლება აფეთქების დროს მოხვდეს. ასეთი ტრავმის მიზეზი შეიძლება იყოს ნებისმიერი საქმიანობა თუ შემთხვევა, როცა მეტალი მეტალს ხვდება. აფეთქებები და ზოგიერთი ხელსაწყო ხშირად იწვევს პატარა უცხო ნაწილაკების მოხვედრას ადამიანის სახეზე. მაგალითად, მაღალსიჩქარიანი ინსტრუმენტების (მაგ. ბურღების, ელექტროშალაშინების, ხერხების) გამოყენებისას ან ჩაქუჩის ლურსმანზე, რაიმე მეტალის საგანზე დარტყმისას მეტალის გავარვარებული ნაწილაკები წარმოიქმნება, რომლებიც ნაპერწკლებს ჰგავს. ისინი შეიძლება დაუცველ, დაუფარავ თვალში მოხვდეს და საკმაოდ ღრმადაც შეიჭრას მასში.
უცხო სხეულებმა, რომლებიც თვალში აღწევენ, მის შიგნით ინფექცია შეიძლება გამოიწვიონ (ენდოფთალმიტი).
დაზიანების პირველ საათებში თვალშიდა უცხო სხეულის სიმპტომები რქოვანას ნაკაწრისა და უცხო სხეულის გამოვლინებებს ჰგავს. თუმცა, თვალშიდა უცხო სხეულის შემთხვევაში შესაძლოა ასევე აღინიშნებოდეს მხედველობის შესამჩნევი დაქვეითება. თვალიდან შეიძლება სითხე მოჟონავდეს, მაგრამ თუ უცხო სხეული ძალიან პატარაა, ადამიანმა ეს შესაძლოა ვერც შენიშნოს. ამასთანავე, ტკივილი ზოგჯერ კიდევ უფრო ძლიერდება პირველი რამდენიმე საათის შემდეგ. თვალში უცხო სხეულის შეღწევისას ოფთალმოლოგმა დაზარალებული რაც შეიძლება მალე უნდა გამოიკვლიოს. პროცედურა ისეთივეა, როგორიც რქოვანას ნაკაწრებისა და უცხო სხეულის შემთხვევაში: გამოიყენება საღებავი (ფლუორესცეინი), რომელიც ანათებს სპეციალურ შუქზე და ბიომიკროსკოპი. მათი მეშვეობით უცხო სხეულის შეღწევის ადგილისა და თვალიდან სულ მცირე რაოდენობით სითხის ჟონვის აღმოჩენაც კი შეიძლება. თვალის კაკლის გარეთ მდებარე უცხო სხეულებს იღებენ. თუკი გამოკვლევისას ექიმს ეჭვი გაუჩნდა თვალშიდა უცხო სხეულზე, გამოსახულებითი კვლევა, მაგ. კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) ტარდება.
ზოგიერთი პროფესიის ან ჰობის მქონე ადამიანებს, განსაკუთრებით მათ, ვინც იყენებს ელექტროშალაშინებს, ბურღებს, ხერხებს ან ჩაქუჩს, ყოველთვის უნდა ეკეთოთ დამცავი აღჭურვილობა (მაგ. სახის ფარი ან დამცავი სათვალე), რათა თავიდან აიცილონ თვალში უცხო სხეულის მოხვედრა და სხვა დაზიანებები.
დაზარალებულებს ანტიბიოტიკები, მაგ. ცეფტაზიდიმი და ვანკომიცინი ინტრავენურად უკეთდებათ. თვალზე დამცავი ფირფიტა (სპეციალურად დამზადებული ან მუყაოს ჭიქის ძირი) იკვრება, რათა უნებლიეთ ზეწოლამ უფრო მეტად არ დააზიანოს იგი.
ოფთალმოლოგმა უცხო სხეული რაც შეიძლება მალე უნდა ამოიღოს, რითაც ინფექციის რისკი მცირდება. ზოგჯერ ამისთვის ქირურგიული პროცედურაც ხდება საჭირო.