ქუთუთოების სწრაფი დახუჭვა რეფლექსია, რომელიც თვალებს დაზიანებისგან იცავს. თუმცაღა, ამის მიუხედავად, გამაღიზიანებელი ან მავნე ქიმიური ნივთიერებები ზოგჯერ მაინც ხვდება თვალის ზედაპირზე და დამწვრობას იწვევს. ქიმიური დამწვრობებიდან ყველაზე საშიშს ძლიერი მჟავები და ტუტეები იწვევს.
ტუტე ნივთიერებებში შედის კაუსტიკური სოდა, რომელსაც მილების საწმენდი მრავალი სითხე შეიცავს. დამწვრობა შეიძლება გამოიწვიოს სითხის თვალებში შესხმამ ან, უფრო იშვიათად, ფხვნილის შეფრქვევამ მათში.
თვალის წინ მდებარე გამჭვირვალე გუმბათის (რქოვანას) მძიმე ქიმიურმა დამწვრობებმა, განსაკუთრებით კი ტუტე ნივთიერებებით გამოწვეულმა, შესაძლოა ნაწიბურის წარმოქმნა, თვალის მთლიანობის დარღვევა და სიბრმავე გამოიწვიოს. თვალის დამწვრობა ძალიან მტკივნეულია და სწორედ ამის გამო, ადამიანს თვალები დახუჭული აქვს ამ დროს. დახურული ქუთუთოების ქვეშ მავნე ნივთიერება კიდევ უფრო დიდხანს ჩერდება თვალის ზედაპირზე, რაც აუარესებს დაზიანებას.
თვალის ქიმიური დამწვრობის მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს, მანამ, სანამ სასწრაფო დახმარება მოვიდოდეს. ადამიანმა თვალი უნდა გაახილოს და გამოირეცხოს (ირიგაცია) ჩვეულებრივი ან მარილიანი წყლით. ძლიერი მჟავების, ტუტეებით ან ძლიერკაუსტიკური ნივთიერებებით გამოწვეული დამწვრობისას თვალი უწყვეტად, 30-120 წუთის მანძილზე უნდა გამოირეცხოს. ეს პროცესი იქ უნდა გრძელდებოდეს, სადაც თავიდან დაიწყო – სასწრაფო დახმარების მანქანაში ან საავადმყოფოში. ტკივილის გამო დაზარალებულს შეიძლება გაუჭირდეს დაზიანებული თვალის გახელა, ამიტომ მეორე ადამიანმა უნდა დაიჭიროს ქუთუთო გახელილ მდგომარეობაში გამორეცხვისას. თუ შესაძლებელია, წყალი ან მარილწყალი ოთახის ტემპერატურისა უნდა იყოს. ექიმი ან სხვა სამედიცინო სპეციალისტი თვალში საანესთეზიო საშუალებას ჩააწვეთებს ადამიანს, რაც ბევრად აადვილებს თვალის გახელას.
გამორეცხვის შემდეგ ექიმი თვალისა და ქუთუთოების შიგნითა ზედაპირს ათვალიერებს, აშორებს ქსოვილებში ჯერ კიდევ დარჩენილ ნივთიერებას. ქუთუთოს შიგნითა ზედაპირიც იწმინდება, რათა მოშორდეს ნებისმიერი მცირე ნაწილაკი, რაც არ ჩანს. ექიმმა შესაძლოა წამალი, მაგ. ჰომატროპინიც ჩააწვეთოს ადამიანს, რაც აფართოებს გუგას და ადუნებს ფერადი გარსის (ირისის) კუნთებს, ხელს უშლის მათი მტკივნეული სპაზმების განვითარებას. მიუხედავად იმისა, რომ საანესთეზიო წვეთები ტკივილს აყუჩებს, ისინი ხელს უშლის შეხორცების პროცესს და ამიტომ საწყისი გამორეცხვის შემდეგ მათ აღარ იყენებენ. რქოვანას დამწვრობის შემთხვევაში თვალს ანტიბიოტიკის (მაგ. ციპროფლოქსაცინის) მალამოს უსვამენ. ტკივილისთვის ინიშნება აცეტამინოფენი, ან, მძიმე შემთხვევაში – აცეტამინოფენი ოქსიკოდონით.
მძიმე დამწვრობებს ოფთალმოლოგმა (თვალის დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სპეციალისტი, თვალის ქირურგი) უნდა უმკურნალოს 24 საათის მანძილზე, რათა მხედველობა შენარჩუნდეს და თავიდან ავიცილოთ სერიოზული გართულებები, როგორიცაა რქოვანას და ირისის დაზიანება, თვალის მთლიანობის დარღვევა და ქუთუთოს დეფორმაცია. ოფთალმოლოგმა კორტიკოსტეროიდის (მაგ. პრედნიზოლონის) წვეთებიც შეიძლება დანიშნოს რაღაც პერიოდის მანძილზე. მძიმე დამწვრობებს ხშირი გამოკვლევები ესაჭიროება.
პოტენციურად სახიფათო ნივთიერებებთან მუშაობისას აუცილებელია დამცავი სათვალის ან სახის ფარის ტარება ქიმიური დამწვრობების თავიდან ასაცილებლად.