დაკრიოცისტიტი საცრემლე პარკის ინფექციაა.
საცრემლე პარკი პატარა სივრცეა, რომელშიც ცრემლი ჩაედინება. დაკრიოცისტიტის ყველაზე ხშირი მიზეზი ცხვირ-ცრემლის არხის დახშობაა, იმ სადინრის, რომლითაც ცრემლი საცრემლე პარკიდან ცხვირის ღრუში ჩადის. დაკრიოცისტიტი შეიძლება უეცრად (მწვავედ) განვითარდეს ან ხანგრძლივად არსებობდეს (ქრონიკულად). მწვავე ინფექციის დროს საცრემლე პარკის სიწითლე, ტკივილი და შეშუპება ვითარდება. ასევე ვლინდება თვალის სიწითლე, ცრემლდენა და შესაძლოა იყოს ჩირქის დენაც. საცრემლე პარკზე მსუბუქი ზეწოლა ჩირქის გადმოსვლას იწვევს საცრემლე წერტილიდან, რომელიც თვალის შიგნითა მხარეს, ცხვირის მახლობლად მდებარე ხვრელია.
ხშირად ინფექცია მსუბუქია, ზოგჯერ კი მძიმე და ცხელებასაც იწვევს. ხანდახან აბსცესი, ჩირქგროვა ყალიბდება, რომელიც კანის ზედაპირზე იხსნება და ასე იცლება.
მწვავე ინფექციას, როგორც წესი, დასალევი ანტიბიოტიკებით მკურნალობენ. თუკი სიცხეც აქვს ადამიანს ან ინფექცია მძიმეა, შესაძლოა ინტრავენური ანტიბიოტიკები გახდეს საჭირო. ასევე კარგია დღეში რამდენჯერმე თბილი კომპრესების დადება თვალზე. აბსცესის ჩამოყალიბების შემთხვევაში მცირე ოპერაცია კეთდება მის გასახსნელად და დასაცლელად. ქრონიკული ინფექციისას კი, განსაკუთრებით, თუ განმეორებითი გამწვავებებები ახასიათებს, უფრო დიდი მასშტაბის ქირურგიული ჩარევა ტარდება და დახშული ცხვირ-ცრემლის არხის ნაცვლად ახალი სადინარი იქმნება ცრემლისთვის.