დაკრიოსტენოზი | მკურნალი.გე
  1. დაკრიოსტენოზი
  2. ქუთუთოებისა და საცრემლე აპარატის დაავადებები
  3. მხედველობის სისტემის დაავადებები
დაკრიოსტენოზი

დაკრიოსტენოზი (ცხვირ-ცრემლის არხის ობსტრუქცია) ცხვირ-ცრემლის არხის შევიწროებას ნიშნავს, სადინრის, რომლითაც ცრემლი თვალიდან გაედინება.

დაკრიოსტენოზი დაბადებისთანავე შეიძლება აღინიშნებოდეს (თანდაყოლილი) ან შემდეგ განვითარდეს (შეძენილი). ორივე სახეს შეუძლია ცრემლდენა და საცრემლე პარკის ინფექცია (დაკრიოცისტიტი) გამოიწვიოს.

თანდაყოლილი დაკრიოსტენოზი:თანდაყოლილი დაკრიოსტენოზი (ცხვირ-ცრემლის არხის თანდაყოლილი ობსტრუქცია) შეიძლება გამოიწვიოს არხის ნებისმიერი ნაწილის არასრულყოფილმა განვითარებამ მუცლად ყოფნისას. ეს კი თავის მხრივ იწვევს ცრემლის მუდმივ გადმოდინებას თვალიდან და ლოყაზე ჩამოგორებას ან მუდმივად ქერქის წარმოქმნას. დაკრიოსტენოზი შეიძლება ერთ ან ორივე თვალზე იყოს გამოხატული. დარღვევის არსებობას, როგორც წესი, პირველად 3-12 კვირის ჩვილებში ამჩნევენ. დახშობის ეს სახე ხშირად თავისით ქრება, მკურნალობის გარეშე 6-9 თვეზე, ცხვირ-ცრემლის სისტემის განვითარებასთან ერთად. ზოგჯერ არხის გამავლობა კიდევ უფრო სწრაფად აღდგება, თუკი მშობლები მის ზემოთ მდებარე ადგილას ნაზად ამასაჟებენ, თითის წვერით.

თუ სადინარი მაინც არ გაიხსნა, ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს (ოტორინოლარინგოლოგს) ან თვალის სპეციალისტს (ოფთალმოლოგს) შეუძლია ამის გაკეთება პატარა ინსტრუმენტით, რომლის წვერიც სადინრის დასაწყის ხვრელში (საცრემლე წერტილში) შეიყვანება ქუთუთოს შიდა კუთხესთან.

შეძენილი დაკრიოსტენოზი: შეძენილი დაკრიოსტენოზი ხშირად სადინრის ასაკობრივი შევიწროების გამო ვითარდება, მაგრამ იგი ასევე შეიძლება გამოიწვიოს დაზიანებამ ან ოპერაციამ. ინსტრუმენტის წვერით სადინრის გახსნა, როგორც ეს თანდაყოლილის შემთხვევაში ხდება, ეფექტური არ არის. თუ დაკრიოსტენოზი მუდმივ, შემაწუხებელ ცრემლდენასა და განმეორებით ინფექციებს იწვევს, ოპერაცია შეიძლება იყოს საჭირო სამკურნალოდ.