ენტროპიონი მდგომარეობაა, როცა ქუთუთო შიგნითაა ჩაბრუნებული, რის გამოც წამწამები თვალის ზედაპირს ედება.
ექტროპიონის დროს კი ქუთუთო გარეთაა გადმობრუნებული და მისი კიდე თვალის ზედაპირს არ ეხება.
ნორმაში ზედა და ქვედა ქუთუთოები მჭიდროდ იხურება, რაც თვალს დაზიანებისგან იცავს და ხელს უშლის ცრემლის აორთქლებას. თუ ქუთუთოს კიდე შიგნით ჩაბრუნდა (ენტროპიონი), წამწამები თვალის კაკლის ზედაპირს ედება, რამაც შეიძლება წყლულისა და ნაწიბურის წარმოქმნა გამოიწვიოს. როცა ერთ-ერთი ქუთუთოს კიდე გარეთ ბრუნდება (ექტროპიონი), ქუთუთოები დახუჭვისას სრულიად ვერ ფარავს თვალს და ცრემლიც ვერ ნაწილდება მასზე თანაბრად. ეს ორი მდგომარეობა უფრო ხშირია ხანში შესულებში (და როგორც წესი, გამოწვეულია ქსოვილების ასაკობრივი მოდუნებით), ინფექციით, ოპერაციით ან ტრავმით გამოწვეული დაზიანების დროს და ბლეფაროსპაზმის მქონე ადამიანებში.
თვალი ორივემ – ექტროპიონმაც და ენტროპიონმაც – შეიძლება გააღიზიანოს, რაც იწვევს რაღაცის ჩავარდნის შეგრძნებას, ცრემლდენასა და სიწითლეს. თვალის სინოტივის შესანარჩუნებლად და გაღიზიანების დასაცხრობად ხელოვნური ცრემლი და დამატენიანებელი მალამოები (ღამით) გამოიყენება. ენტროპიონისა და ექტროპიონის დროს ქირურგიული ჩარევაც შეიძლება ჩატარდეს – მაგალითად, მხედველობის შესანარჩუნებლად, თუ თვალის დაზიანების რისკი მაღალია ან ეს უკვე მოხდა (რქოვანას წყლული გაჩნდა ენტროპიონის გამო), დისკომფორტის მოსახსნელად ან კოსმეტიკური მიზნებით.