ინფექციური კონიუნქტივიტი | მკურნალი.გე
  1. ინფექციური კონიუნქტივიტი
  2. კონიუნქტივისა და სკლერის დაავადებები
  3. მხედველობის სისტემის დაავადებები
ინფექციური კონიუნქტივიტი

ინფექციური კონიუნქტივიტი კონიუნქტივის ანთებაა, რასაც ხშირად ვირუსები ან ბაქტერიები იწვევს.

  • ბაქტერიებსა და ვირუსებს კონიუნქტივის ინფიცირება შეუძლიათ;

  • ამ დროს ხშირია სიწითლე, გაღიზიანება, ცრემლდენა და გამონადენი, მგრძნობიარობა ძლიერ სინათლეზე;

  • ინფექციის გავრცელების თავიდან აცილება ჰიგიენის დაცვით შეიძლება;

  • ხშირად ანტიბიოტიკის შემცველი თვალის წვეთები ინიშნება სამკურნალოდ.

კონიუნქტივის ინფიცირება სხვადასხვა მიკროორგანიზმს შეუძლია. მათგან ყველაზე ხშირად ამას იწვევენ ვირუსები, განსაკუთრებით – ადენოვირუსების ჯგუფში შემავალი. ბაქტერიული ინფექციები შედარებით უფრო იშვიათია. ვირუსული და ბაქტერიული კონიუნქტივიტი საკმაოდ გადამდებია, ადვილად გადადის ერთი ადამიანიდან მეორეზე ან ინფიცირებული თვალიდან ჯანმრთელზე. სოკოვანი ინფექციები იშვიათია და ძირითადად მაშინ გვხვდება, თუ ადამიანი კორტიკოსტეროიდის თვალის წვეთებს იყენებს დიდხანს ან მცენარეული უცხო ნაწილაკებით დაბინძურებული ჭრილობა მიიღო თვალზე. ახალშობილები განსაკუთრებით მოწყვლადნი არიან თვალის ინფექციებისადმი, რომლებიც მათ დედის სამშობიარო გზებში გავლისას გადაეცემათ (ნეონატალური კონიუნქტივიტი).

ჩანართებიანი კონიუნქტივიტი განსაკუთრებით ხანგრძლივი ფორმაა, რომელსაც ბაქტერია ჩჰლამყდია ტრაცჰომატის-ის ზოგიერთი შტამი იწვევს. ეს დაავადება, როგორც წესი, გადადის სასქესო ორგანოების ქლამიდიოზის მქონე ადამიანის გენიტალურ სეკრეტებთან კონტაქტით. ტრაქტომა ჩჰლამყდია ტრაცჰომატის-ის მიერ გამოწვეული კონიუნქტივიტის კიდევ ერთი სახეა. ეისსერია გონორრჰოეაე-ს მიერ გამოწვეული სქესობრივად გადამდები დაავადება, გონორეაც შეიძლება გავრცელდეს თვალზე და კონიუნქტივიტი განვითარდეს.

მძიმე ინფექციების შემდეგ კონიუნქტივაზე ზოგჯერ ნაწიბუროვანი ქსოვილი წარმოიქნება, რაც ცრემლის გარსის დარღვევას იწვევს. ხანდახან ასეთი ინფექციები რქოვანაზეც ვრცელდება (თვალის წინა, გამჭვირვალე ნაწილზე).

სიმპტომები

ინფიცირებული თვალი ღიზიანდება და ძლიერმა სინათლემ შეიძლება დისკომფორტი გამოიწვიოს. კონიუნქტივა წითელ ფერს იღებს სისხლძარღვების გაფართოების გამო და ჩნდება გამონადენი. ხშირად მის გამო ქუთუთოები ერთმანეთს ეწებება, განსაკუთრებით კი ღამით. გამონადენი მხედველობის დაბურვასაც იწვევს. დახამხამებისა და გამონადენის გადაწმენდის შემდეგ მხედველობა უმჯობესდება. თუ რქოვანაც ინფიცირდა, დაბურვას ხამხამი აღარ შველის. ძალიან იშვიათად მძიმე ინფექციები კონიუნქტივას ნაწიბურის წარმოქმნასა და მხედველობის ხანგრძლივ პრობლემებს იწვევენ.

ვირუსული კონიუნქტივიტი ბაქტერიულისგან შემდეგი თავისებურებებით განსხვავდება:

  • გამონადენი თვალიდან წყლის მსგავსია ვირუსული კონიუნქტივიტის დროს, სქელი თეთრი ან ყვითელი – ბაქტერიულის შემთხვევაში;

  • ზედა სასუნთქი გზების ინფექციის დროს უფრო მეტია ალბათობა, რომ კონიუნქტივიტი ვირუსულია;

  • ვირუსული კონიუნქტივიტის დროს ყურის წინ მდებარე ლიმფური კვანძი შეიძლება გადიდდეს და მტკივნეული იყოს, რაც, როგორც წესი, არ გვხვდება ბაქტერიულის შემთხვევაში.

ამ ნიშნების საფუძველზე ზუსტად ყოველთვის ვერ ხერხდება ვირუსული და ბაქტერიული კონიუნქტივიტის ერთმანეთისგან გარჩევა. ჩანართებიან ან გონორეულ კონიუნქტივიტს გენიტალიური ინფექციის ნიშნებიც ახლავს თან, მაგ. გამონადენი ასოდან ან საშოდან, წვა შარდვისას.

დიაგნოზი

ინფექციური კონიუნქტივიტის დიაგნოზი სიმპტომების მიხედვით და გარეგნული დათვალიერების შედეგად ისმება. თვალს ექიმი ყურადღებით გამოიკვლევს ბიომიკროსკოპით (ინსტრუმენტი, რომელიც თვალის ზედაპირის გამოსახულებას ადიდებს). ინფიცირებული გამონადენის ნიმუშები შესაძლოა ლაბორატორიაშიც გაიგზავნოს, რათა დაითესოს კულტურა და დადგინდეს გამომწვევი მიკროორგანიზმი. თუმცაღა, ექიმები, როგორც წესი, ამას მხოლოდ მაშინ მიმართავენ, თუ სიმპტომები ძალიან მძიმეა, განმეორებით იჩენს თავს ან სავარაუდო გამომწვევი ქლამიდია ან ეისსერია გონორრჰოეაე-ა.

პროგნოზი და მკურნალობა

ინფექციური კონიუნქტივიტი შემთხვევათა უმრავლესობაში მკურნალობის გარეშეც გაივლის. თუმცა, ზოგი ინფექცია, განსაკუთრებით კი ბაქტერიული, შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, თუ მკურნალობა არ ჩატარდა. ჩანართებიანი კონიუნქტივიტი, მაგალითად, თვეების მანძილზე გრძელდება მკურნალობის გარეშე.

თუ გამონადენი ქუთუთოზე დაგროვდა, საჭიროა მისი ნაზად ჩამობანა (თვალი დახუჭული უნდა იყოს) ონკანის წყლითა და სუფთა პირსახოცით გაწმენდა. თბილი ან გრილი კომპრესები ზოგჯერ გაღიზიანების შეგრძნებასაც ამსუბუქებენ. ინფექციური (ბაქტერიული ან ვირუსული) კონიუნქტივიტი ძალიან გადამდებია, ამიტომ თვალის ჩამობანამდე, წამლის ჩაწვეთებამდე და შემდეგ აუცილებელია ხელების დაბანა. ასევე საჭიროა სიფრთხილე, რათა ინფიცირებულ თვალზე შეხების შემდეგ თითებით ჯანმრთელ თვალზე არ გადავიდეს ინფექცია. ინფიცირებული თვალის გასაწმენდად გამოყენებული პირსახოცები და ხელსახოცები სხვებისგან განცალკევებით უნდა ინახებოდეს. ინფექციური კონიუნქტივიტის დროს ადამიანები, როგორც წესი, რამდენიმე დღით სახლში რჩებიან და არ მიდიან სამსახურსა და სასწავლებელში, ისევე, როგორც, მაგალითად, გრიპის დროს. ვირუსული კონიუნქტივიტის უმძიმეს შემთხვევებში სახლში დარჩენა ზოგჯერ კვირების მანძილზეა აუცილებელი.

ბაქტერიული კონიუნქტივიტის სამკურნალოდ ანტიბიოტიკები ეფექტურია. თუმცაღა, იმის გამო, რომ ძნელია ბაქტერიულისა და ვირუსულის ერთმანეთისგან გარჩევა, ექიმები ზოგჯერ კონიუნქტივიტის მქონე ყველა ადამიანს უნიშნავენ ამ წამლებს. ანტიბიოტიკების შემცველი წვეთები ან მალამოები, მაგ. ციპროფლოქსაცინი ან ტრიმეთოპრიმ-პოლიმიქსინი, მრავალ ბაქტერიაზე მოქმედებს და ისინი 7-10 დღით ინიშნება. წვეთები დღეში 4-ჯერ უნდა ჩაიწვეთოს ადამიანმა. მალამო უფრო დიდხანს მოქმედებს და 6 საათში ერთხელ დაიტანება თვალზე, მაგრამ მხედველობის დაბურვას იწვევს.

ჩანართებიანი კონიუნქტივიტიც საჭიროებს ანტიბიოტიკებს, მაგ. აზითრომიცინს, დოქსიციკლინს ან ერითრომიცინს, რომლებიც დასალევად ინიშნება. გონოკოკური კონიუნქტივიტის სამკურნალოდ ცეფტრიაქსონის ინექცია გამოიყენება. მძიმე ადენოვირუსული კონიუნქტივიტის დროს, განსაკუთრებით მაშინ, თუ თვალის ანთება მნიშვნელოვან ყოველდღიურ საქმიანობაში უშლის ადამიანს ხელს, კორტიკოსტეროიდის წვეთები ინიშნება. ანტივირუსული საშუალებები ვირუსებით გამოწვეული კონიუნქტივიტების დროს ხშირად ეფექტური არ არის, თუმცა, არსებობს გამონაკლისებიც. მაგალითად, ჰერპესვირუსული კონიუნქტივიტის დროს შესაძლებელია ანტივირუსული წამლების თვალში ჩაწვეთება (მაგ. ტრიფლურიდინის წვეთების) ან დალევა (აციკლოვირი).