ტრაქომა | მკურნალი.გე
  1. ტრაქომა
  2. კონიუნქტივისა და სკლერის დაავადებები
  3. მხედველობის სისტემის დაავადებები
ტრაქომა

ტრაქომა (იგივე გრანულარული კონიუნქტივიტი ან ეგვიპტური ოფთალმია) კონიუნქტივის გახანგრძლივებული ინფექციაა, რომელსაც ბაქტერია ჩჰლამყდია ტრაცჰომატის იწვევს.

  • ჩჰლამყდია ტრაცჰომატის-ით გამოწვეული თვალის ინფექცია უფრო ხშირად უვითარდებათ განვითარებად, ცხელი, მშრალი ჰავის ქვეყნებში მცხოვრებ ბავშვებს;

  • ვლინდება თვალის სიწითლე, გაღიზიანება და მძიმე შემთხვევაში – ნაწიბურის წარმოქმნა და მხედველობის დაკარგვაც კი;

  • ანტიბიოტიკები, როგორც წესი, ეფექტურია.

ტრაქომას იწვევს ჩჰლამყდია ტრაცჰომატის-ის ზოგიერთი, არა სქესობრივად გადამდები შტამი. ეს დაავადება ხშირია ჩრდილოეთ აფრიკის, ახლო აღმისავლეთის, ინდოეთის ნახევარკუნძულის, ავსტრალიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მშრალი, ცხელი ჰავის ქვეყნებში. ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრაქომა იშვიათია და ზოგჯერ გვხვდება ადგილობრივ ამერიკელებსა (ინდიელებში) და მსოფლიოს იმ ქვეყნებიდან იმიგრირებულებში, სადაც დაავადება ხშირია.

ტრაქომა ძირითადად ბავშვებში ვითარდება, განსაკუთრებით კი 3-6 წლის ასაკში. უფროს ბავშვებსა და მოზრდილებში იგი იშვიათია, რადგან მათი იმუნიტეტი უკეთესია და თანაც, უკეთესად იცავენ პირად ჰიგიენას.

ტრაქომა საწყის ეტაპზე გადამდებია და ვრცელდება ინფიცირებული თვალიდან ხელებით, ბუზებით ან დაბინძურებული საერთო საგნების, მაგ, პირსახოცების, ხელსახოცებისა და თვალის მაკიაჟის გამოყენებით.

სიმპტომები

ტრაქომა, როგორც წესი, ორივე თვალზე ვითარდება. კონიუნქტივა შეწითლებული, ანთებადი, გაღიზიანებულია და აღინიშნება ჭარბი ცრემლდენა. ქუთუთოები შუპდება. აღინიშნება მომატებული მგრძნობელობა სინათლეზე.

დაავადების მოგვიანებით სტადიაზე რქოვანაზე სისხლძარღვები იზრდება (ნეოვასკულარიზაცია), რაც მხედველობას აქვეითებს. ზოგჯერ ქუთუთო იმდენად ნაწიბურდება, რომ წამწამები შიგნით ჩაბრუნდება (ტრიქიაზი). დახამხამებისას ისინი რქოვანას ედება და ფხაჭნის, რაც ინფექციასა და შეუქცევად დაზიანებას იწვევს. ტრაქომას მქონე ადამიანების 5%ში მხედველობის დაქვეითება ან დაკარგვა ვითარდება.

დიაგნოზი

ექიმებს ტრაქომაზე ეჭვი თვალების დათვალიერების შემდეგ და სიმპტომების ხანგრძლივობის მიხედვით მიაქვთ. დიაგნოზის დადასტურება შეიძლება თვალიდან აღებული ნაცხის ლაბორატორიაში გაგზავნით, სადაც ინფექციური ორგანიზმი ამოითესება და დგინდება.

პრევენცია

იმის გამო, რომ დაავადება გადამდებია, ინფექცია ხშირად ვითარდება ხელახლა. მის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ხელებისა და სახის რეგულარული დაბანა. ასევე, ადამიანები უნდა მოერიდონ საერთო პირსახოცების, ხელსახოცების, თეთრეულისა და თვალის მაკიაჟის გამოყენებას. დაავადება ბუზებსაც გადააქვთ ადამიანიდან ადამიანზე, ამიტომ ისეთი ადგილების რაოდენობა, სადაც ბუზები მრავლდებიან, მაქსიმალურად უნდა შემცირდეს.

მკურნალობა

ტრაქომის სამკურნალოდ ანტიბიოტიკი (მაგ. აზითრომიცინი, დოქსიციკლინი ან ტეტრაციკლინი) ინიშნება დასალევად. ასევე შეიძლება ტეტრაციკლინის ან ერითრომიცინის მალამოს გამოყენებაც. ექიმები ხშირად ანტიბიოტიკებს მთელ სამეზობლოს ერთად უნიშნავენ, სადაც მრავალ ადამიანს ერთად აქვს ტრაქომა. თუ დაავადებამ ქუთუთო, კონიუნქტივა ან რქოვანა დააზიანა, შესაძლოა ქირურგიული ჩარევა გახდეს საჭირო.