ოქროსფერი სტაფილოკოკით გამოწვეული ინფექციები | მკურნალი.გე
  1. ოქროსფერი სტაფილოკოკით გამოწვეული ინფექციები
  2. ბაქტერიული ინფექციები (ინფექციები)
  3. ინფექციები
ოქროსფერი სტაფილოკოკით გამოწვეული ინფექციები

ოქროსფერი სტაფილოკოკი წარმოადგენს სტაფილოკოკის ბევრი გარცელებული სახეობიდან ყველაზე საშიშ სახეობას.

  • ეს ბაქტერიები ვრცელდება დაინფიცირებულ ადამიანთან პირდაპირი კონტაქტისას. მაგ. დაბინძურებული საგნის მეშვეობით ან ცემინებისას და ხველებისას გამოყოფილი დაინფიცირებული ნაწილაკების შესუნთქვით;

  • ხშირია კანის ინფექციები, მაგრამ ბაქტერიები შეიძლება გავრცელდნენ სისხლის მიმოქცევით და გამოიწვიონ შორეული ორგანოების დაინფიცირება;

  • კანის ინფექციებმა შეიძლება გამოიწვიონ ბუშტუკები, აბსცესები და დაინფიცირებული ადგილის სიწითლე და შეშუპება;

  • დიაგნოზი ეფუძნება კანის შესახედაობას ან დაინფიცირებული მასალის ნიმუშში ბაქტერიის აღმოჩენას;

  • ხელების სრულყოფილად დაბანამ შეიძლება თავიდან აგვაცილოს დაავადების გავრცელება;

  • ანტიბიოტიკებს არჩევენ იმის მიხედვით, არიან თუ არა ისინი ეფექტურნი ინფექციის გამომწვევი შტამის წინააღმდეგ.

ოქროსფერი სტაფილოკოკი გვხვდება მოზრდილი ადამიანების ცხვირსა (ადამიანების 60%-ში დროებით, ხოლო 20-30%-ში – სამუდამოდ) და ზოგჯერ კანზე. ადამიანებს, რომელთაც აქვთ ბაქტერია, მაგრამ არ აქვთ ბაქტერიით გამოწვეული სიმპტომები, ეწოდებათ მტარებლები. მტარებლები დიდი ალბათობით შესაძლოა იყვნენ ის ადამიანები, რომელთა კანის მთლიანობა ხშირად ირღვევა (მაგ. კანში ჩვხლეტა). ასეთ ჯგუფს მიეკუთვნებიან:

  • ადამიანები, რომლებსაც აქვთ შაქრიანი დიაბეტი და რეგულარულად სჭირდებათ ინსულინის ინექციები;

  • ადამიანები, რომლების ინტრავენურ ნარკოტიკებს მოიხმარენ;

  • ადამიანები, რომლებსაც მკურნალობენ ჰემოდიალიზით ან ქრონიკული ამბულატორიული პერიტონეალური დიალიზით;

  • ადამიანები, რომლებსაც აქვთ კანის ინფექციები, შიდსი ან ადრე ჰქონდათ სისხლის მიმოქცევის სტაფილოკოკით გამოწვეული ინფექცია.

ადამიანებმა შესაძლოა ხელების მეშვეობით გადაიტანონ ბაქტერიები საკუთარი ცხვირიდან სხეულის სხვა ნაწილებში, რაც ზოგჯერ იწვევს ინფექციას. მტარებლებს შესაძლოა განუვითარდეთ ინფექცია, თუ მათ უტარდებათ ოპერაციული ჩარევა, ჰემოდიალიზი ან ქრონიკული ამბულატორიული პერიტონეალური დიალიზი ან აქვთ შიდსი.

ბაქტერია შეიძლება გავრცელდეს ადამიანიდან ადამიანზე პირდაპირი კონტაქტით, დაბინძურებული საგნების მეშვეობით (როგორებიცაა ტელეფონები, კარების სახელურები, პულტები ან ლიფტის ღილაკები) ან, შედარებით იშვიათად, ცემინების ან ხველების დროს გამოყოფილი დაინფიცირებული ნაწილაკების შესუნთქვით.

ოქროსფერი სტაფილოკოკით გამოწვეული ინფექციები შეიძლება იყოს როგორც მსუბუქი, ასევე სიცოცხლისთვის სახიფათოც. ბაქტერიები მიდრეკილნი არიან კანის დაინფიცირებისკენ, რითიც ხშირად იწვევენ აბსცესებს. თუმცა, ბაქტერია შესაძლოა გადაადგილდეს სისხლის მიმოქცევით (იწვევს ბაქტერიემიას) და დააინფიციროს სხეულის ნებისმიერი ნაწილი, განსაკუთრებით კი – გულის სარქვლები (ენდოკარდიტი) და ძვლები (ოსტეომიელიტი). აგრეთვე, ბაქტერიები შეიძლება დაგროვდნენ სამედიცინო მოწყლობილობებზე, როგორებიცაა ხელოვნური გულის სარქვლები ან სახსრები, გულის რიტმის წამყვანები და მილები (კათეტერები), რომლებიც კანის გავლით ჩაიდგმება სისხლძარღვებში.

გარკვეული სახის სტაფილოკოკური ინფექციები შესაძლოა განვითარდეს უპირატესად კონკრეტული სიტუაციების დროს:

  • ენდოკარდიტი: როცა ადამიანები იკეთებენ ინტრავენურ ნარკოტიკებს, აქვთ სისხლძარღვის დაინფიცირებული კათეტერი ან გულის ხელოვნური სარქველი.

  • ოსტეომიელიტი: თუ ოქროსფერი სტაფილოკოკი ვრცელდება სისხლის მიმოქცევიდან ან მეზობელი რბილი ქსოვილის ინფექციიდან ძვალზე. ასე შეიძლება მოხდეს ღრმა ნაწოლებისა და ტერფის წყლულების დროს, რომლებიც გამოწვეულია დიაბეტით.

  • ფილტვების ინფექცია (პნევმონია): როცაადამიანებს აქვთ გრიპი (განსაკუთრებით) ან სისხლის მიმოქცევის ინფექცია, ან როდესაც საჭირო ხდება მათი ჰოსპიტალიზაცია ტრაქეის ინტუბაციის ან მექანიკური ვენტილაციის აუცილებლობის გამო

არსებობს ოქროსფერი სტაფილოკოკის ბევრი შტამი. ზოგიერთი მათგანი წარმოქმნის ტოქსინებს, რომლებიც იწვევენ სტაფილოკოკური საკვებისმიერი ინტოქსიკაციის სიმპტომებს, ტოქსიკური შოკის სინდრომს ან ტოქსიკურ ეპიდერმულ ნეკროლიზს.

ბევრ შტამს განუვითარდა რეზისტენტობა ანტიბიოტიკების ეფექტებისადმი. თუ მტარებლები იღებენ ანტიბიოტიკებს, ეს ანტიბიოტიკები კლავენ არარეზისტენტულ შტამებს, მაგრამ ტოვებენ რეზისტენტულ შტამებს. რეზისტენტული ბაქტერიები მრავლდებიან და თუ ისინი გამოიწვევენ ინფექციას, ამ ინფექციის განკურნება უფრო რთული იქნება. არიან თუ არა ბაქტერიები რეზისტენტულნი ანტიბიოტიკების მიმართ, ეს ხშირად დამოკიდებულია იმ ადგილზე, თუ სად შეხვდა ინფექცია ადამიანს: სამედიცინო დაწესებულებაში თუ სამედიცინო დაწესებულების გარეთ (საზოგადოებაში).

მეთიცილინ-რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკი (MRSA): იმის გამო, რომ ანტიბიოტიკები ფართოდ გამოიყენება საავადმყოფოში, საავადმყოფოს მუშაკები ხშირად წარმოადგენენ რეზისტენტული ფორმების მტარებლებს. როდესაც ადამიანები ინფიცირდებიან სამედიცინო დაწესებულებაში, ბაქტერიები ჩვეულებრივ რეზისტენტულები არიან რამდენიმე ანტიბიოტიკისადმი, მათ მიეკუთვნება აგრეთვე პენიცილინთან კავშირში მყოფი ანტიბიოტიკები. ასეთ ანტიბიოტიკებს ეწოდებათ ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკები. ბაქტერიის შტამებს, რომლებიც რეზისტენტულები არიან ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ, ეწოდება მეთიცილინ-რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკი (MRSA). MRSA შტამები უფრო ხშირია, თუ ინფექცია შეძენილია საავადმყოფოში. საზოგადოებაში შეძენილი უფრო და უფრო მეტი ინფექცია, მათ შორის მსუბუქი ფორმის აბსცესები და კანის ინფექციები, გამოწველია MRSA-ის შტამებით.

სიმპტომები

ოქროსფერი სტაფილოკოკით გამოწვეულ კანის ინფექციებს მიეკუთვნება:

  • ფოლიკულიტი წარმოადგენს ყველაზე მსუბუქ ინფექციას. ხდება თმის ფესვის (ფოლიკული) დაინფიცირება, რომელიც იწვევს მცირედ მტკივნეული, პატარა კვანძის გაჩენას თმის ძირში.

  • იმპეტიგოს დროს გვხვდება ზედაპირული, სითხით სავსე ბებერები, რომლებიც სკდება და ტოვებს თაფლისფერ ქერქებს. იმპეტიგომ შესაძლოა გამოიწვიოს ქავილი ან ტკივილი.

  • აბსცესები (ძირმაგარები ან ფურუნკულები) წარმოადგენენ კანქვეშ მდებარე ჩირქის თბილ და მტკივნეულ დაგროვებებს.

  • ცელულიტი არის კანისა და მის ქვეშ მდებარე ქსოვილების ანთება. ცელულიტი ვრცელდება, იწვევს ტკივილსა და სიწითლეს.

  • ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი (ჩვილებში) არის სერიოზული დაავადება. ისინი იწვევენ კანის დიდი ნაწილის აცლას.

ყველა სტაფილოკოკური ინფექცია არის ძალიან გადამდები.

მშობიარობიდან 1-4 კვირის შემდეგ შესაძლოა განვითარდეს სარძევე ჯირკვლის ინფექციები (მასტიტი), მათ შორის ცელულიტი და აბსცესები. დვრილების გარშემო არსებული ადგილი წითლდება და ხდება მტკივნეული. აბსცესები დედის რძეში ხშირად გამოყოფს ბაქტერიების დიდ რაოდენობას. ამის შემდეგ, ბაქტერიებმა შესაძლოა დააინფიცირონ ძუძუზე მყოფი ბავშვიც.

პნევმონია ხშირად იწვევს მაღალ ცხელებას, სუნთქვის უკმარისობასა და ხველას ნახველით, რომელიც შეიძლება შეფერადებული იყოს სისხლით. ზოგჯერ ვითარდება ფილტვის აბსცესები. მათ შესაძლოა მოიმატონ ზომაში და დააინფიცირონ ფილტვების გარშემო მდებარე მემბრანები (პლევრიტი) და ზოგჯერ გამოიწვიონ ჩირქის დაგროვება, რომელსაც ემპიემა ეწოდება. ეს პრობლემები სუნთქვას კიდევ უფრო ართულებს.

სისხლის მიმოქცევის ინფექცია ხშირია მძიმე დამწვრობების მქონე ადამიანებში. სიმპტომებს ჩვეულებრივ, მიეკუთვნება მუდმივი მაღალი ცხელება და ზოგჯერ – შოკი.

ენდოკარდიტი სწრაფად აზიანებს გულის სარქვლებს, რაც იწვევს გულის უკმარისობას (სუნთქვის უკმარისობით) და, შესაძლოა, სიკვდილს.

ოსტეომიელიტი იწვევს შემცივნებას, ცხელებასა და ძვლების ტკივილს. დაინფიცირებული ძვლის ზევით მდებარე კანი და რბილი ქსოვილები ხდება წითელი და შეშუპებული, ახლომდებარე სახსრებში შესაძლოა დაგროვდეს სითხე.

დიაგნოზი

კანის დაავადებების დიაგნოზი ისმება მათ შესახედაობაზე დაყრდნობით. სხვა ინფექციები საჭიროებს სისხლის ან დაინფიცირებული სითხეების ნიმუშებს, რომლებიც იგზავნება ლაბორატორიაში ბაქტერიების გაზრდის (კულტივირება) მიზნით. ლაბორატორიის შედეგები ადასტურებს დიაგნოზს და განსაზღვრავს, თუ რომელ ანტიბიოტიკებს შეუძლიათ სტაფილოკოკის მოკვლა (გამოკვლევა მგრძნობელობაზე).

თუ ექიმს ეჭვი მიაქვს ოსტეომიელიტზე, ატარებს რენტგენოლოგიურ გამოკვლევას, კომპიუტერულ ტომოგრაფიას (CT), მაგნიტურ-რეზონანსულ გამოკვლევას (MRT) ან მათ კომბინაციას. ეს გამოკვლევები დაადგენს, თუ სად არის დაზიანება და რამდენად მწვავეა იგი.

პრევენცია

ადამიანებს შეუძლიათ ბაქტერიების გავრცელების თავიდან აცილება, თუ ყოველთვის კარგად დაიბანენ ხელებს საპნითა და წყლით ან ხელის ანტიბაქტერიული კრემით. შესაძლებელია ბაქტერიების ცხვირიდან მოცილება ნესტოებში ანტიბიოტიკ მუპიროცინის გამოყენებით, თუმცა, მუპიროცინის ზედმეტი რაოდენობით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მისდამი რეზისტენტობის განვითარება, ამიტომ ანტიბიოტიკი გამოიყენება მხოლოდ იმ ადამიანებში, რომლებიც იმყოფებიან ინფექციის განვითარების რისკის ქვეშ. მაგ. ის ენიშნებათ ადამიანებს გარკვეული ოპერაციების წინ ან იმ ოჯახის წევრებს, სადაც ვრცელდება კანის ინფექცია.

მკურნალობა

ოქროსფერი სტაფილოკოკით გამოწვეულ ინფექციებს მკურნალობენ ანტიბიოტიკებით. ექიმები ცდილობენ იმის განსაზღვრას, არიან თუ არა ბაქტერიები რეზისტენტულნი და თუ კი, რომელი ანტიბიოტიკების მიმართ.

საავადმყოფოში შეძენილ ინფექციებს მკურნალობენ ანტიბიოტიკებით, რომლებიც ეფექტურნი არიან მეთიცილინ-რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკის (MRSA) წინააღმდეგ. ეს ანტიბიოტიკებია: ცეფტობიპროლი, ვანკომიცინი, ლინეზოლიდი, ქვინუპრისტინი დაფტომიცინთან ერთად ან დაფტომიცინი. თუ შემდეგი გამოკვლევები მიუთითებენ იმაზე, რომ შტამები მეთიცილინ-მგრძნობიარეა და ადამიანი არ არის ალერგიული პენიცილინის მიმართ, გამოიყენებენ მეთიცილინთან დაკავშირებულ პრეპარატს, როგორიცაა, მაგ. ნაფცილინი. ინფექციის სიმძიმის ხარისხის მიხედვით, შესაძლებელია ანტიბიოტიკების კვირების განმავლობაში მიცემა.

MRSA ინფექციის შეძენა შეიძლება სამედიცინო დაწესებულების გარეთაც. საზოგადოებაში შეძენილი MRSA ჩვეულებრივ, მგრძნობიარეა სხვა ანტიბიოტიკების მიმართ, როგორებიცაა ტრიმეტოპრიმ-სულფომეთოქსაზოლი, კლინდამიცინი, მინოციკლინი ან დოქსიციკლინი და იმ ანტიბიოტიკების მიმართაც, რომლებიც გამოყენება საავადმყოფოში შეძენილი MRSA-ით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ. MRSA-ით გამოწვეული მსუბუქი ინფექციების (როგორიცაა მაგ. ფოლიკულიტი) სამკურნალოდ ჩვეულებრივ გამოიყენება მალამო, როგორიცაა, მაგ. ბაციტრაცინის, ნეომიცინისა და პოლიმიქსინ B-ს შემცველი (რომელიც გაიცემა ურეცეპტოდ) ან მუპიროცინის შემცველი მალამო, რომელიც გაიცემა მხოლოდ რეცეპტით. თუ მალამოთი მკურნალობა საკმარისი არ არის, MRSA-ის საწინააღმდეგო ეფექტურ ანტიბიოტიკებს ალევინებენ ან უნიშნავენ ინტრავენურად. თუ რომელ ანტიბიოტიკს გამოვიყენებთ, დამოკიდებულია ინფექციის სიმწვავის ხარისხსა და მგრძნობელობის ტესტის შედეგებზე.

თუ ინფექცია აზიანებს ძვალს ან სხეულში არსებულ ხელოვნურ მასალას (როგორიცაა, მაგ. რიტმის წამყვანი, გულის ხელოვნური სარქვლები, სახსრები ან გადანერგილი სისხლძარღვები), ზოგჯერ ანტიბიოტიკების რეჟიმს ემატება რიფამპინი. ჩვეულებრივ, ინფექციის განკურნების მიზნით საჭიროა დაინფიცირებული ძვლისა და ხელოვნური მასალის მოცილება ქირურგიული გზით.

აბსცესების არსებობის შემთხვევაში ხდება მათი დრენირება.

სხვა სტაფილოკოკური ინფექციები

ოქროსფერი სტაფილოკოკი წარმოქმნის ფერმენტ კოაგულაზას. სტაფილოკოკის სხვა სახეობები არ წარმოქმნიან ამ ფერმენტს და ამიტომ მათ ეწოდებათ კოაგულაზა-უარყოფითი სტაფილოკოკები. ეს ბაქტერიები ჩვეულებრივ სახლობენ ყველა ჯანმრთელი ადამიანის კანზე.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ბაქტერიები ოქროსფერ სტაფილოკოკთან შედარებით ნაკლებ სახიფათონი არიან, მათ შეიძლება გამოიწვიონ სერიოზული ინფექციები, თუკი ისინი შეძენილია საავადმყოფოში. ბაქტერიებმა შესაძლოა დააინფიცირონ კანის გავლით სისხლძარღვში მოთავსებული კათეტერი ან სხეულში ჩანერგილი სამედიცინო მოწყობილობა, როგორიცაა, მაგ. რიტმის წამყვანი ან გულის ხელოვნური სარქვლები და სახსრები.

ეს ბაქტერიები ხშირად რეზისტენტულები არიან ბევრი ანტიბიოტიკის მიმართ. გამოიყენება ვანკომიცინი, რომელიც ეფექტურია ბევრი რეზისტენტული ბაქტერიის საწინააღმდეგოდ. მას ზოგჯერ გამოიყენებენ რიფამპინთან ერთად. თუ დაინფიცირდა სამედიცინო მოწყობილობა, აუცილებელია მისი ამოღება