1. ალერგიული კონიუნქტივიტი
  2. კონიუნქტივისა და სკლერის დაავადებები
  3. მხედველობის სისტემის დაავადებები
ალერგიული კონიუნქტივიტი

ალერგიული კონიუნქტივიტი კონიუნქტივის ანთებაა, რომელსაც ალერგიული რეაქცია იწვევს.

  • ალერგიულმა რეაქციებმაც შეიძლება გამოიწვიოს კონიუნქტივის ანთება;

  • ხშირია სიწითლე, გაღიზიანება, შეშუპება და გამონადენი;

  • ანთების შესამცირებლად სხვადასხვანაირი თვალის წვეთები გამოიყენება.

კონიუნქტივა დიდი რაოდენობით შეიცავს იმუნური სისტემის უჯრედებს (პოხიერ უჯრედებს), რომლებიც მრავალნაირი გაღიზიანების საპასუხოდ (მაგ. მცენარეთა მტვრის ან მტვრის ტკიპების მოქმედებაზე) ქიმიურ ნივთიერებებს (მედიატორებს) გამოყოფენ. ეს მედიატორები თვალების ანთებას იწვევენ, რაც შეიძლება ხანმოკლე იყოს ან გახანგრძლივდეს. რაღაც ხარისხით გამოხატული ალერგიული კონიუნქტივიტი ადამიანთა მოსახლეობის 20%-ს აღენიშნება.

სეზონური ალერგიული კონიუნქტივიტი და არასეზონური (მთელი წლის მანძილზე მიმდინარე) ალერგიული კონიუნქტივიტი თვალის ალერგიული რეაქციებიდან ყველაზე ხშირია. სეზონურ ალერგიულ კონიუნქტივიტს ძირითადად ხეების ან ბალახეულობის მტვერი იწვევს, რის გამოც ეს დაავადება გაზაფხულსა და ადრე ზაფხულში ვითარდება. ზაფხულსა და ადრე შემოდგომაზე ალერგიული კონიუნქტივიტის სიმპტომები სარეველა მცენარეების მტვრის ბრალია. არასეზონური ალერგიული კონიუნქტივიტი მთელი წლის მანძილზე აწუხებს ადამიანს და ყველაზე ხშირად მას მტვრის ტკიპები, ცხოველის ბეწვი და ფრინველების ფრთები იწვევს.

გაზაფხულის კატარი (Vერნალ ჩონჯუნცტივიტის) ალერგიული კონიუნქტივიტის კიდევ უფრო მძიმე ფორმაა, რომლის გამომწვევი გამღიზიანებელი ანუ ალერგენი ცნობილი არ არის. დაავადება ხშირია ბიჭებში, განსაკუთრებით კი 5-20 წლის ასაკში და მათში, ვისაც ასევე აღენიშნება ეგზემა, ასთმა ან სეზონური ალერგიები. გაზაფხულის კატარი ყოველ გაზაფხულზე ხელახლა ვლინდება და მსუბუქდება შემოდგომასა და ზამთარში. ბევრ ბავშვს მოზარდობის ასაკის შემდეგ დაავადება თავისით გაუვლის.

სიმპტომები

ყველა სახის ალერგიული კონიუნქტივიტის დროს ვითარდება ორივე თვალის ქავილი და წვა. ეს მოვლენები ხშირად ორივე მათგანში თანაბრადაა გამოხატული, თუმცა, ზოგჯერ ჭარბობს ერთში. აღინიშნება კონიუნქტივის შეწითლება, ხანდახან შეშუპებაც, რის გამოც თვალს ამობერილი შესახედაობა აქვს და ეს ბევრ ადამიანს საკმაოდ აწუხებს. სეზონური და არასეზონური კონიუნქტივიტისთვის დიდი რაოდენობით თხელი, წყალწალა გამონადენია დამახასიათებელი. იგი ზოგჯერ წელვადიცაა. მხედველობა იშვიათად ქვეითდება. ხშირია ცხვირიდან გამონადენის თანაარსებობაც.

გაზაფხულის კატარის დროს თვალიდან გამონადენი სქელი და ლორწოვანია. ალერგიული კონიუნქტივიტის სხვა ფორმებისგან განსხვავებით, ეს დაავადება ხშირად რქოვანასაც აზიანებს და მტკივნეული წყლულების წარმოქმნას იწვევს. ეს წყლულები თვალის ძლიერ ტკივილს იწვევენ სინათლის მოქმედებისას და ზოგჯერ მხედველობაც სამუდამოდ ქვეითდება.

დიაგნოზი და მკურნალობა

ექიმები ალერგიულ კონიუნქტივიტს ტიპური შესახედაობითა და სიმპტომებით ცნობენ. სამკურნალოდ ალერგიის საწინააღმდეგო წვეთები ინიშნება. სიმპტომების შესამსუბუქებლად ხელოვნური ცრემლიც გამოიყენება. მსუბუქი ალერგიის დროს შეიძლება საკმარისი იყოს ანტიჰისტამინის (მაგ. ანტაზოლინის ან ფენირამინის) და თვალის სისხლძარღვების შემავიწროვებელი საშუალების (მაგ. ნაფაზოლინის) შემცველი საშუალება. ამ წამლების ყიდვა რეცეპტის გარეშეც შეიძლება. თუკი ისინი არ მოქმედებს, რეცეპტით გაცემული ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატებიც შეიძლება იყოს ეფექტური. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები ანთების ჩაცხრობას უწყობს ხელს და შესაძლოა სიმპტომებიც შეამსუბუქოს. კორტიკოსტეროიდის შემცველი წვეთების ანთების საწინააღმდეგო მოქმედება უფრო ძლიერია, მაგრამ მათი გამოყენება რამდენიმე კვირაზე მეტხანს არ შეიძლება ექიმის მეთვალყურეობის გარეშე, რადგან შეიძლება თვალშიდა წნევის გაზრდა (გლაუკომა), კატარაქტა და თვალის ინფექციების რისკის გაზრდა გამოიწვიონ.