რქოვანას წყლული ინფიცირებული, ღია დაზიანებაა თვალის გამჭვირვალე გარსზე.
წყლულის განვითარების მიზეზი შეიძლება რქოვანას ტრავმა გახდეს, რის შედეგადაც იგი ინფიცირდება ბაქტერიებით, სოკოებით ან უმარტივესი აკანტამებათი (ცანტჰამოება – ცოცხლობს დაბინძურებულ წყალში). ვირუსულ წყლულებს (ხშირად ჰერპესის ვირუსითაა გამოწვეული) ახასიათებთ განმეორებით განვითარება ფიზიკური სტრესის გამო ან სპონტანურად, უმიზეზოდ. წყლული მაშინაც ყალიბდება, როცა უცხო სხეული თვალში დიდხანს რჩება ან, უფრო ხშირად, კონტაქტური ლინზების ღამით დატოვების ან არასრულყოფილად დეზინფიცირებისას თვალის გაღიზიანების გამო. ცილისა და ვიტამინის ნაკლებობამაც შეიძლება გამოიწვიოს რქოვანას წყლული, თუმცა, ეს მიზეზი შედარებით იშვიათია ამერიკის შეერთებულ შტატებში.
თუ ქუთუთოები სრულად ვერ იხურება, რქოვანა შესაძლოა გამოშრეს და გაღიზიანდეს, რაც, თავის მხრივ, დაზიანებასა და დაწყლულებას იწვევს. რქოვანას წყლულის მიზეზი ზოგჯერ წამწამების ჩაბრუნება (ტრიქიაზი), ქუთუთოს ჩაბრუნება (ენტროპიონი) ან ანთებაცაა (ბლეფარიტი).
რქოვანას წყლული ვლინდება ტკივილით, უცხო სხეულის ჩავარდნის შეგრძნებით, ძლიერ სინათლეზე ტკივილამდე მომატებული მგრძნობელობითა და ცრემლდენით. იგი თეთრი ლაქის სახით ჩანს რქოვანაზე. ზოგჯერ წყლული მთელ ზედაპირს იკავებს და და ღრმადაც ჩაიზრდება. რქოვანას უკან შესაძლოა ჩირქი დაგროვდეს და თეთრი ფენის სახით გამოჩნდეს მის ქვედა ნაწილში. რაც უფრო ღრმაა წყლული, მით უფრო გამოხატულია სიმპტომები და მძიმეა გართულებები. კონიუნქტივა, როგორც წესი, ძლიერაა გაწითლებული და ადამიანს თვალიდან ლორწოვანი, თეთრი გამონადენი აღენიშნება.
რქოვანას წყლულები შესაძლოა მკურნალობით შეხორცდეს, მაგრამ ზოგჯერ შემღვრეული ნაწიბური რჩება მათგან, რაც მხედველობას აქვეითებს. სხვა გართულებებიდან აღსანიშნავია: ღრმა ინფექცია, რქოვანას გახვრეტა, ფერადი გარსის დეფორმაცია და თვალის კაკლის უმეტესი ქსოვილის დაზიანება.
წყლულის კარგად დასათვალიერებლად ექიმები საღებავის, ფლუორესცეინის შემცველ წვეთებს იყენებენ, რომლის მეშვეობითაც დაზიანებული უბანი იღებება და უფრო თვალნათლივ ჩანს.
რქოვანას წყლული გადაუდებელი მდგომარეობაა, რომელიც დაუყოვნებლივ ჩარევას საჭიროებს. მკურნალობა მიზეზზეა დამოკიდებული. მაგალითად, როგორც წესი, მაშინვე ინიშნება ანტიბიოტიკი, ანტივირუსული ან სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები. ზოგჯერ რქოვანას გადანერგვა (კერატოპლასტიკა) ხდება საჭირო.