მარტივი ჰერპესით გამოწვეული კერატიტი რქოვანას ინფექციაა, რომელსაც მარტივი ჰერპესის ვირუსი იწვევს.
მარტივი ჰერპესის ვირუსი (რომელიც ტუჩების ჰერპესსაც იწვევს) პირველადი ინფექციის ანუ ორგანიზმში პირველად მოხვედრის შემდეგ სამუდამოდ მასში რჩება. იგი მთვლემარე სახით ინახება ნერვებში. ზოგჯერ ვირუსი ხელახლა აქტიურდება და განმეორებით იწვევს სიმპტომების განვითარებას.
თვალის პირველადი ინფექცია მარტივი ჰერპესის ვირუსით ხშირად ბავშვობაში ვითარდება და მსუბუქ კერატოკონიუნქტივიტს იწვევს. სიმპტომები ჩვეულებრივი კონიუნქტივიტისას ჰგავს, ასე რომ, ჰერპესული ინფექციის დიაგნოზი არ ისმება. დაავადება თავისით, მკურნალობის გარეშე გაივლის. თუმცაღა, ხელახლა აქტივაციის შემთხვევაში ჰერპესვირუსმა უფრო ძლიერად შეიძლება დააზიანოს რქოვანა და უფრო მძიმე სიმპტომები განვითარდეს.
განმეორებითი ჰერპესინფექციის სიმპტომებია: თვალის ტკივილი, ცრემლდენა, სიწითლე და მგრძნობელობა ძლიერ სინათლეზე. იშვიათად ინფექცია კიდევ უფრო ღრმავდება და რქოვანა შუპდება, რაც მხედველობის დანისლვას იწვევს. რაც უფრო ხშირად ვითარდება ინფექცია ხელახლა, მით უფრო მეტია რქოვანას ზედაპირის დაზიანების რისკი. მისმა რამდენიმეჯერ განმეორებამ შესაძლოა ღრმა წყლულების, სამუდამო დანაწიბურების განვითარება და თვალზე შეხების შეგრძნების დაკარგვა გამოიწვიოს. მარტივი ჰერპესის ვირუსის მოქმედებით ზოგჯერ რქოვანაზე სისხლძარღვები იზრდება, რასაც მხედველობის სერიოზულად დაქვეითებაც შეუძლია. მარტივი ჰერპესული ინფექციის დიაგნოსტიკისთვის ექიმი თვალს ბიომიკროსკოპით გამოიკვლევს. ზოგჯერ ნაცხსაც იღებენ ინფიცირებული უბნიდან, რათა გამომწვევი ვირუსი გამოავლინონ (ვირუსული კულტურით).
ექიმმა შესაძლოა ანტივირუსული წვეთები, მაგ. ტრიფლურიდანი დანიშნოს. აციკლოვირი კიდევ ერთი ანტივირუსული საშუალებაა, რომელიც დასალევი ფორმით გამოდის. მკურნალობა რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს. ღრმა ინფექციის შემთხვევაში, როცა ანთება ძალიან ძლიერია, შესაძლოა კორტიკოსტეროიდის შემცველი და გუგის გამაფართოებელი წვეთების გამოყენებაც გახდეს საჭირო, მაგ. ატროპინისა და სკოპოლამინის. ზოგჯერ, გამოჯანმრთელების დასაჩქარებლად, თვალის ანესთეზიის შემდეგ ოფთალმოლოგი (თვალის დაავადებების დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და ქირურგიის სპეციალისტი) რქოვანას რბილ, ბამბისთავიან ინსტრუმენტს ფრთხილად გადაუსვამს ინფიცირებული და დაზიანებული უჯრედების მოსაშორებლად.