რეაბილიტაცია (საფუძვლები) | მკურნალი.გე
  1. რეაბილიტაცია (საფუძვლები)
  2. საფუძვლები
რეაბილიტაცია (საფუძვლები)

სარეაბილიტაციო მომსახურება ესაჭიროება იმ ადამიანებს, რომელთაც დაკარგული აქვთ ნორმული ფუნქციონირების უნარი ტრავმის, ინსულტის, ინფექციის, სიმსივნის, ქირურგიული ჩარევის ან პროგრესირებადი დაავადების (მაგ., ართრიტი) შედეგად. პულმონალური რეაბილიტაციის პროგრამა ხშირად ესადაგება ადამიანებს, რომელთაც აქვთ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. ხანგრძლივი წოლითი რეჟიმის გამო (მაგ., მძიმე ტრავმის ან ქირურგიული ჩარევის შემდეგ) დასუსტებულ პაციენტებს აგრეთვე ესაჭიროებათ რეაბილიტაცია. ფიზიკური თერაპია, შრომათერაპია, ტკივილის ან ანთების მკურნალობა და პროფესიული გადამზადება დაკარგული უნარების აღდგენისთვის გამიზნული პროცესის შემადგენელი ელემენტებია. პროცესი ხანგრძლივია, გულისხმობს ერთი-ერთზე ვარჯიშს მრავალი კვირის განმავლობაში.

რეაბილიტაციის საჭიროება გამჭოლია ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის, თუმცაღა რეაბილიტაციის ტიპი, დონე და მიზნები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში განსხვავებულია. ქრონიკული დისფუნქცია, მოხუცის ასაკი მოითხოვს ნაკლებად ინტენსიურ ან უფრო ხანგრძლივ რეაბილიტაციას, განსხვავებით ახალგაზრდა ასაკისთვის დამახასიათებელი დისფუნქციისგან (როგორიცაა მოტეხილობით ან დამწვრობით განპირობებული). მაგალითად, მოხუცებისთვის მკვეთრად გამოხატული გულის უკმარისობით ან ინსულტის გადატანის შემდეგ რეაბილიტაციის მიზანი შეიძლება იქნეს მხოლოდ შეძლებისდაგვარად საკუთარი თავის მოვლის უნარის აღდგენა (საკვების მიღება, ჩაცმა, ბანაობა, გადაადგილება საწოლსა და სავარძელს შორის, ტუალეტის გამოყენება, შარდის ბუშტისა და ნაწლავების ფუნქციის კონტროლი). ახალგაზრდებს შორის მოტეხილობის შემდეგ რეაბილიტაციის მიზანია ყველა ფუნქციის შეძლებისდაგვარად სწრაფად აღდგენა. ამავე დროს, მხოლოდ ასაკი არ არის რეაბილიტაციის მიზნების ან ინტენსივობის ცვალებადობის ერთადერთი მიზეზი; სხვა დაავადებებმა ან შეზღუდვებმა იგივე შეიძლება განაპირობოს.

სათანადო სარეაბილიტაციო პროგრამის დასაწყებად ექიმმა პაციენტი უნდა გაგზავნოს სარეაბილიტაციო მედიცინაში ლიცენზირებულ შრომათერაპიის სპეციალისტთან ან ფიზიოთერაპევტთან, ან სარეაბილიტაციო ცენტრში. მიმართვაში განსაზღვრული უნდა იყოს მკურნალობის მიზანი, დაავადების ან ტრავმის ტიპი, მოვლენათა ქრონოლოგია, საჭირო მკურნალობის სახეები, მაგალითად, გადაადგილების, ყოველდღიური ყოფითი აქტივობების უნარ-ჩვევების აღსადგენად საჭირო ღონისძიებები.

ქსელი: სარეაბილიტაციო ღონისძიებების ჩატარების ადგილი განისაზღვრება პაციენტის საჭიროებების გათვალისწინებით. ტრავმის შემდეგ აღდგენითი პროცედურების ჩატარება შესაძლებელია ამბულატორიულად, ამ დარგში სპეციალიზებული პროფესიონალის სამუშაო ადგილზე. სერიოზული დისფუნქციის არსებობისას შესაძლოა საავადმყოფოში ან სარეაბილიტაციო ცენტრში მოთავსება გახდეს საჭირო. დაწესებულებაში პაციენტს დახმარებას უწევს პროფესიონალების გუნდი, რომელშიც, გარდა ვიწრო სპეციალობის ექიმისა, შეიძლება ჩართული იყვნენ ექთანები, ფსიქოლოგები, სოცმუშაკები, მეტყველების სპეციალისტები (აფასებენ და ავითარებენ მეტყველებას, ხმას), აუდიოლოგები (სმენის შესაფასებლად), სხვა სამედიცინო პერსონალი. გუნდური მიდგომის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მნიშვნელოვანი დისფუნქცია ხშირად სხვა პრობლემების მიზეზი ხდება, როგორიცაა დეპრესია, აპათია, ფინანსური სიძნელეები.

პაციენტის საცხოვრებელში სარეაბილიტაციო ღონისძიებების ჩატარება შეიძლება მიესადაგოს ადამიანებს, რომელთაც უჭირთ მგზავრობა და ნაკლებ მეთვალყურეობას მოითხოვენ. ასეთებია პირები, რომელთაც შეუძლიათ გადაადგილება საწოლიდან სავარძელში, სავარძლიდან უნიტაზზე. ამავე დროს, სასურველია, ოჯახის წევრების ან მეგობრების მონაწილეობა რეაბილიტაციის პროცესში. განსაკუთრებით ეს ოჯახის წევრებზე ითქმის, თუმცა ანგარიში უნდა გაეწიოს იმ გარემოებას, რომ მონაწილეობა სარეაბილიტაციო ღონისძიებებში მათთვის ფიზიკურად და ემოციურად უაღრესად რთული შეიძლება აღმოჩნდეს. ზოგჯერ ფიზიოთერაპევტისა და შრომათერაპიის სპეციალისტის პერიოდული ვიზიტები ხელს უწყობს შინ მკურნალობას.

გახანგრძლივებული მოვლის დაწესებულებებს ხშირად აქვთ ხოლმე ნაკლებად ინტენსიური სარეაბილიტაციო პროგრამა, რომელიც უკეთესად მიესადაგება მკურნალობისადმი დაქვეითებული ტოლერანტობის მქონე პირებს (დასუსტებული პაციენტები, მოხუცები).

მიზნები: სარეაბილიტაციო გუნდი ან ფიზიოთერაპევტი აყალიბებენ როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან მიზნებს პაციენტის ნებისმიერი პრობლემისთვის. მაგალითად, თუ ადამიანს ხელის ტრავმის გამო აქვს მოძრაობის დიაპაზონის შეზღუდვა და სისუსტე, მოკლევადიან მიზნად შეიძლება შეირჩეს მოძრაობის შესაძლებლობის გაზრდა გარკვეული ხარისხით და მოჭიდების უნარის გაძლიერება. გრძელვადიანი მიზანი შეიძლება იქნეს პიანინოზე დაკვრის უნარის აღდგენა. მოკლევადიანი მიზნების კომპლექსი ყალიბდება მყისიერი, მიღწევადი მიზნებისაგან. გრძელვადიანი მიზნები ყალიბდება იმისათვის, რომ ადამიანებმა გაიაზრონ, რას შეიძლება ისინი მოელოდნენ უახლოესი თვეების განმავლობაში. ყოველი მოკლევადიანი მიზნის მიღწევა ამხნევებს ადამიანს. იმავდროულად, სარეაბილიტაციო გუნდი გულდასმით მეთვალყურეობს პროცესს. მიზნები შეიძლება შეიცვალოს, თუ პაციენტს აღარ სურს ან აღარ შეუძლია გაგრძელება (ფინანსურად ან სხვა რაიმე მიზეზის გამო), ან ჯანმრთელობის აღდგენა უფრო ნელა, ან გაცილებით სწრაფად ხდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

ფუნქციების შეზღუდვის ხარისხის მიუხედავად, სარეაბილიტაციო გუნდის უნარ-ჩვევებისგან დამოუკიდებლად, რეაბილიტაციის საბოლოო შედეგი იმით განისაზღვრება, თუ რამდენად მოტივირებულია თავად პაციენტი. ისიც აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ადამიანი არ აღიარებს გაუმჯობესებას, რომ არ მოაკლდეს ოჯახის წევრების ან მეგობრების ყურადღება.