1. სტრეპტოკოკული ინფექციები
  2. ბაქტერიული ინფექციები (ინფექციები)
  3. ინფექციები
სტრეპტოკოკული ინფექციები

სტრეპტოკოკული ინფექციები გამოწვეულია სტრეპტოკოკის ბევრი სახეობიდან ერთ-ერთით.

  • ამ ბაქტერიის სხვადასხვა ჯგუფი ვრცელდება სხვადასხვა გზით – მაგ. ცემინებით ან ხველებით, დაინფიცირებულ წყლულებთან და ჭრილობებთან კონტაქტით ან საშოსმხრივი მშობიარობის დროს (დედიდან ბავშვზე);

  • ეს ინფექციები აზიანებენ სხეულის სხვადასხვა ადგილს, მათ შორის ყელს, შუა ყურს, სინუსებს, ფილტვებს, კანს, კანქვეშა ქსოვილს, გულის სარქვლებსა სისხლის მიმოქცევას;

  • სიმპტომები დამოკიდებულია დაზიანებული ადგილის მდებარეობაზე და შეიძლება იყოს გაწითლებული და მტკივნეული, შეშუპებული ქსოვილები, ფუფხით დაფარული წყლულები, ყელის ტკივილი და გამონაყარი;

  • ექიმებმა შესაძლოა დასვან ინფექციის დიაგნოზი სიმპტომებზე დაყრდნობით და დაადასტურონ იგი დაინფიცირებული ქსოვილის ნიმუშში ბაქტერიების აღმოჩენით. ზოგჯერ დამატებით ატარებენ რადიოლოგიურ გამოკვლევებსაც;

  • ანტიბიოტიკებს ნიშნავენ დასალევად ან, მძიმე ინფექციების დროს, იკეთებენ ინტრავენურად.

სტრეპტოკოკის ბევრი სახეობა ცხოვრობს ადამიანის სხეულზე ან სხეულში, ისე, რომ ისინი ადამიანს არ ვნებენ. ბევრი სახეობა, რომელიც იწვევს ინფექციას, აგრეთვე გვხვდება ჯანმრთელ ადამიანებში, მაგრამ ისინი არ იწვევენ სიმპტომებს. ასეთ ადამიანებს ეწოდებათ მტარებლები.

სტრეპტოკოკის სახეობები: სახეობები, რომლებიც იწვევენ დაავადებას, დაყოფილნი არიან ჯგუფებად. მათი დაყოფა ეფუძნება მათ შესახედაობას ლაბორატორიაში კულტივირების დროს და აგრეთვე – მათ განსხვავებულ ქიმიურ შემადგენლობას. თითოეული ჯგუფი იწვევს სპეციფიკურ ინფექციას. ეს ჯგუფებია: A ჯგუფი, B ჯგუფი დავირიდანსი.

გავრცელება: A ჯგუფის სტრეპტოკოკი, ისევე როგორც Streptococcus pneumoniae, ვრცელდება ცხვირიდან და ყელის სეკრეტების წვეთების შესუნთქვით. ისინი გამოიყოფა, როდესაც დაინფიცირებული ადამიანი ახველებს ან აცემინებს, ან როდესაც ადამიანი კონტაქტშია კანის დაინფიცირებულ წყლულთან ან ჭრილობასთან. ჩვეულებრივ, ბაქტერიები არ ვრცელდება უბრალო კონტაქტით, მაგრამ ისინი შეიძლება გავრცელდნენ ხალხით სავსე გარემოში, როგორიცაა საერთო საცხოვრებელი, სკოლები და სამხედრო ბარაკები. 24-საათიანი ანტიბიოტიკით მკურნალობის შემდეგ ადამიანები ვეღარ გადასცემენ ბაქტერიას სხვა ადამიანებს.

B ჯგუფის სტრეპტოკოკები შეიძლება გადაეცეთ ახალშობილებს საშოსმხრივი მშობიარობის დროს, როდესაც ნაყოფი შეხებაშია საშოს სეკრეტთან.

სტრეპტოკოკუს ვირიდანსი სახლობს ჯანმრთელი ადამიანების პირის ღრუში, მაგრამ ის შეიძლება შეიჭრას სისხლის მიმოქცევაში, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომელთაც აქვთ პერიოდონტალური ანთებები, და დააინფიცირონ გულის სარქვლები.

სიმპტომები

სიმპტომები განსხვავდება იმის მიხედვით, თუ სად არის ინფექცია:

  • ცელულიტი: დაინფიცირებული კანი წითლდება და მის ქვეშ არსებული ქსოვილი შეწითლებული და მტკივნეულია.

  • იმპეტიგო: ჩვეულებრივ, ფორმირდება ყვითელი ფუფხებით დაფარული წყლულები.

  • მანეკროზებელი ფასციიტი: დაინფიცირებულია კუნთის მფარავი შემაერთებელი ქსოვილი (ფასცია). ადამიანებს აქვთ მოულოდნელი შემცივნება, ცხელება, ძლიერი ტკივილი და დაზიანებული არე დარბილებულია. ინფექციის გამწვავებამდე კანს შესაძლოა ნორმალური შესახედაობა ჰქონდეს.

  • სტრეპტოკოკული ყელი (ფარინგიტი): ეს ინფექცია ჩვეულებრივ, გვხვდება 5-15 წლის ბავშვებში. 3 წლამდე ასაკის ბავშვებს იშვიათად უჩნდებათ სტრეპტოკოკული ყელი. ყელი ხდება მტკივნეული. ბავშვებს შესაძლოა აგრეთვე ჰქონდეთ შემცივნება, ცხელება, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება და იყვნენ შეუძლოდ (დისკომფორტის შეგრძნება). ყელი ძალზე წითელია, ხოლო ნუშურა ჯირკვლები – ჩირქოვანი ლაქებით ან მათ გარეშე – შეშუპებული. ჩვეულებრივ, გადიდებული და დარბილებულია კისრის ლიმფური კვანძები. თუმცა, 3 წლამდე ასაკის ბავშვებს შესაძლოა არ ჰქონდეთ ეს სიმპტომები. თუ ადამიანებს ყელის ტკივილით აქვთ ხველა, წითელი თვალები, ხრინწიანი ხმა, ფაღარათი ან სურდო, სავარაუდო მიზეზია ვირუსული და არა სტრეპტოკოკული ინფექცია.

  • ქუნთრუშა: გამონაყარი თავდაპირველად ჩნდება სახეზე და შემდეგ ვრცელდება ტანსა და კიდურებზე. გამონაყარი შეიგრძნობა როგორც უხეში ზუმფარას ქაღალდი. გამონაყარი უფრო უარესია კანის ნაკეცებში, კერძოდ, ფეხებსა და ტანს შორის ნაკეცში. როდესაც გამონაყარი ქრება, კანი იქერცლება. ენაზე ჩნდება წითელი წარმონაქმნები, რომლებიც დაფარულია მოყვითალო-მოთეთრო თხელი ფენით. ეს თხელი ფენა შემდეგ იქერცლება და ენა ჩანს ძალიან წითელი (ჟოლოსფერი ენა).

დიაგნოზი

ექიმებს ეჭვი მიაქვთ სტრეპტოკოკულ ყელზე შემდეგი სიმპტომების არსებობისას:

  • ცხელება

  • გადიდებული და რბილი კისრის ლიმფური კვანძები

  • ჩირქი ნესტოებში ან ნესტოებზე

  • ხველის არარსებობა

სტრეპტოკოკული ყელის დიაგნოზის დასმის ძირითადი მიზეზი ისეთი გართულებების განვითარების თავიდან აცილებაა, როგორებიცაა სინუსების, შუა ყურის ან მასტოიდური ძვლის ინფექციები, ან რევმატული ცხელება. ამ დროს გამოიყენება ანტიბიოტიკები. იმის გამო, რომ A ჯგუფის სტრეპტოკოკებით გამოწვეული ყელის ტკვილის სიმპტომები ჰგავს ვირუსით გამოწვეული ყელის ტკივილის სიმპტომებს, დიაგნოზის დაზუსტების მიზნით საჭირო ხდება ყელიდან აღებული ნაცხის კულტივირება ან სხვა გამოკვლევა. რამდენიმე დიაგნოსტიკური ტესტი (მათ ეწოდებათ სწრაფი ტესტები) სრულდება წუთების განმავლობაში. ამ გამოკვლევებისთვის ყელიდან აიღებენ ნაცხს. თუ გამოკვლევის შედეგები მიუთითებს ინფექციაზე (დადებითი შედეგი), დასტურდება სტრეპტოკოკული ყელის დიაგნოზი და საჭირო აღარ არის კულტივირება, რომელსაც მეტი დრო სჭირდება. თუმცა, ზოგჯერ, სწრაფი ტესტის შედეგები მიუთითებენ, რომ ინფექცია არაა, მაშინ, როდესაც სინამდვილეში ის არსებობს (ცრუ უარყოფითი პასუხი). თუ შედეგები ნეგატიურია ბავშვებსა და მოზარდებში, საჭიროა კულტივირება. ყელიდან აღებულ ნაცხს აგზავნიან ლაბორატორიაში და A ჯგუფის სტრეპტოკოკების არსებობის შემთხვევაში ხდება მათი კულტივირება ღამის განმავლობაში. ნეგატიურ პასუხს მოზრდილებში არ სჭირდება კულტივირებით დადასტურება, რადგან მოზრდილებში სტრეპტოკოკული ინფექციით ავადობისა და რევმატული ცხელების განვითარების რისკი ძალზე დაბალია.

თუ მოხდა A ჯგუფის სტრეპტოკოკების აღმოჩენა, ჩაატარებენ გამოკვლევას, თუ რომელი ანტიბიოტიკებია მათ საწინააღმდეგოდ ეფექტური (გამოკვლევა მგრძნობელობაზე).

ცელულიტისა და იმპეტიგოს დიაგნოზის დასმა ხშირად შეიძლება სიმპტომებზე დაყრდნობით, თუმცა იმპეტიგოს წყლულიდან აღებული ნიმუშის კულტივირება შეიძლება დაეხმაროს ექიმებს იმპეტიგოს გამომწვევი სხვა მიკროორგანიზმების აღმოჩენაში, როგორიცაა მაგ. ოქროსფერი სტაფილოკოკი.

მანეკროზებელი ფასციიტის დიაგნოზის დასმის მიზნით ექიმები ხშირად გამოიყენებენ რენტგენოლოგიურ გამოკვლევას, კომპიუტერულ ტომოგრაფიას (CT), მაგნიტურ-რეზონანსულ გამოკვლევასა (MRT) და კულტივირებას. კვლევითი ქირურგიული ჩარევა ხშირად საჭიროა დიაგნოზის დაზუსტების მიზნით.

მკურნალობა

სტრეპტოკოკული ყელი გაივლის 1-2 კვირის განმავლობაში, ხშირად – მკურნალობის გარეშეც. ანტიბიოტიკები ამცირებენ სიმპტომების სიმწვავეს, მაგრამ ამოკლებენ მათ ხანგრძლივობას მხოლოდ ერთი დღით. მიუხედავად ამისა, ანტიბიოტიკებს აძლევენ ინფექციის შუა ყურში, სინუსებსა და მასტოიდურ ძვალში გავრცელებისა და სხვა ადამიანებზე გადაცემის თავიდან ასაცილებლად. ანტიბიოტიკოთერაპია აგრეთვე გვეხმარება რევმატული ცხელების თავიდან აცილებაში, თუმცა, მან შესაძლოა თავიდან ვერ აგვაცილოს თირკმლის ანთება (გლომერულონეფრიტი). ჩვეულებრივ, საჭიროა ანტიბიოტიკებით მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყება. ანტიბიოტიკებით მკურნალობის დაწყებამდე 9 დღე მოცდა, ვიდრე მოვა კულტივირების პასუხები, არ ზრდის რევმატული ცხელების განვითარების რისკს. გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევა, როდესაც ოჯახის წევრს აქვს ან ჰქონდა რევმატული ცხელება. ამ შემთხვევაში, სტრეპტოკოკული ინფექცია ოჯახის ყველა წევრში ნამკურნალები უნდა იქნეს რაც შეიძლება სწრაფად.

ჩვეულებრივ, პენიცილინს ან ამოქსიცილინს სვამენ 10 დღის განმავლობაში. სანაცვლოდ, შესაძლებელია, ხანგრძლივად მოქმედი პენიცილინის (ბენზათინი) ერთი ინექციის გაკეთება. ადამიანებს, რომლებიც ვერ გაიკეთებენ პენიცილინს, შეიძლება მიეცეთ დასალევი ერითრომიცინი, კლარითრომიცინი ან კლინდამიცინი 10 დღის განმავლობაში ან აზითრომიცინი 5 დღის განმავლობაში. ჩვეულებრივ, სტრეპტოკოკული ყელის გამომწვევი ბაქტერიები არ არიან რეზისტენტულები პენიცილინის მიმართ. ერითრომიცინისა და მასთან დაკავშირებული წამლების (აზითრომიცინი და კლარითრომიცინი) მიმართ ამერიკის შეერთებულ შტატებში რეზისტენტულია ამ ბაქტერიების 5-10%, მაგრამ ზოგიერთ ქვეყანაში – 10%-ზე მეტი.

ცხელების, თავისა და ყელის ტკივილის მკურნალობა შეიძლება აცეტამინოფენით ან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატებით (ასაპ), რომლებიც ამცირებენ ცხელებასა და ტკივილის ინტენსივობას. საჭირო არაა არც წოლითი რეჟიმი, არც იზოლაცია.

სერიოზული სტრეპტოკოკული ინფექციები (როგორიცაა მანეკროზებელი ფასციიტი, ენდოკარდიტი და მწვავე ცელულიტი) საჭიროებენ ინტრავენურ პენიცილინს, ზოგჯერ სხვა ანტიბიოტიკებთან ერთად. მანეკროზებელი ფასციიტის დროს მკვდარი, დაინფიცირებული ქსოვილი უნდა მოსცილდეს ქირურგიული გზით.