ასაკობრივი მაკულარული დეგენერაციის (ასაკობრივი მაკულოპათიის) დროს თანდათან ზიანდება ყვითელი ხალი ანუ მაკულა, ბადურას ცენტრალური და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც ცენტრალური მხედველობის ნელ-ნელა დაქვეითებას იწვევს.
ასაკობრივი მაკულარული დეგენერაცია ცენტრალური მხედველობის შეუქცევადი დაკარგვის ყველაზე ხშირი მიზეზია ხანში შესულებში. იგი თანაბარი სიხშირით გვხვდება ქალებსა და მამაკაცებში.
დაავადების რისკ-ფაქტორებია:
ტიპები: ასაკობრივი მაკულარული დეგენერაციის ორი ფორმა არსებობს:
დაავადება შემთხვევათა ოთხმოცდაათ პროცენტში მშრალი ფორმით მიმდინარეობს. თუმცაღა, მის მიერ გამოწვეულ სიბრმავეთა 90% პაციენტთა სწორედ იმ დანარჩენ, სველი ფორმის მქონე 10%-ში ვითარდება.
მშრალი მაკულარული დეგენერაციის დროს ყვითელი ხალი თხელდება მისი უჯრედების განლევასთან ერთად. ამ შემთხვევაში დაავადებამ შეიძლება ორივე თვალი დააზიანოს. ბადურაზე არ აღინიშნება ნაწიბუროვანი ქსოვილი, სისხლდენა ან სითხის ჟონვა.
სველი მაკულარული დეგენერაცია თავდაპირველად მშრალი ფორმით ვლინდება. ამ დროს ყვითელი ხალის ქვეშ ახალი სისხლძარღვები ვითარდება. მათგან შესაძლოა სისხლი და სითხე გამოიჟონოს და ბადურას ქვეშ დაგროვდეს (აქედან მოდის სახელწოდება "სველი"). მისგან საბოლოოდ ამობურცული, ნაწიბუროვანი ქსოვილი ვითარდება. სველი ფორმა თავდაპირველად ერთ თვალს აზიანებს, მაგრამ დროთა განმავლობაში ორივე შეიძლება მოიცვას.
მშრალი მაკულარული დეგენერაციის დროს ცენტრალური მხედველობა ნელა და უმტკივნეულოდ ქვეითდება. საგნები გახუნებული ჩანს, მათი წვრილი დეტალები კი აღარ განირჩევა.
სველი დეგენერაციისას მხედველობის დაკლება სწრაფად პროგრესირებს და შეიძლება უეცრადაც განვითარდეს, თუ ერთ-ერთი ახალგანვითარებული სისხლძარღვიდან სისხლდენა დაიწყო. ამის პირველი სიმპტომი შესაძლოა გამოსახულების დეფორმაცია იყოს ცალ თვალში, რის გამოც სწორი, წვრილი ხაზები დაკლაკნილი ჩანს. ხშირად ეს დაავადებულებს კითხვას ან ტელევიზორის ყურებას უძნელებს.
ასაკობრივმა მაკულარულმა დეგენერაციამ ძლიერ შეიძლება დააქვეითოს მხედველობა, მაგრამ იგი, როგორც წესი, სრულ სიბრმავეს არ იწვევს. მხედველობის ველის კიდურა, პერიფერიულ ნაწილში თვალის ჩინი შენარჩუნებულია ხოლმე. დეგენერაციის მშრალი ფორმა შედარებით ნელა აქვეითებს მხედველობას.
ექიმს მაკულარული დეგენერაციის დიაგნოზის დასმა თვალის ოფთალმოსკოპით ან ბიომიკროსკოპული გამოკვლევით შეუძლია. ბადურას დაზიანება თითქმის ყოველთვის თვალსაჩინოა სიმპტომების გამოვლენამდეც კი. ზოგჯერ დიაგნოზის დასადასტურებლად ფლუორესცენტული ანგიოგრაფია გამოიყენება, რომლის დროსაც ექიმს საღებავი ვენაში შეჰყავს და ბადურას სურათებს იღებს. ზოგჯერ დიაგნოსტიკისთვის ასევე მიმართავენ გამოსახულებით კვლევას – ოპტიკურ-კოჰერენტულ ტომოგრაფიას.
მშრალი ფორმის დეგენერაციით გამოწვეული დაზიანების აღსადგენად დღესდღეობით მკურნალობა არ არსებობს. მსუბუქი შემთხვევებისთვის რაიმე სამედიცინო ჩარევა შემოთავაზებული არ არის ამჟამად.
საკვები დანამატები: საშუალო სიმძიმის ან მძიმე მშრალი დეგენერაციის ან ცალ თვალში სველი დეგენერაციის მქონე ადამიანებისთვის სასარგებლოა დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტები (ჩ ვიტამინი, ვიტამინი, ბეტა-კაროტინი [ ვიტამინის ერთ-ერთი ფორმა]) და თუთია, ცოტა სპილენძთან ერთად. მათ, ვინც თამბაქოს მოიხმარდა ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, არ უნდა მიიღონ ბეტა-კაროტინი ან ვიტამინი, რადგან ეს დანამატები ფილტვის კიბოს რისკს ზრდის. დაავადების პროგრესირება შესაძლოა შეანელოს მაღალი არტერიული წნევის მკურნალობამ და უფრო დიდი რაოდენობით ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებისა და მუქი მწვანე, ფოთლოვანი ბოსტნეულის მიღებამ.
მკურნალობა წამლებითა და ლაზერული პროცედურებით: მაკულარული დეგენერაციის სველი ფორმის დროს ახალწარმოქმნილი სისხლძარღვებიდან სითხის ჟონვის შესაჩერებლად გამოიყენება წამლების, რანიბიზუმაბის, ბევაციზუმაბის ან პეგაპტანიბის თვალშიდა ინექციები. მართალია, ეს ყოველ 1-2 თვეში ერთხელ უნდა გაკეთდეს, მაგრამ შედეგად პაციენტთა ნაწილში მხედველობა უმჯობესდება, მათ მესამედს კი კვლავ შეუძლია კითხვა. მკურნალობის კიდევ ერთი საშუალებაა ფოტოდინამიკური თერაპია. იგი გულისხმობს მკლავზე, ვენაში ისეთი ნივთიერებების შეყვანას, რომლებიც ბადურას სისხლძარღვებს მოწყვლადს ხდის ლაზერის სხივებისადმი. შემდეგ პროცედურის დროს ლაზერული გამოსხივება გამოიყენება ამ პათოლოგიური სისხლმილების მოსაწვავად. თუ სისხლძარღვები ყვითელი ხალის ქვეშ არ მდებარეობს, მათი დესტრუქციისთვის თერმული ლაზერის გამოყენებაც შეიძლება, მანამ, სანამ მეტი ზიანი გამოუწვევიათ. ზოგჯერ თვალში კორტიკოსტეროიდებიც შეჰყავთ. ოპერაცია მხოლოდ მაშინ კეთდება, თუ მკურნალობის ეს მეთოდები ეფექტური არ არის.
შეგუება დაქვეითებულ მხედველობასთან: ცუდი მხედველობის მქონე ადამიანებს შეუძლიათ გამოიყენონ ლუპები, საკითხავი სათვალე, ტელესკოპი სათვალე და გამადიდებელი ეკრანის მქონე ტელევიზორი. კომპიუტერის მომხმარებელთათვის არსებობს ცუდი მხედველობის დამხმარე მრავალნაირი საშუალება. მაგალითად, არსებობს აპარატი, რომელიც კომპიუტერის ეკრანზე არსებულ გამოსახულებას ადიდებს და ბადურას დაუზიანებელი ნაწილისკენ მიმართავს. არის პროგრამები, რომლებსაც მონაცემები დიდი ზომის სიმბოლოებით გამოაქვს ეკრანზე ან ხმამაღლა ამოიკითხავს მათ. დაქვეითებული მხედველობის მქონე ადამიანებმა, უმჯობესია, კონკრეტულად ამ პრობლემის სპეციალისტთან გაიარონ კონსულტაცია დამხმარე საშუალებებთან დაკავშირებით (დაქვეითებული მხედველობის სპეციალისტი ოფთალმოლოგი ან ოფტომეტრისტია, რომელიც ძლიერ დაქვეითებული მხედველობის მქონე პაციენტებს მკურნალობს).