ბადურა გარსის დაავადებები | მკურნალი.გე
  1. ბადურა გარსის დაავადებები
  2. მხედველობის სისტემის დაავადებები
ბადურა გარსის დაავადებები

რქოვანა და ბროლი სინათლის სხივების ფოკუსირებას უზრუნველყოფენ ბადურაზე, თვალის შიგნით, უკანა კედელზე მდებარე გამჭვირვალე, სინათლისადმი მგრძნობიარე გარსზე. ბადურას ცენტრალურ ნაწილს ყვითელი ხალი ეწოდება და იგი მჭიდროდ განლაგებულ ფოტორეცეპტორებს (სინათლისადმი მგრძნობიარე უჯრედებს) შეიცავს, რომელთა მეშვეობითაც ფერების გარჩევა ხერხდება. ამ რეცეპტორებს კოლბები ეწოდება და ისინი ყველაზე მკაფიო გამოსახულებას წარმოქმნიან, უზრუნველყოფენ ცენტრალურ და ფერად მხედველობას. ბადურას პერიფერიაზე, ყვითელი ხალის გარშემო მდებარე ფოტორეცეპტორებს ჩხირები ეწოდება. ისინი უფრო დაბალ სინათლესაც გრძნობენ, მაგრამ ვერ "არჩევენ" ფერებს. ჩხირები პერიფერიულ და ღამის მხედველობას უზრუნველყოფენ.

მხედველობის ნერვს ფოტორეცეპტორებში (კოლბებიდან და ჩხირებიდან) წარმოქმნილი იმპულსები გადააქვს. თითოეული ფოტორეცეპტორი ნერვს პატარა ნერვული მორჩით უკავშირდება, მხედველობის ნერვი კი, თავის მხრივ – ნერვულ უჯრედებს, რომელთაც სიგნალები ტვინის მხედველობის ცენტრისკენ მიაქვთ, სადაც მათი აღქმა ხდება გამოსახულებად.

მხედველობის ნერვი და ბადურა უხვად მარაგდება სისხლძარღვებით, რომლებსაც სისხლი და ჟანგბადი მიაქვთ მათთან. ამ სისხლმილების ნაწილი საკუთრივ სისხლძარღვოვანი გარსიდან გამოდის, რომელიც ბადურასა და თვალის გარეთა, თეთრ გარსს (სკლერას) შორის მდებარეობს. ბადურას ცენტრალური არტერია (ამ გარსის სისხლმომარაგების მეორე მთავარი წყარო) მხედველობის ნერვის მახლობლად შედის თვალში და შემდეგ იტოტება. ბადურადან სისხლი ცენტრალური ვენის ტოტებით გაედინება. ბადურას ცენტრალური ვენაც მხედველობის ნერვის მახლობლად ტოვებს თვალს.

პაციენტის ბადურას დასათვალიერებლად ექიმი გუგის გასაფართოებელ წვეთებს იყენებს. მათი მეშვეობით ბადურა უფრო თვალსაჩინოდ ჩანს ოფთალმოსკოპით.

ბადურა გარსის დაავადებების დიაგნოზს, როგორც წესი, ოფთალმოლოგები სვამენ და მკურნალობასაც ისინი ნიშნავენ (ოფთალმოლოგი ექიმია, რომელიც სპეციალიზდება თვალის დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში, თვალის ქირურგიაში). ხშირად ამ პათოლოგიებს კონკრეტულად ბადურას დაავადებების სპეციალისტი ოფთალმოლოგები მკურნალობენ.