ტეტანუსი | მკურნალი.გე
  1. ტეტანუსი
  2. ბაქტერიული ინფექციები (ინფექციები)
  3. ინფექციები
ტეტანუსი

ტეტანუსის (საღეჭი კუნთების სპაზმი) მიზეზია ანაერობული ბაქტერია – Clostridium tetani-ს მიერ გამომუშავებული ტოქსინი. ეს ტოქსინი იწვევს კუნთების რიგიდობასა და უნებლიე შეკუმშვას (სპაზმს).

  • ტეტანუსი იშვიათია ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ ხშირია განვითარებად ქვეყნებში;

  • დიაგნოზი ეფუძნება სიმპტომებს;

  • აცრამ და ჭრილობის მოვლამ შეიძლება თავიდან აგვაცილოს ტეტანუსი;

  • მკურნალობა ფოკუსირდება სიმპტომების მკურნალობაზე მათ სრულ გაქრობამდე.

მიუხედავად იმისა, რომ ტეტანუსი იშვიათია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ის კლავს 500000 ადამიანს ყოველ წელს, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებში.

ტეტანუსის კლოსტრიდია გვხვდება მიწასა და ცხოველების განავალში. ტეტანუსის ბაქტერიამ შესაძლოა შეაღწიოს ორგანიზმში, როდესაც ჭრილობა დაბინძურდება მიწით ან განავლით (განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ჭრილობა ადეკვატურად გასუფთავებული არ არის) და კანი იჩხვლიტება არასტერილური ნემსებით (როგორებიცაა არაკანონიერი წამლების შეყვანის, ტატუირებისა ან სხეულზე პირსინგების გაკეთების დროს გამოყენებული ნემსები). ზოგჯერ, დაზიანება ძალიან მცირე ზომისაა და ადამიანები არც კი მიდიან ექიმთან. იმ დაზიანებებიდან, რომლების დროსაც კანი მკვდარია (მაგ. დაწვრობა, მოყინვა, განგრენა ან მოჭყლეტილი ჭრილობები), ტეტანუსის განვითარების რისკი იმატებს. როდესაც მკვდარ ქსოვილში არ არის ჟანგბადი, ხდება ტეტანუსის სპორების გამრავლება და ისინი წარმოქმნიან ტოქსინს, რომელიც გადაადგილდება მთელ სხეულში და ხელს უშლის ნერვებს, რომ სიგნალი გადასცენ სხვა ნერვებს. ზოგჯერ ტეტანუსი ვითარდება მშობიარობის ან აბორტის დროს საშვილოსნოს დაზიანებისას. განვითარებად ქვეყნებში ჭიპლარის ტაკვის მიწით დაბინძურებამ შეიძლება გამოიწვიოს ახალშობილების ტეტანუსი.

ბავშვობაში ვაქცინაციამ და შემდეგ დარტყმითმა დოზებმა ყოველ 10 წელიწადში შეიძლება თავიდან აგვარიდოს ტეტანუსი. ამგვარად, ინფექცია მეტად გვხვდება ადამიანებში, რომლებიც არ იყვნენ აცრილნი ან არ იტარებდნენ რევაქცინაციებს. ასეთი ვითარება უფრო ხშირია განვითარებად ქვეყნებში. ამერიკის შეერთებულ შტატებში ნარკოტიკების ინტრავენური მომხმარებლები იმყოფებიან ტეტანუსის განვითარების რისკის ქვეშ. რისკი აგრეთვე მაღალია მოხუცებში, მაგრამ ჩვეულებრივ მაშინ, როდესაც ისინი არასდროს ყოფილან აცრილები.

სიმპტომები

სიმპტომები ვითარდება დაზიანებიდან 5-10 დღეში. კუნთები იკუმშება უნებლიეთ (სპაზმი) და ხდება რიგიდული. სპაზმები, ჩვეულებრივ, იწყება ყბაზე (ტრიზმი) და ყელში ( ყლაპვის გაძნელება), რასაც მოჰყვება კისერი, მხარი, სახე და შემდეგ მუცელი და კიდურები. ზურგის კუნთები იკუმშება და ქმნის ზურგის თაღს. სფინქტერების სპაზმმა შეიძლება გამოიწვიოს ყაბზობა და შარდვის გართულება. ადამიანებს შესაძლოა ჰქონდეთ სწრაფი პულსი, ინტენსიური ოფლდენა და მაღალი ცხელება. მყუდროების მცირე სახის დარღვევამაც, როგორიცაა ხმაური, საწოლის შერყევა ან ორპირი ქარი, შეიძლება გამოიწვიოს კუნთთა მტკივნეული სპაზმები მთელ სხეულში. ასეთმა სპაზმებმა შესაძლოა ხელი შეუშალოს სუნთქვას, ზოგჯერ იმდენად, რომ ადამიანები ლურჯდებიან კიდეც. იშვიათად, კუნთების სპაზმებმა შეიძლება მოიცვან მხოლოდ ჭრილობასთან ახლოს მდებარე კუნთთა ჯგუფები. ასეთი მდებარეობის ტეტანუსი შეიძლება გაგრძელდეს კვირების განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ დაავადება მწვავეა, ადამიანები ინარჩუნებენ ცნობიერებას.

მსოფლიოში ტეტანუსის მქონე ადამიანების 50% იღუპება. მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებში იღუპება მხოლოდ 10-15%, თუ დაავადება შესაბამისად არის ნამკურნალები. ალბათობა იმისა, რომ ძალიან ახალგაზრდები, ხნიერი ადამიანები და ინტრავენური ნარკოტიკების გამომყენებლები დაიღუპებიან ტეტანუსისგან, უფრო მაღალია.

დიაგნოზი

ექიმს ეჭვი მიაქვს ტეტანუსზე, როდესაც გარკვეული კუნთები (ხშირად – ყბისა და ზურგის კუნთები) ხდება რიგიდული ან ვითარდება სპაზმები, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომლებსაც ჭრილობები აქვთ. ზოგჯერ შესაძლებელია ჭრილობიდან აღებული ნიმუშით ბაქტერიების გაზრდა (კულტივირება). კულტურებში ბაქტერიის აღმოჩენა ადასტურებს დიაგნოზს, მაგრამ ტეტანუსი შეიძლება არსებობდეს მაშინაც, როდესაც ბაქტერიების იდენტიფიცირება ვერ ხერხდება.

პრევენცია

ტეტანუსის თავიდან აცილება სჯობს მის მკურნალობას. ტეტანუსი იშვიათად ვითარდება იმ ადამიანებში, რომლებმაც დაასრულეს ტეტანუსზე ვაქცინაციის პირველი სერიები (3 ან მეტი ვაქცინა კუნთში) და აცრის გამეორება ყოველ 10 წელიწადში ერთხელ, რეკომენდაციის მიხედვით. ტეტანუსის აცრა სტიმულს აძლევს ორგანიზმს, გამოყოს ანტისხეულები, რომლებიც გაანეიტრალებს ტოქსინს, მაგრამ განეიტრალებას შესაძლოა დასჭირდეს კვირები. ბავშვებში ტეტანუსის ვაქცინა კეთდება, როგორც აცრების სერიის ნაწილი, რომელიც აგრეთვე შეიცავს ყივანახველასა (მყეფავი ხველა) და დიფტერიის აცრებს. მოზრდილებმა, რომელთაც დაასრულეს ტეტანუსზე ვაქცინაციის პირველი სერიები, უნდა გაიკეთონ ტეტანუსის დამატებითი დოზები ყოველ 10 წელიწადში ერთხელ.

როდესაც ადამიანები იღებენ ტრავმას, ჭრილობის სწრაფი და გულმოდგინე დამუშავებით მათ შეუძლიათ ტეტანუსის თავიდან აცილება. ადამიანებს, რომელთაც აქვთ ჭრილობები, შეიძლება გაუკეთდეთ ტეტანუსის ვაქცინა ტეტანუსის განვითარების თავიდან აცილების მიზნით. იმის გამო, რომ ეფექტის მიღწევისთვის ვაქცინას სჭირდება კვირები, ზოგჯერ დამატებით კეთდება ტეტანუსის იმუნოგლობულინიც. ის უზრუნველყოფს იმ ანტისხეულების არსებობას, რომლებიც უმალვე გაანეიტრალებენ ტოქსინს.

მკურნალობა

ადამიანები ტეტანუსით გადაჰყავთ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში. ოთახებში დაცულია სიჩუმე, რომ თავიდან აცილებულ იქნეს მყუდროების დარღვევით გამოწვეული კუნთების სპაზმები. ჭრილობები სუფთავდება გულმოდგინედ და ხდება მკვდარი ქსოვილებისა და უცხო სხეულების მოცილება.

გამოიყენება ინტრავენური ანტიბიოტიკები (ჩვეულებრივ მეტრონიდაზოლი) ბაქტერიების დახოცვისა და ტოქსინის წარმოქმნის შეჩერების მიზნით. თუმცა, ანტიბიოტიკებს არ აქვთ ეფექტი უკვე წარმოქმნილ ტოქსინზე. უკვე წარმოქმნილი ტოქსინის განეიტრალების მიზნით გამოიყენება ტეტანუსის იმუნოგლობულინი. ხდება ტეტანუსზე აცრა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რევაქცინაცია ჩატარებულია.

შესაძლებელია დამამშვიდებელი საშუალება – დიაზეპამის (ბენზოდიაზეპინი) გამოყენება კუნთთა სპაზმის კონტროლის, რიგიდული კუნთების მოდუნების, შფოთვისა და ტკივილის მოხსნის მიზნით. თუ კუნთთა რიგიდობა ხელს უშლის სუნთქვას, შესაძლოა გაკეთდეს განაკვეთი ტრაქეაზე. ამ პროცესს ეწოდება ტრაქეოსტომია. ზოგჯერ საჭირო ხდება ხელოვნური ვენტილაციაც. თუ გართულებულია ყლაპვის აქტი, საკვებსა და სითხეებს აწვდიან ინტრავენურად ან, შედარებით იშვიათად – ცხვირის გავლით კუჭში მოთავსებული მილის მეშვეობით.

როდესაც ადამიანები გამოჯანმრთელდებიან, მათ უკეთდებათ ვაქცინაციის სრული სერიები მომავალში ტეტანუსის ხელახალი განვითარების თავიდან აცილების მიზნით.