პაპილედემა | მკურნალი.გე
  1. პაპილედემა
  2. მხედველობის ნერვის დაავადებები
  3. მხედველობის სისტემის დაავადებები
პაპილედემა

პაპილედემა მდგომარეობაა, რომლის დროსაც თავის ტვინში ან მის გარშემო გაზრდილი წნევა მხედველობის ნერვის თვალშიდა ნაწილის შეშუპებას იწვევს.

  • შესაძლოა გამოვლინდეს მხედველობის ხანმოკლე დარღვევები, თავის ტკივილი, ღებინება ან მათი კომბინაცია;

  • ექიმები დიაგნოზს თვალის სპეციალური ინსტრუმენტით, ოფთალმოსკოპით სვამენ;

  • რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს ქალისშიდა წნევის მომატების მიზეზის მკურნალობა.

მიზეზები

ამ მდგომარეობას, როგორც წესი, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე იწვევს:

  • თავის ტვინის სიმსივნე ან აბსცესი

  • თავის ტრავმა

  • სისხლჩაქცევა ტვინში

  • ტვინის ან მისი მფარავი ქსოვილების (მენინგეალური გარსების) ინფექცია

  • იდიოპათიური ქალისშიდა ჰიპერტენზია (თავის ტვინის ფსევდოსიმსივნე, რომელიც სინამდვილეში სიმსივნე არ არის)

სიმპტომები

თავდაპირველად პაპილედემა მხედველობას ხელს შეიძლება არ უშლიდეს. მისთვის დამახასიათებელია მხედველობის ხანმოკლე დარღვევები – დაბურვა, გაორება, ციმციმი ან სრული დაკარგვა – რომელიც რამდენიმე წამს გრძელდება. სხვა სიმპტომები ქალისშიდა წნევის მომატებითაა განპირობებული და შეიძლება გამოვლინდეს თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება ან მათი კომბინაცია.

დიაგნოზი

ოფთალმოლოგი (ექიმი, რომლის სპეციალობა თვალის დაავადებების დიაგნოსტირება და მკურნალობაა) ოფთალმოსკოპის მეშვეობით სვამს მხედველობის ნერვის დისკოს შეშუპების დიაგნოზს. მიზეზის დასადგენად და მკურნალობის ეფექტის შესაფასებლად მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) ან კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) გამოიყენება. თავ-ზურგტვინის სითხის წნევის გასაზომად ლუმბალურ პუნქციას მიმართავენ. პროცედურის დროს შესაძლოა ასევე აიღონ სითხის ნიმუში და გამოიკვლიონ იგი სიმსივნის ან ინფექციის გამოსარიცხად. ზოგჯერ თვალის ულტრაბგერითი კვლევა კეთდება პაპილედემასა და იმ სხვა დაავადებების გასარჩევად, რომლებიც ასევე იწვევენ მხედველობის ნერვის დისკოს შესამჩნევ შეშუპებას.

მკურნალობა

ქალისშიდა წნევის მომატების მიზეზის მკურნალობა რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს. მაგალითად, თუ თავ-ზურგტვინის სითხის წნევის ზრდას ტვინის სიმსივნე იწვევს, კორტიკოსტეროიდები ინიშნება, თუმცა ასევე შეიძლება აუცილებელი იყოს ოპერაცია წარმონაქმნის ამოსაკვეთად. პაპილედემას, რომელიც იდიოპათიური ქალისშიდა ჰიპერტენზიის გამო ვითარდება, წონაში დაკლებითა და შარდმდენებით მკურნალობენ. ინფექციის დროს, თუ იგი ბაქტერიულია, ანტიბიოტიკები ინიშნება. თავის ტვინის აბსცესის შემთხვევაში კი ჩირქგროვას ცლიან და ასევე ანტიბიოტიკებს ნიშნავენ.