მხედველობის ნერვის დაავადებები | მკურნალი.გე
  1. მხედველობის ნერვის დაავადებები
  2. მხედველობის სისტემის დაავადებები
მხედველობის ნერვის დაავადებები

ბადურას (თვალის უკანა კედლის შიგნითა გარსის) პატარა ფოტორეცეპტორები სინათლეს შეიგრძნობენ და იმპულსებს მხედველობის ნერვს გადასცემენ. თითოეული თვალიდან თითო ნერვი გამოდის და სიგნალები თავის ტვინისკენ მიაქვს, სადაც მხედველობითი ინფორმაცია გადამუშავდება. ამ ნერვების ან მათი ნერვული გზების დაზიანება მხედველობის დაკარგვას იწვევს. თავის ტვინში არსებობს უბანი, რომელსაც მხედველობის ჯვარედინი ეწოდება. იქ თითოეული მხედველობის ნერვი ორად იყოფა, მათი ბოჭკოების ნახევარი გადაჯვარედინდება და საპირისპირო მიმართულებით აგრძელებს გზას. ამ ანატომიური თავისებურების გამო მხედველობის ნერვის სხვადასხვა ადგილას დაზიანება მხედველობის სხვადასხვანაირ დაკარგვას იწვევს. შესაბამისად, იმის დადგენით, თუ რას ვეღარ ხედავს ადამიანი, ექიმს ხშირად იმის განსაზღვრაც შეუძლია, სადაა დაზიანება და პრობლემა.