მხედველობის ნერვის იშემიური ნეიროპათია დაზიანებაა, რომელსაც ნერვის სისხლმომარაგების დარღვევა იწვევს.
მხედველობის ნერვის თვალშიდა ნაწილის სისხლმომარაგების დარღვევამ მისი ნერვული უჯრედების ფუნქციონირების მოშლა შეიძლება გამოიწვიოს. მკვებავი სისხლძარღვის დახშობა ორი სახის შეიძლება იყოს: არტერიიტით განპირობებული და არტერიიტის გარეშე.
მხედველობის ნერვის იშემიური ნეიროპათია არტერიიტის გარეშე ხშირად 50 წლის შემდეგ ვითარდება. მისი რისკ-ფაქტორებია: მაღალი არტერიული წნევა, შაქრიანი დიაბეტი და ათეროსკლეროზი. იშვიათად, იგი მძიმე შაკიკის მქონე ახალგაზრდებსაც ემართებათ. არტერიიტთან დაკავშირებული იშემიური ნეიროპათია, როგორც წესი, 70 წლის შემდეგ ვითარდება. მხედველობის ნერვის სისხლმომარაგება ირღვევა არტერიების, ძირითადად საფეთქლის არტერიის ანთების (არტერიიტის) გამო (გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტი).
მხედველობა სწრაფად შეიძლება დაქვეითდეს (წუთებში, საათებში ან ზოგჯერ დღეების მანძილზე). მიზეზის მიხედვით ამან შესაძლოა ცალი ან ორივე თვალი მოიცვას. მხედველობა დაზიანებულ თვალში შეიძლება თითქმის ნორმალური იყოს ან სრულიად დაიკარგოს. მხედველობა თავიდან ველის ცენტრალურ ნაწილში იკარგება. შემდეგ ეს უბანი ნელ-ნელა დიდდება და საბოლოოდ სრული სიბრმავე ვითარდება. საფეთქლის არტერიიტით დაავადებული ადამიანები ხანში შესულნი არიან და მათ მხედველობა უფრო ძლიერ უქვეითდებათ. ასევე შეიძლება აღენიშნებოდეთ ტკივილი ღეჭვისას, თმის ვარცხნისას და კუნთების ტკივილი.
ისინი, ვისაც მხედველობის ნერვის იშემიური ნეიროპათია არტერიიტის გარეშე აქვს, შემთხვევათა 40%-ში თავისით გამოჯანმრთელდებიან დროთა განმავლობაში. დაავადების ამ ტიპისთვის ძალიან იშვიათია ნეიროპათიის ხელახლა განვითარება იმავე თვალში. თუმცაღა, პირველი შემთხვევიდან მომავალი 5 წლის მანძილზე პაციენტთა 20%-ში დაავადება მეორე თვალზეც ვითარდება.
საფეთქლის არტერიიტთან დაკავშირებული იშემიური ნეიროპათიის მქონე ადამიანებში კი მკურნალობის გარეშე მხედველობა მეორე თვალშიც ქვეითდება შემთხვევათა 25-50%-ში, რამდენიმე დღეში ან კვირაში.
დიაგნოსტიკისთვის საჭიროა თვალის უკანა ნაწილის გამოკვლევა სპეციალური ინსტრუმენტით – ოფთალმოსკოპით. მიზეზის დასადგენად კი უნდა გაირკვეს, პაციენტს რაიმე ისეთი დაავადება ხომ არ აქვს, რაც იშემიური ნეიროპათიის რისკ-ფაქტორად მიიჩნევა.
თუ საფეთქლის არტერიიტია სავარაუდო მიზეზი, დიაგნოზის დასადასტურებლად კეთდება სისხლის ანალიზები და არტერიის ბიოფსია, რომლის დროსაც ამ სისხლძარღვიდან ქსოვილის ნაწილს ამოკვეთენ და მიკროსკოპით შეისწავლიან. თუ ადამიანს საფეთქლის არტერიიტის სიმპტომები არ აღენიშნება, ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) ან კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) კეთდება, რათა ექიმები დარწმუნდნენ, რომ მხედველობის ნერვს სიმსივნე არ აწვება.
მათთვის, ვისაც მხედველობის ნერვის იშემიური ნეიროპათია აქვს არტერიიტის გარეშე, მკურნალობა გულისხმობს არტერიული წნევის, შაქრიანი დიაბეტისა და იმ სხვა ფაქტორების კონტროლს, რომლებიც მხედველობის ნერვის სისხლმომარაგებაზე ახდენს გავლენას. საფეთქლის არტერიიტთან დაკავშირებული იშემიური ნეიროპათიის დროს კი მეორე თვალში მხედველობის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად კორტიკოსტეროიდები ინიშნება მაღალი დოზით. მიმდინარეობს კვლევები იმის დასადგენად, რამდენად ეფექტური იქნება ამ მიზნით ასპირინის გამოყენება, თუმცა, ამჟამად მისი სარგებლიანობის მტკიცებულებები არ არსებობს.