ტოქსიკური ამბლიოპია | მკურნალი.გე
  1. ტოქსიკური ამბლიოპია
  2. მხედველობის ნერვის დაავადებები
  3. მხედველობის სისტემის დაავადებები
ტოქსიკური ამბლიოპია

ტოქსიკური ამბლიოპია (კვებითი ამბლიოპია) მხედველობის ნერვის დაზიანებაა, რომელსაც ცუდი კვებადობა ან მავნე ნივთიერებების, მაგ. ტყვიის, ხის სპირტის, ანტიფრიზის ან ზოგი წამლის მოქმედება იწვევს.

  • ამ დაავადების ხშირი მიზეზია საკვები ნივთიერებების ნაკლებობა ან ტოქსიკური ნივთიერების ზემოქმედება;

  • მხედველობა ნელ-ნელა ქვეითდება;

  • საჭიროა მომავალში მავნე ნივთიერებისგან თავის დაცვა ან საკვები დანამატების მიღება.

მიზეზები

ტოქსიკური ამბლიოპია შეიძლება გამოიწვიოს საკვები ნივთიერებების ნაკლებობამ (მას ხშირად კვებით ამბლიოპიასაც უწოდებენ), განსაკუთრებით კი 12 ვიტამინის. კვებითი ამბლიოპიის რისკი შედარებით მაღალია ალკოჰოლიკებში. სინამდვილეში ნერვის დაზიანების მიზეზი ალბათ უფრო ცუდი კვებაა, ვიდრე ალკოჰოლის მავნე მოქმედება. იშვიათად, ტოქსიკურ ამბლიოპიას იწვევს წამლები (მაგ. ქლორამფენიკოლი, იზონიაზიდი, ეტამბუტოლი და დიგოქსინი), ტოქსინები, როგორიცაა ტყვია, ეთილენგლიკოლი (ანტიფრიზი) ან მეთანოლი (ხის ანუ მეთილის სპირტი).

სიმპტომები

მხედველობა დღეების ან კვირების მანძილზე ქვეითდება. შესაძლოა ბრმა ლაქა წარმოიქმნას, რომელიც ნელ-ნელა დიდდება ზომაში. იგი ადამიანმა შეიძლება ვერც შენიშნოს თავიდან. თუ დაავადებას მავნე ნივთიერების ზემოქმედება ან ცუდი კვება იწვევს, როგორც წესი, ორივე თვალი ზიანდება. ეთილენგლიკოლით და უფრო კი მეთანოლით მოწამვლამ შესაძლოა უეცრად გამოიწვიოს სრული სიბრმავე. ორივე ნივთიერების ზემოქმედებით ასევე ვლინდება სხვა მძიმე სიმპტომებიც, როგორიცაა კომა, სუნთქვის გაძნელება, ღებინება და მუცლის ტკივილი.

დიაგნოზი

მიზეზის დასადგენად საჭიროა პაციენტის სამედიცინო ისტორიის დეტალურად გამოკითხვა, გარკვევა, ხომ არ უმოქმედია მის ორგანიზმზე რამე ტოქსიკურ ნივთიერებას. ზოგჯერ ასევე კეთდება კვლევები მავნე ნივთიერებებზე და ვიტამინების ნაკლებობის დადგენის მიზნით.

მკურნალობა

საჭიროა მოვერიდოთ ალკოჰოლსა და სხვა ქიმიურ ნივთიერებებს ან წამლებს, რომლებიც შესაძლოა ტოქსიკური იყოს. თუ მიზეზი ალკოჰოლის მოხმარება ან ცუდი კვებაა, აუცილებელია სწორად ბალანსირებული რაციონით კვება და ვიტამინების მიღება, მათ შორის ფოლიუმის მჟავასა და ვიტამინების. თუმცაღა, თუ ამბლიოპია 12ვიტამინის ნაკლებობამ გამოიწვია, საკვები დანამატების მიღება საკმარისი არ არის. ორგანიზმში მისი რაოდენობის შესავსებად წამალი ინექციით შეჰყავთ. თუ ტყვიაა მიზეზი, ქელატორი ნივთიერებები გამოიყენება (მაგ. სუქციმერი ან დიმერკაპროლი), რომელთაც ეს მეტალი ორგანიზმიდან გამოაქვთ. თუ ამბლიოპია ეთილენგლიკოლით ან მეთილის სპირტით მოწამვლამ გამოიწვია, საჭიროა სწრაფი მკურნალობა ჰემოდიალიზით ან მედიკამენტ ფომეპიზოლის გამოყენება. ამ სამედიცინო ჩარევების შედეგად ადამიანთა უმრავლესობას მეტ-ნაკლებად მაინც აღუდგება მხედველობა.