თვალბუდის ანთება | მკურნალი.გე
  1. თვალბუდის ანთება
  2. თვალბუდის დაავადებები
  3. მხედველობის სისტემის დაავადებები
თვალბუდის ანთება

ანთება თვალბუდეში არსებული ქსოვილებიდან ნებისმიერში შეიძლება განვითარდეს.

მიზეზები

თვალბუდის ანთების მიზეზი შეიძლება იყოს მთელი ორგანიზმის მომცველი ანუ სისტემური ანთებითი დაავადება. ზოგჯერ პროცესში მხოლოდ ერთი თვალია ჩართული.

თვალის დამაზიანებელი სისტემური ანთებითი დაავადებებიდან ერთ-ერთია ვეგენერის გრანულომატოზი, რომლის დროსაც სისხლძარღვების გენერალიზებული ანთება (ვასკულიტი) ვითარდება. ცალ თვალზე არსებული ანთებითი დაავადებებიდან აღსანიშნავია სკლერიტი, თვალის თეთრი გარსის (სკლერის) ანთება. ქუთუთოების ანთებითი დაავადებები კი სხვა ქვეთავებშია აღწერილი.

ანთებას, რომელიც თვალბუდის გარეთა, ზედა კუთხეში არსებულ საცრემლე ჯირკვალს აზიანებს, დაკრიოადენიტი ეწოდება. თვალის მამოძრავებელი კუნთების ანთებას მიოზიტს უწოდებენ. მთელი თვალბუდისა და მასში მდებარე სტრუქტურების ანთებას კი ეწოდება თვალბუდის ანთებითი ფსევდოსიმსივნე (რაც სინამდვილეში სიმსივნე ან ავთვისებიანი წარმონაქმნი არ არის) ან თვალბუდის არასპეციფიკური ანთება.

სიმპტომები

სიმპტომები სხვადასხვანაირია, იმის მიხედვით, თუ რომელი ქსოვილს მოიცავს ანთება. ზოგადად დაავადება შედარებით სწრაფად, როგორც წესი, რამდენიმე დღეში ვითარდება. ვლინდება თვალის ან ქუთუთოს სიწითლე და ტკივილი, რომელიც ზოგჯერ აუტანელიც შეიძლება იყოს. ასევე შესაძლოა აღინიშნებოდეს თვალების წინ წამოწევა (პროპტოზი), მხედველობის გაორება ან დაქვეითება.

დიაგნოზი

დიაგნოზის დასასმელად ტარდება კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ). ექიმმა შეიძლება ქსოვილის ნიმუშიც აიღოს ანთების კერიდან და მიკროსკოპით გამოიკვლიოს იგი მიზეზის დასადგენად.

მკურნალობა

ანთების გამომწვევი მრავალი დაავადების სამკურნალოდ კორტიკოსტეროიდი ინიშნება დასალევად. თუ ანთება ძალიან მძიმეა, ეს წამალი ვენაში (ინტრავენურად) გადაესხმება პაციენტს. ზოგჯერ ასევე მიმართავენ სხივურ თერაპიას ან მედიკამენტებსა და იმ მეთოდებს, რომლებიც ორგანიზმის იმუნურ პასუხს ასუსტებს (მაგალითად, ინიშნება მეთოტრექსატი ან ციკლოფოსფამიდი).