1. პროპტოზი
  2. თვალბუდის დაავადებები
  3. მხედველობის სისტემის დაავადებები
პროპტოზი

პროპტოზი (ეგზოფთალმი) ერთი ან ორივე თვალის ზედმეტად, პათოლოგიურად წინ წამოწევაა.

  • თვალის წინ წამოწევის მიზეზი შეიძლება იყოს გრეივსის დაავადება და თვალბუდის ანთება ან სიმსივნეები;

  • გამოკვლევები მოიცავს წინ წამოწევის ხარისხის განსაზღვრას, კომპიუტერულ და მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის კვლევას ან მათ კომბინაციას;

  • მკურნალობა გამომწვევი მიზეზის შესაბამისად ინიშნება.

პროპტოზი და ეგზოფთალმი ერთსა და იმავე მდგომარეობას აღნიშნავს. ტერმინ ეგზოფთალმს უფრო მაშინ იყენებენ, როცა თვალების წინ წამოწევის მიზეზი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებაა.

მიზეზები

პროპტოზის გამოწვევა მრავალ პათოლოგიას შეუძლია, უფრო ხშირად კი ესენია:

  • გრეივსის დაავადება

  • სისხლჩაქცევა თვალის უკან

  • თვალბუდის ანთება ან ინფექცია

  • თვალბუდის სიმსივნე

  • სისხლძარღვთა დაავადებები

ფარისებრი ჯირკვლის ზოგი პათოლოგიის, განსაკუთრებით კი გრეივსის დაავადების დროს, თვალბუდის ქსოვილები შუპდება, რის გამოც თვალები წინ წამოიწევა. ეს ალბათ ეგზოფთალმის ყველაზე ხშირი მიზეზია.

პროპტოზი სწრაფად შეიძლება განვითარდეს თვალის უკან სისხლდენის გამო (მაგ. მძიმე ტრავმის დროს) ან თვალბუდის ანთებისას. თვალის უკან, თვალბუდეში შეიძლება წარმოიქმნას სიმსივნეები, კეთილთვისებიანიც და ავთვისებიანიც, რაც ასევე გამოიწვევს პროპტოზს. თვალის წინ წამოწევის, ტკივილისა და შეშუპების მიზეზი შეიძლება იყოს იშვიათი, კეთილთვისებიანი დაავადება, ფსევდოსიმსივნე, რომლის დროსაც ანთებითი და ფიბროზული ქსოვილი გროვდება. მღვიმოვანი სინუსის თრომბოზი შეშუპებას იწვევს, რადგანაც თვალის ვენებიდან სისხლი ვერ გამოედინება. მოპულსირე პროპტოზის მიზეზი შეიძლება იყოს არტერიებსა და ვენებს შორის არსებული პათოლოგიური კავშირი (არტერიოვენური მალფორმაცია). ამ დროს თვალი წინაა წამოწეული და გულისცემასთან ერთად პულსირებს.

სიმპტომები

წინ წამოწეულ თვალს ქუთუთოები ბოლომდე ვერ ფარავს, ამიტომ რქოვანა შეიძლება გამოშრეს. შედეგად ზოგჯერ მასზე ინფიცირებული წყლულები ვითარდება. ხანგრძლივმა პროპტოზმა მხედველობაც შეიძლება დააქვეითოს მხედველობის ნერვის გაჭიმვის გამო. ამის მიზეზი შესაძლოა თვალბუდეში წნევის გაზრდა და ნერვზე ზეწოლაც იყოს.

დიაგნოზი

წინ წამოწეული თვალების მქონე ყველა ადამიანს პროპტოზი არ აქვს. ზოგჯერ ჩვეულებრივზე მეტი სკლერა იმიტომ ჩანს, რომ ეს უბრალოდ გარეგნული თავისებურებაა. წინ წამოწევის ხარისხის განსაზღვრა სახაზავით ან სპეციალური ინსტრუმენტით, ეგზოფთალმომეტრით შეიძლება. დიაგნოსტიკის დამატებითი მეთოდებია კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ), მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის კვლევა.

მკურნალობა

მკურნალობა მიზეზზეა დამოკიდებული. თუ პრობლემა არტერიებსა და ვენებს შორის არსებული პათოლოგიური კავშირია, შესაძლებელია სისხლძარღვებზე ოპერაციის ჩატარება და ზოგი მათგანის გადაკვანძვა. ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, რომელიც იმდენად მძიმეა, რომ ეგზოფთალმს იწვევს, მკურნალობას საჭიროებს. თუმცაღა, თვალები ამით საწყის მდგომარეობას არ უბრუნდება. სისხლდენის ან ანთების შემთხვევაში საჭიროა გამომწვევი დაავადების მკურნალობა. სიმსივნის დროს (გააჩნია მის ტიპს) ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია ან ოპერაცია გამოიყენება. თუ ანთებას ფსევდოსიმსივნე იწვევს, კორტიკოსტეროიდები ინიშნება.

თავად პროპტოზის სიმპტომების შესამსუბუქებლად იყენებენ თვალის საჩრდილობლებსა და წვეთებს ან კორტიკოსტეროიდებს – მსუბუქ შემთხვევებში, სხივურ თერაპიასა და ქირურგიულ ჩარევას – მძიმე გამოვლინებების არსებობისას.