1. ტოქსიკური შოკის სინდრომი
  2. ბაქტერიული ინფექციები (ინფექციები)
  3. ინფექციები
ტოქსიკური შოკის სინდრომი

ტოქსიკური შოკის სინდრომი წარმოადგენს სწრაფად განვითარებადი მწვავე სიმპტომების ნაკრებს, რომელთაც მიეკუთვნება ცხელება, გამონაყარი, სიცოცხლისთვის საშიში, ძალიან დაბალი არტერიული წნევა და რამდენიმე ორგანოს უკმარისობა. ის გამოწვეულია ოქროსფერი სტაფილოკოკის ან Aჯგუფის სტრეპტოკოკის მიერ გამოყოფილი ტოქსინებით.

  • ადამიანები, რომლებიც იყენებენ სუპერშემწოვ ჰიგიენურ ტამპონებს ან აქვთ ოქროსფერი სტაფილოკოკის ან A ჯგუფის სტრეპტოკოკის მიერ გამოწვეული ინფექცია, იმყოფებიან ამ სინდრომის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ;

  • ეს სინდრომი შეიძლება აღმოჩნდეს ლეტალური, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას სტრეპტოკოკი იწვევს;

  • ჰიგიენური ტამპონების ხშირი გამოცვლა და სუპერშემწოვ ჰიგიენურ ტამპონებზე უარის თქმა ამცირებს ამ სინდრომის განვითარების რისკს;

  • მკურნალობა გულისხმობს სიმპტომების შემსუბუქებასა და მეტი ტოქსინების წარმოქმნის თავიდან აცილებას.

ტოქსიკური შოკის სინდრომს იწვევს ოქროსფერი სტაფილოკოკის ან A ჯგუფის სტრეპტოკოკის მიერ გამოყოფილი ტოქსინები. ის ვითარდება, როდესაც ოქროსფერი სტაფილოკოკი აინფიცირებს ქსოვილს (მაგ. ჭრილობაში) ან იზრდება საშოში მოთავსებულ ჰიგიენურ ტამპონზე (განსაკუთრებით სუპერშემწოვ ჰიგიენურ ტამპონზე). უცნობია, თუ რატომ ზრდის სუპერშემწოვი ჰიგიენური ტამპონი ამ სინდრომის განვითარების რისკს. საშოში ჩასახვის საწინააღმდეგო დიაფრაგმის 24 საათზე მეტხანს დატოვება აგრეთვე მცირედ ზრდის ამ სინდრომის განვითარების რისკს. ეს სინდრომი შესაძლოა განვითარდეს შემდეგი მდგომარეობების დროს:

  • როდესაც დაინფიცირებულია ქირურგიული განაკვეთი, მაშინაც კი, როდესაც ინფექცია ჩანს მსუბუქი;

  • როდესაც საშვილოსნო ინფიცირდება მშობიარობის შემდეგ;

  • ცხვირის ოპერაციის შემდეგ, როდესაც ცხვირს ბინტებით ახვევენ;

  • სხვა მხრივ ჯანმრთელ ადამიანებში, რომელთაც აქვთ A ჯგუფის სტრეპტოკოკის მიერ გამოწვეული კანის ქსოვილთა ინფექცია.

სიმპტომები

თუ მიზეზი სტაფილოკოკი ან სტრეპტოკოკია, სიმპტომები ვითარდება უეცრად და უარესდება სწრაფად, რამდენიმე დღის განმავლობაში. ადამიანებს შესაძლოა ჰქონდეთ მაღალი ცხელება, წითელი და მტკივნეული ყელი, წითელი თვალები, ფაღარათი და კუნთთა ტკივილი. მთელი სხეული, მათ შორის ხელისა და ფეხისგულებიც, იფარება გამონაყარით, რომელიც ჰგავს მზის დამწვრობას. ამის შემდეგ კანი იქერცლება. სისხლის არტერიული წნევა ეცემა სიცოცხლისთვის საშიშ დონეზე და ადამიანები იწყებენ ბოდვას. ქსოვილებში გროვდება სითხე და იწვევს შეშუპებას. სისხლი ნორმალურად ვეღარ დედდება, რაც ზრდის მწვავე სისხლდენის განვითარების რისკს. ზოგიერთმა ორგანომ, როგორიცაა თირკმელი, ღვიძლი, გული და ფილტვები, შეიძლება ვეღარ იფუნქციონიროს ნორმალურად ან სრულად შეწყვიტოს ფუნქციონირება.

სტრეპტოკოკული ტოქსიკური სინდრომის დროს ჭრილობა მტკივნეულია. ჭრილობის გარშემო შეიძლება განვითარდეს განგრენა.

როდესაც სინდრომის გამომწვევი სტრეპტოკოკია, ადამიანების 70% იღუპება. როდესაც სინდრომი გამოწვეულია სტაფილოკოკით, თუ სინდრომის გამომწვევი მიზეზი დაკავშირებულია მენსტრუაციასთან, იღუპება ადამიანების 5%, ხოლო თუ მიზეზი მენსტრუაციასთან კავშირში არაა, იღუპება 15%. თუ ადამიანები გადარჩებიან, ისინი სრულად გამოჯანმრთელდებიან.

თუ ინფექციის წყარო სტაფილოკოკებით დაინფიცირებული ჰიგიენური ტამპონია, სინდრომი შეიძლება განმეორდეს, ჩვეულებრივ, პირველი ეპიზოდიდან 4 თვის შემდეგ. ზოგჯერ სინდრომი რამდენჯერმე განმეორდება. ყოველი შემდეგი ეპიზოდი უფრო მსუბუქი ხარისხისაა. სინდრომის ხელახალი განვითარების რისკის თავიდან აცილების მიზნით ქალებმა, რომლებსაც ჰქონდათ ეს სინდრომი, არ უნდა გამოიყენონ ჰიგიენური ტამპონები ან დიაფრაგმები.

დიაგნოზი

დიაგნოზი, ჩვეულებრივ, ეფუძნება სიმპტომებს, ფიზიკური გამოკვლევისა და რუტინული სისხლის ანალიზების შედეგებს. დაინფიცირებული სისხლისა და ქსოვილების ნიმუშები იგზავნება ლაბორატორიაში, სადაც შესაძლებელია მათი გაზრდა (კულტივირება).

პრევენცია

ქალებმა, რომლებიც იყენებენ ტამპონებს, შეიძლება მიიღონ შემდეგი ზომები ინფექციის პრევენციის მიზნით:

  • არ გამოიყენონ სუპერშემწოვი ჰიგიენური ტამპონები;

  • გამოიყენონ ყველაზე ნაკლებშემწოვი ჰიგიენური ტამპონები;

  • მონაცვლეობით გამოიყენონ ჰიგიენური ტამპონები და საფენები;

  • ყოველ 4-8 საათში იცვალონ ტამპონები.

არ არსებობს ტოქსიკური შოკის სინდრომის თავიდან აცილების სხვა რეკომენდაციები.

მკურნალობა

თუ ეჭვი მიტანილ იქნა ტოქსიკური შოკის სინდრომზე, საჭიროა ადამიანების საავადმყოფოში გადაყვანა, ჩვეულებრივ – ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ადამიანებს ვენაში უკეთდებათ მარილის შემცველი სითხეები და ხშირად – არტერიული წნევის ნორმის დონეზე ამწევი წამლები. მათ უმეტესობას სჭირდება დახმარება, რომ ისუნთქონ – ჩვეულებრივ, ხელოვნური ვენტილატორით. საშოდან სასწრაფოდ აცილებენ ჰიგიენურ ტამპონს, დიაფრაგმასა და სხვა უცხო სხეულებს. ვენაში კეთდება ანტიბიოტიკი და რთულ შემთხვევებში იმუნოგლობულინიც, რომელსაც შეუძლია ტოქსინის განეიტრალება. ხდება იმ ადგილების (როგორიცაა, მაგ. ქირურგიული ჭრილობები და საშო) წყლით ამორეცხვა (ირიგაცია), რომლებიც შესაძლოა შეიცავდნენ ბაქტერიებს.

თუ დაინფიცირებულია ჭრილობები, შესაძლებელია საჭირო გახდეს მათი შემდგომი ქირურგიული გზით გასუფთავება დაინფიცირებული ქსოვილების ამოკვეთისა ან ზოგჯერ – განგრენის შემთხვევაში, კიდურის მოკვეთის გზით.