ფიმოზი და პარაფიმოზი | მკურნალი.გე
  1. ფიმოზი და პარაფიმოზი
  2. მამაკაცის პენისისა და სათესლე ჯირკვლების დაავადებები
  3. მამაკაცების ჯანმრთელობა
ფიმოზი და პარაფიმოზი

ფიმოზი: ფიმოზის დროს პენისის ჩუჩა შეჭმუხნილია და მისი გადაწევა პენისის თავზე (კონუსისებური ფორმის დაბოლოება პენისზე) შეუძლებელია. ეს მდგომარეობა ნორმად ითვლება ახალშობილებსა და ახალგაზრდა ვაჟებში და, ჩვეულებრივ, დაახლოებით 5 წლის ასაკისათვის თავისთავად სწორდება. მოზრდილ მამაკაცებში ფიმოზი შეიძლება გამოიწვიოს გახანგრძლივებულმა ირიტაციამ და მორეციდივე ბალანოპოსტჰიტმა. ჩუჩის შეჭმუხნილ მდგომარეობაში ყოფნამ შეიძლება გავლენა მოახდინოს შარდვის პროცესსა და სექსუალურ აქტივობაზე, ასევე, გაზარდოს საშარდე სისტემის ინფექციების განვითარების რისკი. ჩვეულებრივი მკურნალობაა ჩუჩის მოცილება წრიული განაკვეთის გაკეთებით. თუმცა, ზოგჯერ ბავშვებში დღეში 2-3-ჯერ კორტიკოსტეროიდული მალამოს აპლიკაციებმა და პერიოდულად ჩუჩის ნაზად დაჭიმვამ შესაძლოა შედეგი გამოიღოს და ოპერაციული ჩარევა აღარ გახდეს საჭირო. მალამოს გამოყენება შეიძლება გაგრძელდეს 3 თვის განმავლობაში.

პარაფიმოზი:პარაფიმოზის დროს შეუძლებელია ჩაწეული ჩუჩის გადმოწევა წინ, პენისის თავზე. ეს მდგომარეობა ყველაზე ხშირად მაშინ ვითარდება, როცა სამედიცინო პროცედურების ჩატარების (როგორიცაა კათეტერიზაცია) ან ბავშვის პენისის გასუფთავების შემდეგ პენისის ჩუჩა ჩაწეულ მდგომარეობაში რჩება. ამ დროს პენისის თავი შუპდება და ზეწოლას ახდენს ჩუჩაზე, რის შედეგადაც შეიძლება პენისის თავი ჩაიჭედოს. ზეწოლის გაზრდის შედეგად ფერხდება სისხლის მიწოდება პენისში და, თუ ჩუჩა წინ დროულად არ გადმოიწია, ვითარდება პენისის ქსოვილის დესტრუქცია. სასწრაფო დახმარება გულისხმობს პენისის თავის შეჭმუხვნას და დაპატარავებას, რათა შესაძლებელი გახდეს ჩუჩის წინ გადმოწევა. თუ ეს ტექნიკა არ იმუშავებს, უნდა ჩატარდეს პენისის ანესთეზია და გაკეთდეს გრძივი განაკვეთი ჩუჩაზე, რაც შეამსუბუქებს ჩუჩის დაჭიმულობას. მოგვიანებით კეთდება ჩუჩის მოცილება ქირურგიულად, წრიული განაკვეთით.