პრიაპიზმი | მკურნალი.გე
  1. პრიაპიზმი
  2. მამაკაცის პენისისა და სათესლე ჯირკვლების დაავადებები
  3. მამაკაცების ჯანმრთელობა
პრიაპიზმი

პრიაპიზმი არის მტკივნეული, პერსისტირებული ერექცია, რომელსაც არ ახლავს სექსუალური ურთიერთობის სურვილი და აღგზნება.

სავარაუდოდ, პრიაპიზმს საფუძვლად უდევს სისხლძარღვებისა და ნერვების ანომალია, რაც იწვევს სისხლის შეგუბებას კავერნოზულ ქსოვილში (corpora cavernosa). უმეტეს შემთხვევებში, პრიაპიზმის მიზეზი ერექციის მისაღწევად მიღებული მედიკამენტებია. ეს მედიკამენტები შეიძლება იყოს დასალევი (მაგალითად, სილდენაფილი, ტადალაფილი ან ვარდენაფილი) ან პენისში საინექციო ფორმის, მაგალითად, ალპროსტადილი. პრიაპიზმის გამომწვევი სხვა მიზეზები შეიძლება იყოს სისხლის კოლტები, ლეიკემია, ნამგლისებური უჯრედების დაავადება (ძირითადად, ბავშვებში), სიმსივნე მენჯის ღრუში, პენისის ან მის ირგვლივ მიდამოს დაზიანება, ზურგის ტვინის დისფუნქცია და სხვადასხვა მედიკამენტი (როგორიცაა ზოგიერთი ანტიდეპრესანტი, ასევე მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ფსიქოლოგიური დარღვევების დროს, კოკაინი და მარიხუანა). ზოგ შემთხვევაში მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება.

ზოგიერთი სიმპტომი საშუალებას იძლევა, გავარჩიოთ პრიაპიზმი ნორმალური ერექციისაგან. პრიაპიზმი გრძელდება უფრო დიდხანს, ჩვეულებრივ, რამდენიმე საათი. სექსუალური აგზნება თან არ ახლავს პრიაპიზმს და ამ დროს ხშირად ერექცია მტკივნეულია. ამასთან, პრიაპიზმის დროს პენისის თავი (კონუსისებური ფორმის დაბოლოება) შეიძლება იყოს რბილი.

ყინულის დადება ან ვარჯიში კიბეზე სიარულის სახით, ან ორივე ერთად, შეიძლება, დაეხმაროს პაციენტს მდგომარეობის შემსუბუქებაში. ეს მეთოდი სწრაფი და იოლად განსახორციელებელია. მედიკამენტი, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს პრიაპიზმის გამომწვევ მიზეზად, სასწრაფოდ უნდა მოიხსნას. ერექციის შემასუსტებელი მედიკამენტის, მაგალითად, ფენილეფრინის პენისში შეყვანით შეიძლება შემცირდეს ერექცია, განსაკუთრებით, თუ პრიაპიზმი გამოწვეულია პენისში მედიკამენტის ინექციის შედეგად. სპინალური ანესთეზიით შეიძლება შემცირდეს ზურგის ტვინის დაზიანებით გამოწვეული პრიაპიზმი. იმ შემთხვევაში, თუ პრიაპიზმის მიზეზი სისხლის კოლტია, აუცილებელი ხდება კოლტის მოცილება ქირურგიული მეთოდით, რაც პენისში სისხლის ნორმალურ ცირკულაციას აღადგენს. ხშირად, როცა მკურნალობა არაეფექტურია ან ერექცია 4 საათზე მეტ ხანს გრძელდება, პრიაპიზმის სამკურნალოდ შეიძლება ნემსის და შპრიცის საშუალებით პენისიდან ჭარბი სისხლის დრენირება, აგრეთვე, სისხლძარღვებიდან სისხლის კოლტებისა და სხვა მაბლოკირებელი ფაქტორების გამორეცხვა სითხით. გამომწვევი მიზეზის გათვალისწინებით, შეიძლება ზოგიერთი მედიკამენტის გამოყენება. გახანგრძლივებული პრიაპიზმი ხშირად სამუდამოდ აქვეითებს ერექციულ ფუნქციას.