პირონის დაავადება | მკურნალი.გე
  1. პირონის დაავადება
  2. მამაკაცის პენისისა და სათესლე ჯირკვლების დაავადებები
  3. მამაკაცების ჯანმრთელობა
პირონის დაავადება

პირონის დაავადება არის პენისის ფიბროზული გასქელება, რაც იწვევს პენისის შეჭმუხვნასა და დეფორმირებას და ერექციის დროს მის გამრუდებას.

ბევრ მამაკაცს ერექციის დროს აღენიშნება ერეგირებული პენისის მცირე გამრუდება. პირონის დაავადების დროს პენისის გამრუდება უფრო მეტად არის გამოხატული. პენისის ანთების შედეგად, ვითარდება ფიბროზული, დანაწიბურებული ქსოვილი, რომელიც იწვევს ერეგირებული პენისის გამრუდებას, რის გამოც პენეტრაცია ძნელდება ან შეუძლებელი ხდება. თუმცა ზუსტად არ არის ცნობილი, რა იწვევს ანთებით პროცესს.

აღნიშნული მდგომარეობის გამო, ერექცია მტკივნეულია. დანაწიბურებული ქსოვილი შეიძლება გავრცელდეს კავერნოზულ ქსოვილში (corpora cavernosa), რაც აფერხებს ერექციის დადგომას.

პენისის მცირე გამრუდება, რომელიც სექსუალურ ფუნქციას არ აფერხებს, არ მოითხოვს მკურნალობას. პირონის დაავადება შეიძლება დამთავრდეს რამდენიმე თვეში მკურნალობის გარეშე. მკურნალობის რომელიმე მეთოდის განსაკუთრებული ეფექტურობა დადგენილი არ არის.

პაციენტს შეიძლება დასალევად დაენიშნოს ვიტამინი E, რომელიც ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას და ამცირებს ნაწიბურებს. ასევე, შეიძლება მიეცეს დასალევად პარამინობენზოატი, თუმცა ზოგჯერ იგი მუცლის ტკივილს და კუჭ-ნაწლავის პრობლემებს იწვევს. გარდა ამისა, საჭიროა ყოველდღე კორტიკოსტეროიდების ბევრი აბის მიღება ან შეიძლება გაკეთდეს ვერაპამილი ინექციების სახით დანაწიბურებულ ქსოვილში, ანთებისა და ნაწიბურების შესამცირებლად. ულტრაბგერითი მკურნალობით შეიძლება სისხლის მიმოქცევის სტიმულირება და ამის შედეგად დანაწიბურების პროცესის შეფერხება. რადიაციული თერაპიით შესაძლებელია შემცირდეს ტკივილი, მაგრამ ხშირად ძლიერდება კანის დაზიანება. ქირურგიული ჩარევა არ არის რეკომენდებული, თუ დაავადება არ პროგრესირებს და პენისის გამრუდება ხელს არ უშლის სექსუალურ ურთიერთობებს. დანაწიბურებული ქსოვილის ქირურგიული მეთოდით ამოღებისას, პენისი მოკლდება, შეიძლება გაუარესდეს დაავადების მიმდინარეობა ან განვითარდეს ერექციის დისფუნქცია.