პენისის და შარდსადენის დაზიანება | მკურნალი.გე
  1. პენისის და შარდსადენის დაზიანება
  2. მამაკაცის პენისისა და სათესლე ჯირკვლების დაავადებები
  3. მამაკაცების ჯანმრთელობა
პენისის და შარდსადენის დაზიანება

ზოგიერთი ტრავმა აზიანებს პენისს.

პენისის ჭრილობა: ყველაზე გავრცელებულია პენისის დაზიანება შარვლის ელვაშესაკრავით, თუმცა ამის შედეგად გამოწვეული მსუბუქი დაზიანება სწრაფად უკუგანვითარდება. ჩვეულებრივ, თუ პენისის ჰიგიენა დაცულია, ჭრილობები ადვილად იკურნება. ჭრილობის დაინფიცირების შემთხვევაში საჭიროა ანტიბიოტიკის მიღება.

პენისი შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ მოწყდეს. დაზიანებული პენისის თავიდან მიმაგრება ზოგჯერ შესაძლებელია, თუმცა პენისის მგრძნობელობისა და ფუნქციის სრული აღდგენა იშვიათად ხერხდება.

შარდსადენის დაზიანება: შარდსადენის, ანუ იმ მილის დაზიანება, რომელსაც გადააქვს შარდი პენისის გავლით, სერიოზული პრობლემაა, ვინაიდან შესაძლოა ამ დროს განვითარდეს ნაწიბურები, რაც იწვევს შარდის დინების შეფერხებას. შარდსადენი შეიძლება დაზიანდეს უხეში ტრავმის შედეგად, როგორიცაა მოაჯირზე ან მოტოციკლის საჭეზე გაშლილი ფეხებით დაცემა, ასევე, ღრმა ჭრილობის მიყენება. შარდსადენი შეიძლება დაზიანდეს ქირურგიული პროცედურის გართულების შედეგადაც. ამ დროს აუცილებელია მკურნალობის ჩატარება უროლოგის მიერ.

პენისის მოტეხილობა: ერეგირებული პენისის ძლიერმა გადახრამ შეიძლება პენისის მოტეხილობა გამოიწვიოს. პენისის ამგვარი გადახრა შესაძლებელია უხეში სექსუალური ურთიერთობის დროს, თუ პენისი მიეჯახა პარტნიორის მენჯის ძვალს. „მოტეხილობა“ სინამდვილეში ნიშნავს, რომ გაიხლიჩა პენისში არსებული ორიდან ერთ-ერთი მილის მსგავსი სტრუქტურა (corpus cavernosum), რომელიც განაპირობებს პენისში სისხლის ჭარბ შედინებას და ამის შედეგად ერექციის შენარჩუნებას.

მამაკაცს მოულოდნელად ეწყება ტკივილი, შეშუპება და პენისის დეფორმირება. ასეთი ტრავმა ხშირად აზიანებს ერექციის მაკონტროლებელ სტრუქტურებს, ამიტომ დაზიანების ადგილობრივი მკურნალობის შემდეგ მამაკაცს შეიძლება მომავალში განუვითარდეს სექსუალური ურთიერთობების, ასევე შარდვის პრობლემები. ამ დროს აუცილებელია გადაუდებელი ქირურგიული დახმარება, რათა აღდგეს გახლეჩილი რბილი ქსოვილების მთლიანობა, მოტეხილი პენისი არ გამრუდდეს და მამაკაცმა ერექციული ფუნქცია შეინარჩუნოს.

სათესლე პარკის და სათესლე ჯირკვლების დაზიანება: სათესლე პარკი, თავისი მდებარეობის გამო, ადვილად ზიანდება. უხეში ძალის ზემოქმედება (როგორიცაა ფეხის ამორტყმა ან ძლიერი დარტყმა) იწვევს ყველაზე მძიმე დაზიანებას. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებულმა ჭრილობამ ან ცივი იარაღით მიყენებულმა გამჭოლმა ჭრილობამ შეიძლება გამოიწვიოს სათესლე პარკისა და სათესლე ჯირკვლის პენეტრაცია. იშვიათად, მაგრამ სათესლე პარკი შეიძლება მოსცილდეს სათესლე ჯირკვლებს. სათესლე ჯირკვლების დაზიანება იწვევს ძლიერ ტკივილს, რომელსაც თან ახლავს გულისრევა და ღებინება. ულტრაბგერითი გამოკვლევით შეიძლება დადგინდეს, არის თუ არა სათესლე ჯირკვლები გაგლეჯილი. სათესლე ჯირკვლებსა და მის ირგვლივ ქსოვილში სისხლდენის სამკურნალოდ ეფექტიანია ყინულის პარკების დადება, დამჭერი ნახვევი, ტკივილგამაყუჩებელი და გულისრევის საწინააღმდეგო მედიკამენტები. სათესლე ჯირკვლების გაგლეჯვის დროს საჭიროა ქირურგიული მეთოდით მათი მთლიანობის აღდგენა. იმ შემთხვევაში, თუ სათესლე პარკი მოცილებულია სათესლე ჯირკვლებს, ეს უკანასკნელი „კვდება“ ან კარგავს ჰორმონის ან სპერმის გამომუშავების უნარს. სათესლე ჯირკვლის დასაფარად კეთდება სათესლე პარკის რეკონსტრუქცია ან, უბრალოდ, სათესლე ჯირკვლების ჩანერგვა ბარძაყების კანის ქვეშ, მათი დაცულობის მიზნით.