სათესლე ჯირკვლების შემოგრეხა | მკურნალი.გე
  1. სათესლე ჯირკვლების შემოგრეხა
  2. მამაკაცის პენისისა და სათესლე ჯირკვლების დაავადებები
  3. მამაკაცების ჯანმრთელობა
სათესლე ჯირკვლების შემოგრეხა

სათესლე ჯირკვლების შემოგრეხა ვითარდება მათი მოტრიალების შედეგად სათესლე ბაგირაკის გარშემო, რის შედეგად სათესლე ჯირკვლების სისხლით მომარაგება ფერხდება.

სათესლე ჯირკვლების შემოგრეხა უფრო ხშირია პუბერტულსა და 25 წლის ასაკს შორის პერიოდში, თუმცა იგი ყველა ასაკში შეიძლება მოხდეს. სათესლე ჯირკვლების შემოგრეხას ხელს უწყობს სათესლე ბაგირაკის ან სათესლე ჯირკვლების გარშემო არსებული მფარავი მემბრანის განვითარების ანომალია. სათესლე ჯირკვლების შემოგრეხის შედეგად განვითარებული სისხლით მომარაგების შეწყვეტა 6-12 საათში იწვევს სათესლე ჯირკვლების ნეკროზს, თუ დროულად არ ჩატარდა მკურნალობა. სათესლე ჯირკვლების შემოგრეხის დროს უეცრად ვითარდება ძლიერი ტკივილი და შეშუპება. ტკივილის შეგრძნება მომდინარეობს მუცლის ღრუდან და თან ახლავს გულისრევა და ღებინება. ექიმებს დიაგნოზის დასმა შეუძლიათ არსებული სიპტომებისა და ფიზიკური გასინჯვით გამოვლენილი მონაცემების საფუძველზე. როგორც დიაგნოსტირების ალტერნატიული მეთოდი, შეიძლება გამოყენებული იქნეს სკანირება, კერძოდ, ულტრაბგერითი სკანირება. სათესლე ჯირკვლის შემოგრეხა მოითხოვს სწრაფ, გადაუდებელ დახმარებას, ვინაიდან, თუ სათესლე ჯირკვალი დროულად არ მოტრიალდება, შესაძლოა განვითარდეს ნეკროზი. ექიმებს შეუძლიათ ქირურგიული ჩარევის გარეშე სცადონ სათესლე პარკშივე სათესლე ჯირკვლების მოტრიალება. ზოგჯერ ეს პროცედურა ეფექტურია და ქირურგიული ჩარევა შეიძლება მოგვიანებით განხორციელდეს, თუმცა, ჩვეულებრივ, იგი წარმატებული არ არის. ამიტომ საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს ქირურგიული მეთოდით სათესლე ბაგირაკის გათავისუფლება. ოპერაციის პროცესში, იმის მიუხედავად, სასწრაფოდ ტარდება თუ მოგვიანებით, უროლოგები, ჩვეულებრივ, აკეთებენ ორივე სათესლე ჯირკვლის გადაკვანძვას, რათა მომავალში თავიდან იქნეს აცილებული მათი შესაძლო განმეორებითი გადაგრეხის ეპიზოდები.