ეპიდიდიმიტი და ეპიდიდიმორქიტი | მკურნალი.გე
  1. ეპიდიდიმიტი და ეპიდიდიმორქიტი
  2. მამაკაცის პენისისა და სათესლე ჯირკვლების დაავადებები
  3. მამაკაცების ჯანმრთელობა
ეპიდიდიმიტი და ეპიდიდიმორქიტი

ეპიდიდიმიტი არის ეპიდიდიმის (რკალისებური მილი სათესლე ჯირკვლის ზემოთ, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის სივრცესა და გარემოს სპერმის მოსამწიფებლად) ანთება. ეპიდიდიმორქიტი არის ეპიდიდიმისა და სათესლე ჯირკვლების ანთება.

ეპიდიდიმიტსა და ეპიდიდიმორქიტს ყველაზე ხშირად იწვევს ბაქტერიული ინფექცია. დაინფიცირება შეიძლება მოხდეს ქირურგიული ოპერაციის დროს, მაგალითად, შარდის ბუშტში კათეტერის ჩადგმისას. საშარდე სისტემაში სხვადასხვა ადგილიდან ასევე შეიძლება გავრცელდეს ინფექცია. ზოგჯერ ახალგაზრდა მამაკაცებში ინფექციების მიზეზია სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები. იშვიათად, გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს ვირუსული ინფექციები და სოკო. ზოგჯერ დაავადების მიზეზის გამოვლენა საერთოდ ვერ ხერხდება. ასეთ შემთხვევაში, ექიმები ფიქრობენ, რომ ეპიდიდიმის ანთება გამოწვეულია მასში შარდის უკუჩადინებით, რაც შეიძლება მოხდეს სხეულის დაძაბვის დროს (მაგალითად, სიმძიმის აწევისას).

ეპიდიდიმიტის და ეპიდიდიმორქიტის სიმპტომებია: დაზიანებული მიდამოს შეშუპება და მგრძნობელობის მომატება, ძლიერი და შეუჩერებელი ტკივილი, სათესლე ჯირკვლების ირგვლივ სითხის დაგროვება, ზოგჯერ ტემპერატურის მომატება, იშვიათად შეიძლება განვითარდეს სათესლე ჯირკვლების ირგვლივ სითხის დაგროვება (ჰიდროცელე), რაც სათესლე პარკში შეიგრძნობა რბილი წარმონაქმნის სახით.

ეპიდიდიმიტის და ეპიდიდიმორქიტის დიაგნოზი ეყრდნობა ფიზიკურ გამოკვლევას, შარდის ანალიზის მონაცემებს და, აგრეთვე, დოპლერული ულტრასონოგრაფიის შედეგს, რითაც ფასდება სათესლე ჯირკვლებში სისხლის მიმოქცევის პროცესი. გამოვლენილი დარღვევების სამკურნალოდ გამოიყენება ანტიბიოტიკები დასალევად, წოლითი რეჟიმი, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები და ყინულის პარკები სათესლე ჯირკვლებზე. სათესლე პარკის დამჭერი ნახვევით იმობილიზაცია ამცირებს განმეორებითი ტრავმით გამოწვეულ ტკივილს. აბსცესის არსებობისას ქირურგიული მეთოდით კეთდება დრენაჟი.