სათესლე პარკის შესივება | მკურნალი.გე
  1. სათესლე პარკის შესივება
  2. მამაკაცის პენისისა და სათესლე ჯირკვლების დაავადებები
  3. მამაკაცების ჯანმრთელობა
სათესლე პარკის შესივება

სათესლე პარკის შესივება შეიძლება ბევრმა მიზეზმა განაპირობოს. შესაძლო მიზეზებია: კიბო, სათესლე ჯირკვლის შემოგრეხა, საზარდულის თიაქარი, ეპიდიდიმიტი, ჰიდროცელე, შეშუპება, ორქიტი, სპერმატოცელე და ვარიკოცელე.

ჰიდროცელე: ჩვეულებრივ, ჰიდროცელეს დროს სიმპტომები არ ვლინდება. იგი შეიძლება შემთხვევით აღმოაჩინოთ სათესლე ჯირკვლის გარშემო უმტკივნეულო შესივების სახით. ექიმებს შეუძლიათ დაადგინონ დიაგნოზი შესივების ადგილზე სინათლის მინათებით (ტრანსილუმინაცია). სათესლე ჯირკვლების ულტრაბგერითი გამოკვლევა ტარდება არატიპურ შემთხვევებში, მაგალითად, ახალგაზრდა მამაკაცებში, რომლებსაც ჰიდროცელეს ზუსტი მიზეზი ვერ დაუდგინდათ. ულტრაბგერითი სკანირებით შეიძლება გამოვლინდეს ინფექციის ან სიმსივნის არსებობა.

ჰიდროცელე, უმეტეს შემთხვევაში, არ მოითხოვს მკურნალობას, თუმცა ძალიან დიდი ზომის ჰიდროცელეს დროს, ზოგჯერ, საჭირო ხდება მისი ქირურგიული მეთოდით ამოღება.

შეშუპება: შეშუპება სითხის შეკავების შედეგად ვითარდება. სათესლე პარკის შეშუპებას იწვევს მარილის და წყლის შეკავება და ლიმფის ცირკულაციის ბლოკირება. არც ერთ ამ შემთხვევაში ტკივილი არ აღინიშნება. მარილის და წყლის შეკავება ყველაზე ხშირად გვხვდება გულის ან თირკმლის უკმარისობის ან ღვიძლის ქრონიკული დაავადების დროს. ლიმფის შეგუბებით გამოწვეული შეშუპება განპირობებულია ლიმფის ნაკადის ბლოკირებით, რაც უხშირესად ვითარდება მუცლის ან მენჯის ღრუში ლიმფის სადინარებზე კომპრესიის შედეგად (მაგალითად, სიმსივნე, სხვადასხვა პარაზიტით გამოწვეული ინფექცია).

ექიმები შეშუპების მიზეზს ადგენენ არსებული სიმპტომებისა და ფიზიკური გასინჯვით გამოვლენილი მონაცემების საფუძველზე. ზოგჯერ საჭირო ხდება სისხლის გამოკვლევა ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის შესაფასებლად. შეშუპებას მკურნალობენ გამომწვევი მიზეზების შესაბამისად.

ორქიტი: სათესლე ჯირკვლების ინფექციას, ორქიტს, იწვევს ვირუსები, მათ შორის, ყველაზე ხშირად – ყბაყურას ვირუსი. ყბაყურა, ძირითადად, ბავშვებს ემართებათ. თუ მამაკაცი დაავადდა ყბაყურით, მისი სათესლე ჯირკვლები შეიძლება შეშუპდეს და მტკივნეული გახდეს. ასევე, შეიძლება დაპატარავდეს და შეწყვიტოს ფუნქციონირება ანუ განიცადოს ატროფია. ჩვეულებრივ, დიაგნოზი ისმება არსებული სიმპტომების საფუძველზე. ანალგეტიკური საშუალებების გამოყენებით და სათესლე ჯირკვლებზე ცივი ან თბილი პარკების დადებით შეიძლება ტკივილი შემცირდეს. ინფექცია უხშირესად თავისთავად, გართულებების გარეშე იკურნება. თუმცა, ზოგჯერ ყბაყურამ შეიძლება სამუდამოდ დააზიანოს სათესლე ჯირკვლების მიერ სპერმის გამომუშავების უნარი. ზოგადად, ყბაყურა არ იწვევს სრულ უნაყოფობას, თუ ორივე სათესლე ჯირკვალი ერთდროულად არ დაზიანდა.

სპერმატოცელე: სპერმატოცელეს დროს აღინიშნება სპერმის დაგროვება ეპიდიდიმის გვერდით განვითარებულ კისტაში. იგი უხშირესად მკურნალობას არ საჭიროებს, თუმცა, თუ სპერმატოცელე გადიდდა ან შემაწუხებელი გახდა, მისი ამოღება ქირურგიული მეთოდით შეიძლება.

ვარიკოცელე: ვარიკოცელე ვითარდება სათესლე ჯირკვლებში ვარიკოზული ვენების არსებობისას. ჩვეულებრივ, ვენების საშუალებით ხდება სათესლე ჯირკვლების დრენაჟი. ვენები შეიცავს სარქველებს, რომლებიც აფერხებს სათესლე ჯირკვლებიდან სისხლის უკან გადინებას. ვენების სარქველების დაზიანების შემთხვევაში ვარიკოცელე ვითარდება. უფრო ხშირად ვარიკოცელე სათესლე პარკის მარცხენა მხარეს ვითარდება. სიპტომები შეიძლება არ გამოვლინდეს, თუმცა ზოგჯერ მან შესაძლოა გამოიწვიოს სიმძიმის შეგრძნება და ყრუ, პულსირებადი ტკივილი, რაც განსაკუთრებით შემაწუხებელია ფეხზე დგომის დროს. ვარიკოცელე, ვერტიკალურ მდგომარეობაში გასინჯვისას, სათესლე პარკზე შეხებისას შეიგრძნობა, როგორც ჭიებით სავსე ჩანთა. წოლით მდგომარეობაში გადასვლისას, გაფართოებულ ვენებში სისხლის ნაკადის შემცირების შედეგად, შეშუპება, ჩვეულებრივ, ცხრება და სიმპტომები ქრება. იშვიათ შემთხვევაში ვარიკოცელე აქვეითებს ფერტილობის უნარს. იმ შემთხვევაში, თუ სიპტომები დამძიმდა, ექიმებს შეუძლიათ ქირურგიული მეთოდით დაზიანებული ვენების გადაკვანძვა.