სათესლე ჯირკვლების კიბო | მკურნალი.გე
  1. სათესლე ჯირკვლების კიბო
  2. მამაკაცის პენისისა და სათესლე ჯირკვლების დაავადებები
  3. მამაკაცების ჯანმრთელობა
სათესლე ჯირკვლების კიბო

  • სათესლე ჯირკვლების კიბო გავრცელებულია ახალგაზრდა მამაკაცებში;

  • ამ დროს ვლინდება უმტკივნეულო სიმსივნური წარმონაქმნი;

  • კეთდება ულტრაბგერითი სკანირება და სისხლის ანალიზი;

  • სათესლე ჯირკვლები ამოიღება და ზოგჯერ ტარდება რადიაციული თერაპია და ქიმიოთერაპია.

სათესლე ჯირკვლის კიბო უფრო გავრცელებულია 40 წლამდე ასაკის მამაკაცებში. კიბოს გავრცელების ყველაზე ხშირი ადგილი სათესლე ჯირკვლებია. არსებობს სათესლე ჯირკვლის კიბოს სხვადასხვა სახეობა, როგორებიცაა სემინომა, ტერატომა, ემბრიონული კარცინომა და ქორიოკარცინომა.

სათესლე ჯირკვლის კიბოს გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა მამაკაცებში, რომელთა სათესლე ჯირკვლები 3 წლის ასაკამდე არ არის ჩამოსული სათესლე პარკში (კრიპტორქიზმი), სათესლე ჯირკვლის კიბოს განვითარების მეტი რისკი არსებობს, ვიდრე იმ მამაკაცებში, რომლებსაც აღნიშნული ასაკისათვის სათესლე ჯირკვლები ჩამოსული აქვთ სათესლე პარკში. კრიპტორქიზმის ქირურგიული კორექციისათვის საუკეთესო პერიოდია ბავშვობის ასაკი. კრიპტორქიზმის კორექცია ამცირებს კიბოს განვითარების რისკს. თუმცა იმ მამაკაცებში, რომლებსაც ჩატარებული აქვთ კრიპტორქიზმის კორექცია, კიბოს განვითარების რისკი მაინც უფრო მაღალი რჩება, ვიდრე მამაკაცებში, რომლებსაც საერთოდ არ ჰქონიათ კრიპტორქიზმი. ზოგჯერ ექიმები, კიბოს განვითარების რისკის შემცირების მიზნით, მოზრდილებს იმ სათესლე ჯირკვლის ამოღებას ურჩევენ, რომელიც არ არის ჩამოსული.

სიმპტომები

სათესლე ჯირკვლების კიბომ შეიძლება გამოიწვიოს სათესლე ჯირკვლების გადიდება ან სიმსივნური წარმონაქმნის განვითარება. ჯანმრთელ სათესლე ჯირკვლებს ოვალური ფორმა და გლუვი ზედაპირი აქვს და ისინჯება ეპიდიდიმთან ერთად, მის უკან და ზემოთ. სათესლე ჯირკვლის კიბოს დროს სათესლე ჯირკვალში ან მის მიმდებარედ ისინჯება მკვრივი, მზარდი, სიმსივნური წარმონაქმნი. სათესლე ჯირკვალი კარგავს ბუნებრივ ფორმას და მატულობს ზომაში. მისი ზედაპირი ხდება არათანაბარი და ხორკლიანი. სათესლე ჯირკვლის კიბო, ჩვეულებრივ, უმტკივნეულოა, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება მტკივნეული გახდეს მცირე შეხებაზე ან მის გარეშეც. სათესლე ჯირკვლებში მკვრივი სიმსივნური წარმონაქმნის განვითარება სასწრაფო ყურადღებას მოითხოვს. იშვიათად, სიმსივნის შიგნით სისხლძარღვის გახლეჩამ შეიძლება გამოიწვიოს სათესლე ჯირკვლის მოულოდნელი გადიდება და შეშუპება, რასაც თან ძლიერი ტკივილი ახლავს.

დიაგნოზი

ფიზიკური გასინჯვით და ულტრაბგერითი გამოკვლევით შეიძლება გარკვევა, არსებული სიმსივნური წარმონაქმნი სათესლე ჯირკვლის ნაწილია თუ მკვრივი კონსისტენციისაა, ამდენად, სავარაუდოდ, კიბოა თუ სითხით არის სავსე (ცისტა). სისხლში ორი პროტეინის – ალფა-ფეტოპროტეინისა და ადამიანის ქორიონის გონადოტროპინის – დონის განსაზღვრა დიაგნოზის დადგენას ეხმარება. აღნიშნული პროტეინების დონე სისხლში მატულობს მამაკაცებში სათესლე ჯირკვლის კიბოს არსებობისას. თუ სავარაუდო დიაგნოზი კიბოა, სასწრაფოდ უნდა მოხდეს ქირურგიული მეთოდით მისი ამოღება. ბევრი ექიმი რეკომენდაციას უწევს სათესლე ჯირკვლის თვითგამოკვლევის მეთოდს.

მკურნალობა

სათესლე ჯირკვლის კიბოს მკურნალობა, პირველ რიგში, გულისხმობს დაზიანებული სათესლე ჯირკვლის ქირურგიული მეთოდით მთლიანად ამოღებას (რადიკალური ორქექტომია). მამაკაცის სურვილის შესაბამისად, შეიძლება გაკეთდეს ხელოვნური სათესლე ჯირკვლის (prosthesis)გადანერგვა. მეორე სათესლე ჯირკვალი არ ამოიღება, ამიტომ მამაკაცი ინარჩუნებს ჰორმონების ადეკვატურ დონეს და განაყოფიერების უნარს. ზოგჯერ დაავადებული სათესლე ჯირკვლის მქონე მამაკაცები კარგავენ განაყოფიერების უნარს, თუმცა მკურნალობის შემდეგ მათ ეს უნარი უბრუნდებათ.

გარკვეულ შემთხვევაში, კიბოს ქსოვილთან ერთად ამოიღება მუცლის ღრუში არსებული ლიმფური კვანძებიც (რეტროპერიტონეალური ლიმფური კვანძების ამოკვეთა), ვინაიდან კიბო ყველაზე ხშირად იქ ვრცელდება. შეიძლება ასევე ეფექტიანი იყოს რადიაციული თერაპია, განსაკუთრებით, სემინომის დროს. სათესლე ჯირკვლების მეტასტაზირებული ფორმების დროს ხშირად შედეგიანია ქირურგიული და ქიმიოთერაპიული მკურნალობის მეთოდების კომბინაციაც. კიბოს დიაგნოსტირების დროს, წარმატებული მკურნალობის შედეგად, სისხლში ალფა-ფეტოპროტეინის და ადამიანის ქორიონიკული გონადოტროპინის დონე იკლებს. თუ მკურნალობის დამთავრების შემდეგ აღნიშნული ჰორმონების დონე კვლავ იმატებს, მოსალოდნელია კიბოს რეციდივი. მამაკაცებში სათესლე ჯირკვლების კიბოს პროგნოზი დამოკიდებულია კიბოს ტიპისა და მისი გავრცელების ხარისხზე. რა თქმა, უნდა საუკეთესო ვარიანტია, თუ კიბო ჯერ კიდევ არ არის მეტასტაზირებული. თუმცა ასეთ შემთხვევებშიც კი მკურნალობა ზოგჯერ მაინც არის შესაძლებელი.