პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია (პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერტროფია) არის პროსტატის არაკანცეროგენული (კეთილთვისებიანი) ხასიათის გადიდება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შარდის შეფერხება.
პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია (პკჰ) უფრო ხშირია ასაკოვან მამაკაცებში, განსაკუთრებით 50 წლის შემდეგ. ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა დასაშვებია, რომ ეს დაკავშირებული იყოს ჰორმონების, განსაკუთრებით ტესტოსტერონის, რაოდენობის ცვლილებასთან.
პროსტატის ზომის მატების შედეგად თანდათან ძლიერდება ზეწოლა შარდსადენზე, რის გამოც ფერხდება შარდის დინება (შარდვის ობსტრუქცია). პკჰ-ის მქონე მამაკაცებში მოშარდვის დროს შეიძლება შარდის ბუშტი სრულად ვერ დაიცალოს. შედეგად, შარდი რჩება შარდის ბუშტში, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს საშარდე სისტემის ინფიცირებას და შარდის ბუშტში კენჭების წარმოქმნას. გახანგრძლივებულმა ობსტრუქციამ შეიძლება თირკმლები დააზიანოს.
პკჰ-ის მქონე მამაკაცებში თვითნებურად ანტიჰისტამინური და ნაზალური დეკონგესტანტების ჭარბმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს შარდის ბუშტისადმი რეზისტენტობა ან შეამციროს შარდის ბუშტის შეკუმშვის უნარი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შარდის ბუშტიდან შარდის გამოსვლის დროებითი ბლოკირება.
პკჰ-ის პირველი სიმპტომი ვლინდება, როცა (გადიდებული პროსტატის ზეწოლის შედეგად) შარდის ნაკადის ბლოკირება ხდება. დასაწყისში, მამაკაცებს შეიძლება აღენიშნებოდეთ სირთულეები შარდვის დაწყებასთან დაკავშირებით. მოშარდვის შემდეგ ჩნდება შარდის ბუშტის არასრული დაცლის შეგრძნება. იმის გამო, რომ შარდის ბუშტი სრულად არ იცლება, მამაკაცები იძულებული არიან, უფრო ხშირად მოშარდონ, განსაკუთრებით – ღამით (ნოცტურია). აგრეთვე, უჩნდებათ მოულოდნელი მოშარდვის სურვილი. შარდის ნაკადის მოცულობა და სიძლიერე მნიშვნელოვნად მცირდება და მოშარდვის ბოლოს იგი შეიძლება წვეთების სახით გამოვიდეს
გართულებები: სხვა პრობლემები, რომლებიც პკჰ-ის დროს შეიძლება გამოვლინდეს, მამაკაცების მხოლოდ მცირე ნაწილს აღენიშნება. შარდის ნაკადის ობსტრუქციამ და შარდის ბუშტში შარდის გარკვეული რაოდენობის დაგროვებამ შეიძლება თირკმლებზე სტრესული ზემოქმედება მოახდინოს და შეამციროს შარდის ნაკადი თირკმლებიდან. წნევის მომატებამ შეიძლება ხელი შეუშალოს თირკმლების ნორმალურ ფუნქციონირებას. თუმცა, თუ დროულად მოიხსნება ობსტრუქცია, თირკმლების ფუნქცია მალე ნორმალიზიდება. თუ ობსტრუქცია გახანგრძლივდება, შარდის ბუშტი შეიძლება ზედმეტად დაიჭიმოს, ამას მოჰყვეს მისი შარდით გადავსება და შარდის შეუკავებლობა. შარდის ბუშტის დაჭიმვის დროს იჭიმება მასში არსებული წვრილი ვენები და შარდსადენი. შარდვის დროს მამაკაცის დაძაბვა ზოგჯერ იწვევს ვენების გახლეჩას და სისხლის შარდში გადასვლას.
ზოგჯერ ვითარდება შარდის ბუშტიდან შარდის ნაკადის სრული ბლოკირება (შარდის შეკავება), რის გამოც მოშარდვა შეუძლებელი ხდება. ამ დროს ჩვეულებრივ ვლინდება შარდის ბუშტის გადავსების შეგრძნება და ძლიერი ტკივილი მუცლის ქვედა მიდამოში. იშვიათად, შარდის შეკავების დროს შეიძლება აღინიშნოს სუსტად გამოხატული სიმპტომები ან საერთოდ არ იყოს რაიმე სიმპტომი, თუ შარდის შეკავების პროცესი არ დამძიმდა. შარდის ბუშტში შარდის დაგროვების მიზეზები შეიძლება იყოს:
პროსტატის რექტალურად გასინჯვის გზით, ექიმებს შეუძლიათ დაადგინონ, გადიდებულია თუ არა პროსტატა.
რექტალური გასინჯვისას ექიმები იყენებენ ხელთათმანებს და თითებზე ისვამენ სპეციალურ საცხს. პროსტატა ჩვეულებრივ ისინჯება ზუსტად სწორი ნაწლავის წინ. პკჰ-ის შემთხვევაში ისინჯება გადიდებული სიმეტრიული და გლუვი ზედაპირის პროსტატის ჯირკვალი, რომელიც შეხებისას მტკივნეულია.
იმისათვის, რომ გამოირიცხოს ინფექცია ან სისხლდენა, შეიძლება გაკეთდეს შარდის ანალიზი. იმ მამაკაცებში, რომლებსაც გამოკვლევისას გადიდებული პროსტატა ან შარდის ბლოკირების სიმპტომები გამოუვლინდათ, ექიმები აგრეთვე იკვლევენ პროტეინ-სპეციფიკურ ანტიგენს (პსა). პსა-ის დონე შეიძლება მომატებული იყოს პკჰ-ით და პროსტატის კიბოთი დაავადებულ მამაკაცებში. თუ პსა-ის დონე მომატებულია ან პროსტატა შეხებით მკვრივი და ხორკლიანია, საჭიროა სხვა ტესტების ჩატარება კიბოს დიაგნოზის დასადგენად.
მამაკაცებმა, რომელთაც აღენიშნებათ შარდვის ბლოკირების სიმპტომები, უნდა მოშარდონ სპეციალურ ხელსაწყოში, რომლითაც ისაზღვრება შარდის მოცულობა და შარდის დინების სიჩქარე (ტესტის სახელწოდებაა უროფლოუმეტრია). უროფლოუმეტრიის ჩატარებისთანავე, უნდა გაკეთდეს შარდის ბუშტის ულტრაბგერითი გამოკვლევა, რათა დადგინდეს, რამდენად სრულად არის დაცლილი შარდის ბუშტი. ეს ორივე ტესტი საშუალებას იძლევა დადგინდეს შარდის ბლოკირების არსებობა და სიმძიმე.
მკურნალობა არ არის აუცილებელი, თუ პკჰ არ იწვევს განსაკუთრებით შემაწუხებელ სიმპტომებს ან გართულებებს (როგორიცაა საშარდე ტრაქტის ინფექციები, თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, სისხლი შარდში, კენჭები ან შარდის შეკავება). რამდენადაც შესაძლებელია, უნდა შეწყდეს იმ მედიკამენტების მიღება, რომლებიც აუარესებენ არსებულ სიმპტომებს (ასეთებია ოპიოიდები, ანტიქოლინერგიული მოქმედების მედიკამენტები).
მედიკამენტები: პირველ რიგში, უნდა დავიწყოთ მედიკამენტებით მკურნალობა. ალფა-ადრენობლოკატორები (როგორიცაა ტერაზოსინი, დოქსაზოსინი, ტამსულოსინი ან ალფუზოსინი) ადუნებენ პროსტატისა და შარდის ბუშტის გარკვეულ კუნთებს და აუმჯობესებენ შარდის დინებას. ზოგიერთ მედიკამენტს (როგორიცაა ფინასტერიდი, დუტასტერიდი) შეუძლია, პროსტატის ზრდაზე პასუხისმგებელი ჰორმონების დაბლოკვის გზით, შეამციროს პროსტატის ზომები, რის შედეგადაც შესაძლებელია ქირურგიული ან სხვა სახის მკურნალობის თავიდან აცილება ან გადავადება. თუმცა, ფინასტერიდი და დუტასტერიდი სიმპტომების შემსუბუქების ეფექტს მხოლოდ 3 თვის მკურნალობის შემდეგ იძლევა, ზოგიერთ მამაკაცს კი ამ ტიპის მკურნალობისას სიმპტომების შემსუბუქება საერთოდ არ აღენიშნება. სუსტად გამოხატული სიმპტომების შემთხვევაში, მკურნალობა შეიძლება ჩატარდეს ადრენერგიული ბლოკატორებით, პლუს ფენასტერიდით ან დუტასტერიდით.
ქირურგიული მკურნალობა: როცა მედიკამენტებით მკურნალობა უშედეგოა, ტარდება ქირურგიული ოპერაცია, რომელიც ყველაზე მეტად ამსუბუქებს სიმპტომებს, თუმცა მან შეიძლება გართულებებიც გამოიწვიოს. ყველაზე გავრცელებული ქირურგიული მეთოდია პროსტატის ტრანსურეთრალური რეზექცია (პტური). ამ დროს ექიმები იყენებენ ენდოსკოპს (ვიდეომილი), რომელიც შეჰყავთ ურეთრის გავლით. ენდოსკოპზე მიმაგრებულია სპეციალური ინსტრუმენტი, რომლის საშუალებით ამოიღება პროსტატის ნაწილი. ეს ოპერაცია არ მოითხოვს განაკვეთის გაკეთებას და, ამდენად, იზოგება პაციენტი. პტური კეთდება სპინალური ანესთეზიით. პტურმა შეიძლება გამოიწვიოს გართულებები ინფექციისა და სისხლდენის სახით. გარდა ამისა, მამაკაცების 1-3%-ს უვითარდება შარდის შეუკავებლობა. აღნიშნულმა პროცედურამ შეიძლება ერექციის დისფუნქციაც (იმპოტენცია) გამოიწვიოს. არ არის დადგენილი, თუ რა სიხშირით ვითარდება ეს გართულება. ზოგიერთი ექსპერტის მონაცემებით, იმ მამაკაცების 35%-ს, რომლებსაც ჩაუტარდათ პტური, ერექციის დისფუნქცია განუვითარდა. თუმცა ექსპერტების უმრავლესობა მიუთითებს გართულების უფრო ნაკლებ სიხშირეზე (5-დან 10%-მდე). პტურის ჩატარების შემდეგ, მამაკაცების 10%-ს ესაჭიროება პროცედურის პერიოდული განმეორება 10 წლის განმავლობაში, ვინაიდან პროსტატის ზრდის პროცესი გრძელდება. თუ პროსტატის ზომა ძალიან დიდია, პტურის გაკეთება შეიძლება არ იყოს მიზანშეწონილი და საჭირო გახდეს უფრო ინვაზიური ქირურგიული მეთოდის გამოყენება მუცლის ღრუს გაკვეთით.
სხვა ალტერნატიული ქირურგიული მკურნალობის მეთოდები არსებულ სიმპტომებს შედარებით ნაკლებად ამცირებს, თუმცა, ამ შემთხვევებში გართულების რისკი ნაკლებია. პროცედურების უმრავლესობა კეთდება შარდსადენის გავლით სპეციალური ინსტრუმენტის გამოყენებით. მკურნალობის ასეთი მეთოდების გამოყენების დროს შეიძლება პროსტატის ქსოვილი დაზიანდეს: მიკროტალღური ტემპერატურის ზემოქმედებით (ტრანსურეთრალური ტალღოვანი თერაპია ან ჰიპერთერმია), ნემსით (ნემსით ტრანსურეთრალური აბლაცია), რადიოსიხშირის ტალღებით (რადიოსიხშირით ვაპორიზაცია), ულტრაბგერით (მაღალი ინტენსივობის ფოკუსირებული ულტრაბგერა), ელექტრონული ვაპორიზაციით (ტრანსურეთრალური ელექტროვაპორიზაცია) ან ლაზერით (ლაზეროთერაპია). ზოგჯერ შარდსადენის გასაფართოებლად შეიძლება მილი პენისის გავლით ჩაიდგას (ინტრაურეთრალური სტენტი).
გართულებები: შარდვის ბლოკირებით გამოწვეული პრობლემების მკურნალობა შესაძლოა ჩატარდეს პკჰ-ის მკურნალობამდე. საშარდე ბუშტში შარდის დაგროვების სამკურნალოდ ტარდება შარდის ბუშტის დრენირება შარდსადენში კათეტერის ჩადგმის გზით. ინფექციების მკურნალობა შეიძლება ანტიბიოტიკებით.