თავისუფლად მცხოვრები ამებები წარმოადგენენ უმარტივესებს, რომლებიც ცხოვრობენ მიწასა ან წყალში და მათ არ ესაჭიროებათ ადამიანებსა ან ცხოველებში ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ ისინი იშვიათად გამოიწვევენ ინფექციას ადამიანში, ამ ამებების ზოგიერთ სახეობას შეუძლია გამოიწვიოს სერიოზული, სიცოცხლისთვის სახიფათო დაავადებები. თავისუფლად მცხოვრები ამებებით გამოწვეულ ყველაზე ხშირ დაავადებებს მიეკუთვნება პირველადი ამებური მენინგოენცეფალიტი, გრანულომატოზური ამებური ენცეფალიტი და ამებური კერატიტი.
პირველადი ამებური მენინგოენცეფალიტი არის ნეგლერია ფოულერით გამოწვეული ცენტრალური ნერვული სისტემის (თავისა და ზურგის ტვინი) იშვიათი, ჩვეულებრივ, ლეტალური ინფექცია.
ამ ინფექციის გამომწვევი ამებები ცხოვრობენ მტკნარ, ხშირად დამდგარ წყალში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. როდესაც ადამიანები – ჩვეულებრივ ბავშვები ან ახალგაზრდები, ცურავენ დაბინძურებულ წყალში, ამებებმა შესაძლოა შეაღწიონ ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ცხვირის ლორწოვანი გარსების მეშვეობით. როდესაც ისინი აღწევენ თავის ტვინს, ისინი იწვევენ ანთებას, ქსოვილის სიკვდილსა და სისხლდენას.
სიმპტომები ვითარდება 1-2 კვირის განმავლობაში. ზოგჯერ, პირველი სიმპტომი გემოვნებისა და ყნოსვის შეგრძნების ცვლილებაა. შემდგომ, ადამიანებს აქვთ თავის ტკივილი, კისრის რიგიდულობა, მომატებული მგრძნობელობა შუქზე, გულისრევა და ღებინება. ისინი შეიძლება გახდნენ აბნეულნი და მიძინებულნი და ჰქონდეთ კრუნჩხვებიც. ინფექცია პროგრესირებს სწრაფად და იწვევს სიკვდილს 10 დღეში.
ექიმებს ეჭვი მიაქვთ ინფექციაზე იმ ადამიანებში, რომელთაც აქვთ სიმპტომები და ცოტა ხნის წინ ცურავდნენ მტკნარ წყალში, მაგრამ დიაგნოზის დადასტურება რთულია. კეთდება ლუმბალური პუნქცია თავ-ზურგტვინის სითხის მოპოვების მიზნით. ამ ტესტით გამორიცხავენ მენინგიტის სხვა შესაძლებელ ვარიანტებსა და ტვინის ინფექციას, მაგრამ ექიმები ყოველთვის ვერ ახერხებენ ნიმუშში ამებების პოვნას.
იმის გამო, რომ გადარჩება მხოლოდ ადამიანების მცირე რაოდენობა, მკურნალობის საუკეთესო საშუალების განსაზღვრა რთულია. რამდენიმე სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი და ანტიბიოტიკი შეიძლება დაგვეხმაროს. შესაძლებელია ამფოტერიცინ B-ს ვენაში (ინტრავენურად) ან ზურგის ტვინის გარშემო არსებულ სივრცეში (ინტრათეკალურად) გაკეთება. ზოგჯერ ადამიანს ალევინებენ მიკონაზოლს, რიფამპინსა და სულფისოქსაზოლს. მიკონაზოლი შესაძლოა გაკეთდეს ინტრათეკალურად.
გრანულომატოზური ამებური ენცეფალიტი წარმოადგენს აკანტამოების სახეობებით ან ბალამუთია მანდრილარისით გამოწვეულ ცენტრალური ნერვული სისტემის იშვიათ, ჩვეულებრივ, ლეტალურ ინფექციას. ის ჩვეულებრივ ვითარდება დასუსტებული იმუნური სისტემის ან ზოგადად ცუდი ჯანმრთელობის მქონე ადამიანებში.
ამ ინფექციის გამომწვევი ამებები ცხოვრობენ წყალში, მიწასა და მტვერში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კონტაქტშია ბევრი ადამიანი, ინფიცირდება ცოტა. ის ჩვეულებრივ ვითარდება ადამიანებში, რომელთა იმუნური სისტემა დასუსტებულია ან მათი ჯანმრთელობა ცუდ მდგომარეობაშია. ამებები შედიან ორგანიზმში კანის ან ფილტვების მეშვეობით და ვრცელდებიან ტვინში სისხლის მიმოქცევის მეშვეობით.
სიმპტომები ვითარდება თანდათანობით. ადამიანებს შესაძლოა ჰქონდეთ დაბალი ცხელება, დაბინდული მხედველობა, პიროვნული ცვლილებები და მეტყველების, კოორდინაციისა და მხედველობის დარღვევები. შესაძლებელია განვითარდეს სხეულისა ან სახის ერთი ნახევრის დამბლა. ხშირია თავის ტკივილი და კრუნჩხვები. დაინფიცირებული ადამიანების უმეტესობა იღუპება, ჩვეულებრივ 7-120 დღის შემდეგ სიმპტომების განვითარებიდან.
ტარდება კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) და ლუმბალური პუნქცია. ეს გამოკვლევები გვეხმარება სხვა სავარაუდო მიზეზების გამორიცხვაში, მაგრამ მათი მეშვეობით დიაგნოზის დადასტურება ვერ ხერხდება. წყლულები ჩვეულებრივ შეიცავენ ამებებს და მათი არსებობის შემთხვევაში კეთდება ბიოფსია. დიაგნოზს ხშირად სვამენ სიკვდილის შემდეგ.
შესაძლებელია რამდენიმე სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატისა და ანტიბიოტიკის გამოყენება. უფრო გამოსადეგია დიბრომოპროპამიდი, პენტამიდი ან პროპამიდი. სხვა პრეპარატებს მიეკუთვნებიან ამფოტერიცინ B, ფტოროციტოზინი, იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, მიკონაზოლი, ნეომიცინი, პარომომიცინი ან ტრიმეტოპრიმ-სულფომეთოქსაზოლი.
ამებური კერატიტი არის აკანტამოების სახეობებით გამოწვეული რქოვანას ინფექცია. ის ჩვეულებრივ ვითარდება იმ ადამიანებში, რომლებიც ხმარობენ კონტაქტურ ლინზებს.
ამებური კერატიტი შესაძლებელია იყოს პროგრესულად დესტრუქციული. დაინფიცირებული ადამიანების უმეტესობა (85%) იყენებს კონტაქტურ ლინზებს. ინფექცია უფრო მეტად სავარაუდოა, თუ კონტაქტურ ლინზებს გამოიყენებენ ცურვის დროს ან თუ ლინზების გასასუფთავებელი სითხე არ არის სტერილური. ზოგიერთი ინფექცია ვითარდება თვალების ფხანისას.
ჩვეულებრივ, რქოვანაზე ვითარდება მტკივნეული წყლულები. სიმპტომებს მიეკუთვნება თვალების სიწითლე, ცრემლის მომატებული წარმოქმნა, უცხო სხეულის შეგრძნება და ტკივილი, როდესაც თვალები კონტაქტშია ნათელ შუქთან. მხედველობა გაუარესებულია.
დიაგნოზის დასმის მიზნით, ექიმები იღებენ რქოვანის ქსოვილის ნიმუშს.
ადრეული, ზედაპირული ინფექციის მკურნალობა უფრო ადვილია. თუ წყლული ზედაპირულია, ექიმები იყენებენ ბამბის წვერის მქონე აპლიკატორს დაინფიცირებული და დაზიანებული უჯრედების მოსაცილებლად. ყველაზე ეფექტურად მოქმედებს ორი ან მეტი ანტიმიკრობული პრეპარატის კომბინაცია, როგორებიცაა მაგ. პოლიჰექსამეთილენის ბიგუანიდს (გამოიყენება კონტაქტური ლინზების დეზინფექციის მიზნით) დამატებული პროპამიდი (გამოიყენება ადგილობრივად). პირველი სამი დღის განმავლობაში ისინი გამოიყენება საათობრივად. ზოგჯერ აგრეთვე გამოიყენებენ სხვა ადგილობრივი მოხმარების პრეპარატებსაც, როგორებიცაა სოკოს საწინააღმდეგო წამლები – კლოტრიმაზოლი ან ფლუკონაზოლი ან ანტიბიოტიკი-ქლორჰექსიდინი. შესაძლებელია, ფლუკონაზოლისა ან იტრაკონაზოლის დალევა, განსაკუთრებით კი, მწვავე ინფექციის დროს. მკურნალობა ინტენსიურია პირველი კვირის განმავლობაში, შემდეგ ხდება მისი თანდათანობით შემცირება, რადგანაც ადამიანი გამოჯანმრთელდება. მკურნალობა ხშირად 6-12 თვე გრძელდება. თუ იგი დროზე ადრე შეწყდა, ინფექცია, დიდი ალბათობით, ხელახლა განვითარდება. რქოვანის აღდგენითი ოპერაცია (კერატოპლასტიკა) იშვიათადაა საჭირო, გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევები, როდესაც დიაგნოზის დასმა და მკურნალობა დაგვიანებულია.