1. ერექციის დისფუნქცია
  2. სექსუალური დისფუნქცია მამაკაცებში
  3. მამაკაცების ჯანმრთელობა
ერექციის დისფუნქცია

ერექციის დისფუნქცია (იმპოტენცია) არის პენეტრაციის განსახორციელებლად ადეკვატური ერექციის მიღწევისა და შენარჩუნების შეუძლებლობა.

  • მიზეზი შეიძლება იყოს პენისში სისხლის შედინების შემცირებით ან ნერვების დაზიანებით გამოწვეული დარღვევები, ასევე, ჰორმონული ცვლილებები, გარკვეული მედიკამენტი ან ფსიქოლოგიური ფაქტორები;

  • ბევრ მამაკაცში ასევე ქვეითდება სექსის მართვის (ლიბიდოს) უნარი;

  • ფიზიკური გამოკვლევის (სისხლის წნევის განსაზღვრის ჩათვლით), სისხლის ანალიზების, ძილის პროცესში ერექციის შეფასების და ზოგჯერ ულტრასონოგრაფიის მონაცემებით შეიძლება გამოვლინდეს ის დარღვევები, რომლებსაც მნიშვნელოვანი როლი აქვთ ერექციის დისფუნქციის განვითარებაში;

  • მამაკაცებისთვის დახმარების გაწევა შეიძლება მედიკამენტების მიღებით, მათი პენისში მოთავსებით ან ინექციის გზით. ასევე, შეიძლება სასარგებლო იყოს დამჭერი მოწყობილობის ან ვაკუუმის აპარატის გამოყენება და ფსიქოთერაპია.

იშვიათ შემთხვევებში, ყველა მამაკაცს შეიძლება აღენიშნებოდეს ერექციის მიღწევის შეუძლებლობა, რაც ნორმალურია. ერექციის დისფუნქციას ადგილი აქვს, როცა პრობლემა ხშირი ან მუდმივი ხასიათისაა.

ერექციის დისფუნქცია შეიძლება იყოს მსუბუქი ან მძიმე. მამაკაცები, რომლებსაც აქვთ ერექციის დისფუნქციის მსუბუქი ფორმა, აღწევენ ხოლმე სრულყოფილ ერექციას, მაგრამ ეს ხდება იშვიათად. უფრო ხშირია შემთხვევები, როცა მამაკაცებს ერექციის მიღწევა შეუძლიათ, მაგრამ ეს უნარი არასაკმარისია იმისათვის, რომ განახორციელონ პენეტრაცია. ხშირად საერთოდ ვერ აღწევენ ერექციას. მამაკაცებს, რომლებსაც ერექციის დისფუნქციის მძიმე ფორმა აქვთ, იშვიათად შეუძლიათ ერექციის მიღწევა.

ერექციის დისფუნქციის სიხშირე მატულობს ასაკის მატებასთან ერთად, თუმცა იგი არ არის ასაკის მატების პროცესის ნაწილი. დაახლოებით 65 წლის მამაკაცების ნახევარს და 80 წლის ასაკის მამაკაცების სამ მეოთხედს ერექციის დისფუნქცია აღენიშნება.

მიზეზები

ერექციის მისაღწევად საჭიროა პენისში სისხლის ადეკვატური შედინება და მისი გადინების შენელება, აგრეთვე, პენისში შემავალი და გამომავალი ნერვების შესაბამისი ფუნქციონირება.

ერექციის დისფუნქცია შეიძლება გამოიწვიოს იმ დარღვევებმა (მაგალითად, ათეროსკლეროზი, დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა, სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე), რომლებიც იწვევენ არტერიების შევიწროებას და ამის შედეგად პენისში სისხლის შედინების შემცირებას. მისი გამომწვევი შეიძლება იყოს ქირურგიული ოპერაციის შედეგად სისხლის ძარღვების დაზიანება. გარდა ამისა, პენისში არსებული ვენების ანომალიების შემთხვევაში, ზოგჯერ სისხლი უკან, სხეულში, ისე სწრაფად გაედინება, რომ ერექციის შენარჩუნება ვეღარ ხერხდება, მიუხედავად იმისა, რომ პენისში სისხლის შედინება შეიძლება ნორმალური იყო.

პენისში შემავალი ან მისგან გამავალი ნერვების დაზიანებამ შეიძლება ერექციის დისფუნქცია გამოიწვიოს. ასეთი დაზიანება შეიძლება განვითარდეს მენჯის ან მუცლის ღრუში ოპერაციის ჩატარების (კერძოდ, პროსტატის ქირურგიული ოპერაცია), რადიაციული თერაპიის, სპინალური დაავადებების, დიაბეტის, გაფანტული სკლეროზის ან პერიფერიული ნერვების დაზიანების შემთხვევებში.

ერექციის დისფუნქციის სხვა რისკფაქტორებს მიეკუთვნება: ინსულტი, თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლი და მედიკამენტები. მედიკამენტებს, რომლებიც ხშირად იწვევენ ერექციის დისფუნქციას (განსაკუთრებით, ასაკოვან მამაკაცებში), მიეკუთვნება ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, ანტიდეპრესანტები, ზოგიერთი სედაციური საშუალება, ციმედიტინი, დიქსონი, ზოგიერთი დიურეტიკი, ანტიფსიქოტროპული და აკრძალული მედიკამენტები.

ზოგჯერ ჰორმონული დისბალანსი (როგორიცაა ტესტოსტერონის უჩვეულოდ დაბალი დონე) ერექციის დისფუნქციას იწვევს. ზოგიერთმა ისეთმა ფაქტორმა, როგორიცაა დაავადებები, სიმსუქნე და სტრესი, შეიძლება ასევე გაართულოს ერექციის მიღწევა.

ფსიქოლოგიურმა ფაქტორებმა, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური დისფუნქცია, შეიძლება დააქვეითოს ერექციის მიღწევის უნარი. ფსიქოლოგიური პრობლემები ყველაზე ხშირია ახალგაზრდა მამაკაცებში. ნებისმიერი ახალი სტრესული სიტუაცია, მათ შორის, სექსუალური პარტნიორის შეცვლა, პრობლემები ურთიერთობებში ან სამუშაოზე, შეიძლება ერექციის დისფუნქციის ხელშემწყობი მიზეზი გახდეს.

სიმპტომები

სექსის მართვის (ლიბიდო) უნარი ხშირად ქვეითდება მამაკაცებში, რომლებსაც აღენიშნებათ ერექციის დისფუნქცია, თუმცა ზოგიერთი მამაკაცი ახერხებს ლიბიდოს შენარჩუნებას. იმის მიუხედავად, ლიბიდო შეცვლილია თუ არა, ერექციის დისფუნქციის მქონე მამაკაცებს აღენიშნებათ სექსუალურ ურთიერთობებში ჩართვის პრობლემები. ამის მიზეზია ის, რომ ერექციის დროს პენისის სიმყარე, დგომა და სიმყარის ხანგრძლივობა არ არის საკმარისი პენეტრაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ის, რომ მათ არ შეუძლიათ ერექციის შენარჩუნება. ზოგიერთ მამაკაცს ძილის დროს ან გაღვიძებისას არა აქვს ერექციის უნარი, სხვები ზოგჯერ აღწევენ ძლიერ ერექციას, თუმცა სხვა დროს ერექციის მიღწევა ან შენარჩუნება შეიძლება ვერ შეძლონ.

ტესტოსტერონის დაბალი დონე უფრო მეტად აისახება ლიბიდოზე, ვიდრე ერექციის დისფუნქციაზე. ტესტოსტერონის დაბალი დონე ასევე იწვევს ძვლების სიმყიფეს, ენერგიის და კუნთების მასის შემცირებას.

დიაგნოზი

ერექციის დისფუნქციის მიზეზების დასადგენად, ექიმი ეკითხება მამაკაცს იმ დარღვევებისა და შეგრძნებების შესახებ, რომლებსაც შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს ერექციის დისფუნქციის განვითარებაში. ექიმი ინტერესდება აგრეთვე იმ მედიკამენტებით, რომლებსაც პაციენტი იღებს. ტარდება ზოგადი ფიზიკური გასინჯვა, გენიტალური ორგანოებისა და პროსტატის ჩათვლით. ექიმს შეუძლია შეაფასოს გენიტალიებში არსებული ნერვების ფუნქციონირება. კიდურებში სისხლის წნევის განსაზღვრით და კიდურებსა და ტერფებზე პულსის შეფასებით, შეიძლება გამოვლინდეს იმ არტერიების პრობლემები, რომლებიც სისხლით ამარაგებენ პენისს.

მკურნალობა

პრევენციულმა ღონისძიებებმა, რომელთა მიზანია ერექციის დისფუნქციის ხელშემწყობი მდგომარეობის (მაღალი არტერიული წნევა, ათეროსკლეროზი და დიაბეტი) გამოვლენა და კონტროლი, შესაძლოა გააუმჯობესოს ერექციის დისფუნქციის მქონე მამაკაცის მდგომარეობა, თუმცა ეფექტი მცირე იყოს. მაგალითად, წონის დაკლებამ, ვარჯიშმა და თამბაქოს მოხმარების შეწყვეტამ შეიძლება მხოლოდ გარკვეული დახმარება გაუწიოს მამაკაცს.

ზოგიერთმა მამაკაცმა და მისმა პარტნიორმა შეიძლება არ ისურვონ ერექციის დისფუნქციის მკურნალობა, რადგან მხოლოდ ფიზიკური კონტაქტი, ერექციის გარეშე, შეიძლება აკმაყოფილებდეს მათ ინტიმურ მოთხოვნილებებსა და სურვილებს.

ზოგჯერ გარკვეული მედიკამენტით მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გააუმჯობესოს ერექცია.

არსებობს ხალხური წამლები ერექციის დისფუნქციის სამკურნალოდ, მაგრამ არც ერთის ეფექტიანობა არ არის დადასტურებული.

თუ მამაკაცს სურს მკურნალობა, ამისთვის არსებობს საკმაოდ დიდი არჩევანი.

მედიკამენტით მკურნალობა: ერექციის დისფუნქციის სამკურნალოდ მრავალი მედიკამენტი გამოიყენება. მედიკამენტების უმრავლესობა, რომლებსაც მამაკაცები იღებენ ერექციის დისფუნქციის დროს, აძლიერებენ სისხლის შედინებას პენისში. მათი უმეტესობა დასალევია, ზოგიერთი – ლოკალურად გამოსაყენებული, უშუალოდ პენისში მოთავსებით ან პენისში ინექციის გზით.

სილდენაფილი, ვარდენაფილი ან ტალადაფილი ცნობილია, როგორც ფოსფოდიესტერაზას ინჰიბიტორები. ისინი ყველაზე ხშირად გამოიყენება ერექციის დისფუნქციის მკურნალობისას. მათი ეფექტიანობა ერექციის დისფუნქციის მქონე მამაკაცების 60-75%-ში აღინიშნება. ეს მედიკამენტები მიიღება დასალევად სექსუალური აქტივობის დაწყებამდე 1 საათით ადრე. ტალადაფილის ეფექტი გრძელდება 1 დღის განმავლობაში, უფრო ხანგრძლივად, ვიდრე სილდენაფილის და ვარდენაფილის, რომელთა ეფექტი მხოლოდ 4-6 საათს გრძელდება. მედიკამენტების ეფექტი ვლინდება მაშინ, როცა მამაკაცი სექსუალურად აღგზნებულია. ფოსფოდიესტერაზას ინჰიბიტორებს ახასიათებთ შემდეგი გვერდითი მოვლენები: თავის ტკივილი, შეწითლება, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, კუჭ-ნაწლავის დისფუნქცია და მხედველობის პრობლემები. უფრო სერიოზული გვერდითი მოვლენები, არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითების ჩათვლით, შეიძლება განვითარდეს მაშინ, როცა ფოსფოდიესტერაზას ინჰიბიტორები მიიღება გარკვეულ მედიკამენტებთან ერთად (როგორებიცაა ნიტროგლიცერინი ან ამილნიტრიტი). აღნიშნული რისკის გამო, მამაკაცებმა არ უნდა მიიღონ ფოსფოდიესტერაზას ინჰიბიტორები, როცა იღებენ ნიტროგლიცერინს. იშვიათად, მაგრამ ამ მედიკამენტების მიღების დროს მამაკაცები შეიძლება დაბრმავდნენ, თუმცა ზუსტად არ არის დადგენილი მიზეზი, რადგან სიბრმავე შეიძლება არ იყოს დაკავშირებული ამ მედიკამენტების მიღებასთან. ფოსფოდიესტერაზას ინჰიბიტორებმა შეიძლება გამოიწვიოს მტკივნეული გახანგრძლივებული ერექცია, მაგრამ ეს ხდება ძალიან იშვიათად.

სხვა ორალური მედიკამენტები, რომლებიც მიიღება ერექციის დისფუნქციის სამკურნალოდ, შემდეგია: ფენტოლამინი, იოჰიმბინი და ტესტოსტერონი. თუმცა მათი ეფექტიანობა შეზღუდულია და შესაძლოა სერიოზული გვერდითი მოვლენებიც გამოიწვიონ.

საინექციო და პენისში მოსათავსებელი მედიკამენტები აფართოებენ არტერიებს და აძლიერებენ პენისში სისხლის მიწოდებას. იმ მამაკაცებს, რომლებიც ვერ იღებენ ორალურ მედიკამენტებს, შეიძლება ჩაუტარდეთ მედიკამენტებით მკურნალობა სხვა გზით. ამის მაგალითია ალპროსტადილი, რომელიც შარდსადენიდან, სანთლის სახით შეიძლება მოთავსდეს პენისში. მან შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი თავბრუხვევა, წვის შეგრძნება პენისში ან ზოგჯერ მტკივნეული, გახანგრძლივებული ერექცია (პრიაპრიზმი). ამ სერიოზული გვერდითი მოვლენების გამო, მამაკაცმა პირველი დოზა ექიმის ოფისში, მისი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მიიღოს.

მამაკაცს შეუძლია ერექციის დამოუკიდებლად ინდუცირება ისეთი მედიკამენტების პენისში შეყვანის გზით, როგორებიცაა ალპროსტადილი, პაპავერინის ან ფენტოლამინის კომბინაცია. ინექცია ყველაზე ეფექტიანი გზაა ერექციის მისაღწევად. იგი ერექციის დისფუნქციის მქონე მამაკაცების 80-90%-ში იწვევს ერექციას, თუმცა მამაკაცების უმრავლესობას არ სურს ინექციის გაკეთება პენისში. ინექცია შეიძლება იყოს მტკივნეული. ზოგჯერ იგი იწვევს პრიაპრიზმს და, აგრეთვე, განმეორებითმა ინექციებმა შესაძლოა ქსოვილების დანაწიბურება გამოიწვიოს.ტესტოსტერონით ჩანაცვლებითი თერაპია შეიძლება სასარგებლო იყოს მამაკაცებისთვის, როდესაც ერექციის დისფუნქცია ტესტოსტერონის უჩვეულოდ დაბალი დონით არის გამოწვეული. სხვა მედიკამენტებისგან განსხვავებით, რომელთა მოქმედების მექანიზმი პენისში სისხლის ნაკადის გაძლიერებაა, ტესტოსტერონით მკურნალობის შედეგად ხდება ჰორმონული დეფიციტის კორექცია. ტესტოსტერონის მიღება შეიძლება სხვადასხვა ფორმით, ნახვევის ან ტოპიკური მალამოს გამოყენებით ან ინექციის სახით. გვერდითი მოვლენებია ღვიძლის დისფუნქცია, სისხლის წითელი უჯრედის მომატება და ინსულტის განვითარების რისკი. ამიტომ მამაკაცები, რომლებიც იღებენ ტესტოსტერონს, უნდა იმყოფებოდნენ მუდმივი მონიტორინგის ქვეშ.

დამჭერი და ვაკუუმის ხელსაწყოები: ერექციის დისფუნქციის მართვა ხშირად შესაძლებელია დამჭერი ხელსაწყოთი, ვაკუუმის აპარატთან ერთად ან მის გარეშე. მათი გამოყენება მამაკაცებს თავიდან აცილებს მედიკამენტით გამოწვეულ გვერდით მოვლენებს. დამჭერი ხელსაწყოები, ფასის თვალსაზრისით, შედარებით ხელმისაწვდომი მეთოდია ერექციის დისფუნქციის სამკურნალოდ. ეს ხელსაწყოები (მეტალის, რეზინის ან ტყავისაგან დამზადებული ბანდაჟები და ბეჭდები) გამოიყენება პენისის ფუძეზე, სისხლის გამოდინების შენელების მიზნით. ამ სამედიცინო, საინჟინრო ტექნოლოგიით დამზადებული ხელსაწყოების შეძენა შესაძლებელია აფთიაქებში, ექიმის რეცეპტით. მათი იაფფასიანი ვარიანტები (ე.წ. პენისის ბეჭდები) იყიდება მაღაზიებში, სადაც იყიდება სექსუალური ურთიერთობისათვის საჭირო პირადი ნივთები. თუმცა ეს ხელსაწყოები შესაძლოა გარკვეულწილად მოუხერხებელი იყოს და გამოიწვიოს პენისის ტკივილი, ეაკულაციის სირთულეები და ტრავმირება. დამჭერი ხელსაწყოს გამოყენება რეკომენდებული არ არის 30 წუთზე მეტი ხანგრძლივობით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მან შეიძლება გამოიწვიოს კანის დაზიანება და დაწყლულება.

ვაკუუმის ხელსაწყო (რომელიც შეიცავს შემწოვ წყაროსთან მიერთებულ ჰაერით სავსე ბალონს) მოერგება პენისს და ქმნის ე.წ. ლუქს. მექანიკური შემწოვი ტუმბო, რომელიც მიერთებულია ბალონთან, ჰაერის გამოტუმბვის გზით აძლიერებს სისხლის შედინებას პენისში და ამის შედეგად ხდება ერექცია. ბევრ ვაკუუმის ხელსაწყოს თან ახლავს დამჭერი აპარატი, რომელიც იდება პენისის ფუძეზე. დამჭერი აპარატის გამოყენება დამოუკიდებლადაც არის შესაძლებელი.

ქირურგიული მეთოდი: როდესაც ერექციის დისფუნქცია არ ექვემდებარება სხვა მკურნალობას, შეიძლება ქირურგიული მეთოდის გამოყენებით პენისში ისეთი ხელსაწყოს (პროთეზის) იმპლანტირება, რომელიც ასტიმულირებს ერექციას.

დღესდღეობით არაერთი ტიპის პროთეზია ხელმისაწვდომი. ამ პროთეზების ერთი სახეობა შედგება წყვილი მკვრივი ბაგირაკისგან. თითოეული ბაგირაკი თავსდება ცალკეულ კავერნოზულ ქსოვილში, რათა პერმანენტულად გაამაგროს პენისი. მეორე სახის პროთეზია გასაბერი ბალონი, რომელიც თავსდება პენისში. სექსუალური ურთიერთობის დაწყების წინ მამაკაცი ბერავს ბალონს პატარა, შიდა ტუმბოთი. პროთეზის ქირურგიული იმპლანტაციის დროს საჭიროა ცოტა ხნით სტაციონარში დაყოვნება და შემდეგ 6-კვირიანი აღდგენითი პერიოდი, სანამ მამაკაცი შეეცდება სექსუალური ურთიერთობების დაწყებას.

ფსიქოლოგიური თერაპია: ერექციის დისფუნქციას შეიძლება გარკვეულწილად იწვევდეს მენტალური და ემოციური დარღვევები. ამ მდგომარეობის გაუმჯობესება მიიღწევა ფსიქოთერაპიის ზოგიერთი მეთოდით, მათ შორის, ქცევის მოდიფიკაციის ტექნიკით, როგორიცაა მგრძნობელობაზე ფოკუსირებული მეთოდი. ფსიქოთერაპია შეიძლება დაეხმაროს მამაკაცს მაშინაც კი, როცა ერექციის დისფუნქცია ფიზიკური მიზეზით არის გამოწვეული, ვინაიდან ფსიქოლოგიური ფაქტორები ხშირად პრობლემის შემადგენელი ნაწილია.

თერაპიის სპეციფიკა ირჩევა ერექციის დისფუნქციის კონკრეტული მიზეზის დადგენის საფუძველზე. მაგალითად, თუ მამაკაცს აწუხებს დეპრესია, ფსიქოთერაპიით შეიძლება მისი დახმარება ერექციის დისფუნქციის შემთხვევაში. ანტიდეპრესანტები ეხმარება მამაკაცს ერექციის დისფუნქციის დროს დეპრესიის მოხსნაში, მაგრამ, იმავდროულად, ანტიდეპრესანტებმა შეიძლება გამოიწვიოს ლიბიდოს დაქვეითება და ამით ხელი შეუწყოს ერექციის დისფუნქციას. ამიტომ მათი შედეგის წინასწარ განსაზღვრა რთულია. ზოგჯერ, ფსიქოთერაპიით შესაძლებელია შესუსტდეს ერექციის დისფუნქციის მქონე მამაკაცის ნეგატიური დამოკიდებულება სექსუალური პერფორმანსების მიმართ. მდგომარეობის გაუმჯობესება ხანგრძლივ დროს მოითხოვს და ბევრი სეანსის ჩატარება არის ხოლმე საჭირო. მამაკაციც და ხშირად მისი პარტნიორიც უნდა იყვნენ ძალიან მოტივირებულნი, რომ ფსიქოთერაპიამ შედეგი გამოიღოს.