ადრეული ეაკულაცია | მკურნალი.გე
  1. ადრეული ეაკულაცია
  2. სექსუალური დისფუნქცია მამაკაცებში
  3. მამაკაცების ჯანმრთელობა
ადრეული ეაკულაცია

ნაადრევი ეაკულაცია არის ეაკულაცია, რომელიც ძალიან ადრე ხდება, ჩვეულებრივ, პენეტრაციის დაწყებამდე, პენეტრაციის მომენტში ან პენეტრაციის შემდგომ მალევე.

  • ყველაზე სავარაუდო მიზეზი შეიძლება იყოს ნერვიულობა, აგრეთვე, სხვა ფსიქოლოგიური ფაქტორები ან პენისის თავის მაღალი მგრძნობელობა;

  • ქცევის მოდიფიკაციით თერაპიამ, რომელიც მოიცავს ეაკულაციის შენელების სტრატეგიას, შეიძლება ბევრ მამაკაცს გაუწიოს დახმარება.

ბევრ მამაკაცში, განსაკუთრებით მოზარდებში, ეაკულაცია უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე მათ პარტნიორს მოეწონებოდა. ნაადრევი ეაკულაცია არ ნიშნავს, რომ იგი ხდება მანამ, სანამ მამაკაცს ამის სურვილი გაუჩნდება. ნაადრევი ეაკულაცია გულისხმობს ეაკულაციას, რომელიც ძალიან სწრაფად, ხშირად ერთ ან ორ წუთში ხდება.

ბევრ ექსპერტს სჯერა, რომ ნაადრევი ეაკულაცია თითქმის ყოველთვის დაკავშირებულია ნერვიულობასთან ან სხვა ფსიქოლოგიურ ფაქტორებთან. სხვებს მიაჩნიათ, რომ მიზეზი შეიძლება იყოს პენისის არაბუნებრივად მაღალი მგრძნობელობა. როდესაც მამაკაცს უფრო იშვიათად აქვს სექსუალური ურთიერთობები, ვიდრე ეს მას სურს, პრობლემა ღრმავდება, მამაკაცები უფრო მგრძნობიარენი ხდებიან. ნაადრევი ეაკულაციის მიზეზი იშვიათად შეიძლება იყოს დაავადებაც, მაგალითად, პროსტატის ჯირკვლის ანთება ან დარღვევები ნერვულ სისტემაში.

ნაადრევმა ეაკულაციამ შეიძლება მამაკაცი და მისი პარტნიორი გაანერვიულოს. როცა მამაკაცს ნაადრევად ეწყება ეაკულაცია, პარტნიორი რჩება სექსუალურად დაუკმაყოფილებელი და ნაწყენი.

ქცევის მოდიფიკაციებით თერაპია შეიძლება დაეხმაროს მამაკაცების უმრავლესობას, გადალახონ ნაადრევი ეაკულაციის პრობლემა. ფსიქიატრი ეხმარება მამაკაცს, გახდეს უფრო თავდაჯერებული, უხსნის მას, თუ რატომ ხდება ნაადრევი ეაკულაცია, და ასწავლის ეაკულაციის შენელების სტრატეგიებს.

სხვა მეთოდები, რომლებიც ეხმარება მამაკაცს ეაკულაციის შენელებაში, მოიცავს მედიკამენტოზურ მკურნალობას (სელექციური სეროტონინის ინჰიბიტორები, როგორებიცაა ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი ან სერტრალინი), პენისზე საანესთეზიო საშუალებების აპლიკაციას და, ასევე, კონდომის გამოყენებას, რომელიც ამცირებს პენისის მგრძნობელობას. ზოგჯერ მედიკამენტებით და ქცევის მოდიფიცირებით მკურნალობის კომბინირებული გამოყენება მამაკაცს აძლევს შესაძლებლობას, შეანელოს ეაკულაცია უფრო ხანგრძლივად, ვიდრე ამას შეძლებდა მკურნალობის აღნიშნული მეთოდებიდან ერთ-ერთის გამოყენების შედეგად. როცა ნაადრევი ეაკულაცია გამოწვეულია უფრო სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემებით, მამაკაცისათვის დახმარების გაწევა ფსიქოთერაპიით შეიძლება.