შიგნითა სასქესო ორგანოები სასქესო ტრაქტს ქმნიან. აღნიშნული ტრაქტი შემდეგი მონაკვეთებისაგან შედგება:
სპერმა ტრაქტში ქვემოდან ზემოთ გადაადგილდება, ხოლო კვერცხუჯრედი ზემოდან – ქვემოთ.
სასქესო ტრაქტის დასაწყისში, საშოს შესავალთან, ლორწოვანი გარსი – საქალწულე აპკია მოთავსებული. ქალწულებში აღნიშნული აპკი, ჩვეულებრივ, ბეჭდის მსგავსად, გარს ევლება საშოს ხვრელს და ზოგჯერ შეიძლება ხურავდეს კიდეც მას. საქალწულე აპკი იცავს სასქესო ტრაქტს, თუმცა ჯანმრთელობისათვის აუცილებლობას არ წარმოადგენს. პირველი სქესობრივი კონტაქტის დროს, მისი მთლიანობა შეიძლება დაირღვეს ან, თუ აპკი რბილი და მოქნილია, მთელი დარჩეს. აპკის დარღვევა ასევე შესაძლებელია ვარჯიშის დროს, ასევე, ტამპონის ან დიაფრაგმის ჩადგმისას. აპკის დარღვევა მსუბუქ სისხლდენას იწვევს. სქესობრივად აქტიურ ქალებში, საქალწულე აპკი შეიძლება შეუმჩნეველი იყოს ან მცირე ზომის ნარჩენების სახით იყოს საშოს შესავლის ირგვლივ განლაგებული.
საშო: საშო მოზრდილ ქალებში ვიწრო, 4-5 ინჩი (10-12 სმ) სიგრძის, კუნთოვანი შენების, მაგრამ ელასტიკური ორგანოა. იგი გარეთა სასქესო ორგანოებს საშვილოსნოსთან აკავშირებს. ქალებში საშო სქესობრივი კავშირისთვის მნიშვნელოვანი ორგანოა. მასში თავსდება პენისი. იგი არის სპერმისათვის სავალი გზა კვერცხუჯრედისაკენ და მენსტრუალური სისხლისა და ბავშვისათვის – გარეთ გამოსასვლელად.
ჩვეულებრივ, საშო დახურულია. მისი კედლები იჭიმება, მაგალითად, გასინჯვის, სქესობრივი კავშირის ან მშობიარობის დროს. საშოს ქვედა მესამედი გარშემოვლებულია ელასტიკური კუნთებით, რომლებიც მისი გახსნის დიამეტრს აკონტროლებს. ორგაზმის დროს აღნიშნული კუნთები რიტმულად და უნებლიეთ იკუმშება.
საშო ამოფენილია ლორწოვანი გარსით, რომელიც მის ზედაპირზე არსებული უჯრედებისა და საშვილოსნოს ყელის (საშვილოსნოს ქვედა ნაწილი) ჯირკვლების მიერ გამომუშავებული სითხით სველ მდგომარეობაში ნარჩუნდება. აღნიშნული სითხის მცირე რაოდენობა შეიძლება გარეთ გამოიყოს სუფთა ან თეთრი ფერის გამონადენის სახით, რომელიც ნორმად ითვლება. რეპროდუქციული ასაკის ქალებში, საშოს ლორწოვანს აქვს ნაკეცები და ნაოჭები. სქესობრივ მომწიფებამდე და მენოპაუზის შემდეგ (თუ ქალი ესტროგენებს არ იღებს), ლორწოვანი გარსი გლუვია.
საშვილოსნო და საშვილოსნოს ყელი: საშვილოსნო სქელკედლიანი, კუნთოვანი, მსხლისებური ფორმის ორგანოა. იგი მენჯის შუაში, შარდის ბუშტის უკან და სწორი ნაწლავის წინ მდებარეობს. საშვილოსნო ამ მდგომარეობაში რამდენიმე იოგის საშუალებით არის გამაგრებული. საშვილოსნოს მთავარი ფუნქციაა ნაყოფის შენარჩუნება და განვითარება. იგი ყელისა და სხეულისაგან შედგება.
ყელი საშვილოსნოს ქვედა ნაწილია და საშოს ზედა ბოლოშია შეჭრილი. მისი დანახვა შესაძლებელია გინეკოლოგიური გასინჯვის დროს. საშოს მსგავსად, საშვილოსნოს ყელიც ლორწოვანი გარსითაა ამოფენილი, თუმცა ყელის ლორწოვანი გარსი გლუვია.
საშვილოსნოში სპერმის შეღწევა და მენსტრუალური სისხლის გამოსვლა საშვილოსნოს ყელში არსებული არხით ხდება. არხი, ჩვეულებრივ, ვიწროა, თუმცა მშობიარობის დროს იგი ფართოვდება და ნაყოფს მასში გავლის საშუალებას აძლევს. კვერცხუჯრედის მომწიფების (ოვულაცია), მენსტრუალური ციკლის და მშობიარობის პერიოდის გარდა, საშვილოსნოს ყელი, ჩვეულებრივ, ბარიერს ქმნის ბაქტერიებისათვის. სქესობრი გზით გადამდები დაავადებების გამომწვევი ბაქტერიები, სქესობრივი კონტაქტის დროს, ყელის გავლით აღწევენ საშვილოსნოში.
საშვილოსნოს ყელის არხი ამოფენილია ჯირკვლებით, რომლებიც ლორწოს გამოყოფენ. ეს ლორწო სქელია და ოვულაციამდე სპერმისთვის გაუვალია. ოვულაციის დროს ლორწოს კონსისტენცია იცვლება იმგვარად, რომ სპერმა ადვილად გაცურავს მას და შეიძლება განაყოფიერება მოხდეს. საშვილოსნოს ყელის ლორწოს გამომყოფი ჯირკვლები ცოცხალ სპერმას დაახლოებით 5 დღის განმავლობაში ინახავს, იშვიათად, ცოტა მეტი ხნით. აღნიშნული სპერმა, მოგვიანებით, კვერცხუჯრედის გასანაყოფიერებლად გადაადგილდება ზემოთ, საშვილოსნოს სხეულისკენ და შემდეგ ფალოპის მილების მიმართულებით. თითქმის ყველა ორსულობა ვითარდება ოვულაციამდე 3 დღის განმავლობაში არსებული სქესობრივი კონტაქტით. თუმცა, ზოგჯერ შესაძლებელია ოვულაციამდე 6 დღით ადრე ან ოვულაციიდან 3 დღის შემდეგ არსებული სქესობრივი კონტაქტის შედეგად ორსულობაც. ზოგი ქალის შემთხვევაში, მენსტრუალური ციკლისა და ოვულაციისათვის დრო თვიდან თვემდე განსხვავებულია, რის გამოც ორსულობა შეიძლება მენსტრუალური ციკლის სხვადასხვა დროს განვითარდეს.
საშვილოსნოს სხეული კუნთოვანი ორგანოა, რომელიც შეიძლება გაიჭიმოს და ზომაში მზარდი ნაყოფი დაიტიოს. მშობიარობის დროს კუნთოვანი კედლები იკუმშება და ბავშვს, საშვილოსნოს ყელისა და საშოს გავლით, გარეთ აძევებს. რეპროდუქციულ წლებში, საშვილოსნოს სხეული ორჯერ აღემატება ყელის ზომას. მენოპაუზის შემდეგ კი პირიქითაა.
როგორც ქალის რეპროდუქციული ციკლის (რომელიც, ჩვეულებრივ, ერთი თვე გრძელდება) ნაწილი, საშვილოსნოს ტანის ლორწოვანი გარსი თანდათან სქელდება. თუ ქალი არ დაორსულდა ციკლის დროს, ენდომეტრიუმი ჩამოიფცქვნება და მენსტრუალური სისხლდენა იწყება.
ფალოპის მილები: ორი ფალოპის მილი სიგრძით დაახლოებით 2-3 ინჩია (5-7 სმ) და საშვილოსნოს ზედა კიდიდან საკვერცხეების მიმართულებით გრძელდება. მილები უშუალოდ არ არის მიერთებული საკვერცხესთან. თითოეული მილის ბოლო ძაბრისებურადაა გაგანიერებული და ფოჩისებრი დაბოლოება აქვს. როდესაც საკვერცხიდან მომწიფებული კვერცხუჯრედი გამოთავისუფლდება, ძაფები მას ფალოპის მილის შედარებით გაფართოვებული დაბოლოებისკენ მიუძღვის.
ფალოპის მილები ამოფენილია ძალიან პატარა, თმისებრი წანაზარდებით (წამწამებით). წამწამები და ფალოპის მილის კუნთები კვერცხუჯრედს, მილის გავლით, საშვილოსნოსკენ გადაისვრის. შესაძლებელია, კვერცხუჯრედი ფალოპის მილში სპერმით განაყოფიერდეს.
საკვერცხეები: საკვერცხეები სადაფის ფერი, მოგრძო და დაახლოებით კაკლის ზომის ორგანოებია. ისინი საშვილოსნოსთან იოგებითაა მიმაგრებული. საკვერცხეებში ქალისა (ესტროგენები და პროგესტერონი) და მამაკაცის სასქესო ჰორმონების გამომუშავებასთან ერთად, კვერცხუჯრედები მწიფდება. მომწიფების პროცესში კვერცხუჯრედი (ოვოციტი) საკვერცხის კედელში არსებულ სითხით სავსე ღრმულებშია (ფოლიკულები) მოთავსებული. თითოეული ფოლიკული ერთ ოვოციტს შეიცავს.