ქალის რეპროდუქციული სისტემის ბიოლოგია | მკურნალი.გე
  1. ქალის რეპროდუქციული სისტემის ბიოლოგია
  2. ქალთა ჯანმრთელობა
ქალის რეპროდუქციული სისტემის ბიოლოგია

ქალის რეპროდუქციული სისტემა შედგება გარეთა და შიგნითა სასქესო ორგანოებისაგან. ზოგჯერ, რეპროდუქციული სისტემის ნაწილად განიხილავენ სარძევე ჯირკვლებსაც. აღსანიშნავია, რომ სხეულის სხვა ნაწილები, ასევე, ახდენენ გავლენას რეპროდუქციული სისტემის განვითარებასა და მუშაობაზე. ესაა: ჰიპოთალამუსი (ტვინის ერთ-ერთი უბანი), ჰიპოფიზი (მდებარეობს ტვინის ფუძესთან, ჰიპოთალამუსის ქვეშ), თირკმელზედა ჯირკვლები (მდებარეობს თირკმლებზე). ჰიპოთალამუსი წარმართავს სასქესო ორგანოების, ჰიპოფიზის და თირკმელზედა ჯირკვლების ურთიერთქმედებას. სხეულის აღნიშნული ნაწილები ერთმანეთზე გავლენას ჰორმონების საშუალებით ახდენენ. ჰორმონები ქიმიური ინფორმაციის შემცველებია, რომლებიც მართავენ და აწესრიგებენ სხეულის სხვადასხვა ფუნქციას. ჰიპოთალამუსი გამოიმუშავებს გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონს, რომელიც ასტიმულირებს ჰიპოფიზის მიერ მალუთეინიზირებელი და ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონების წარმოქმნას. აღნიშნული ჰორმონები, თავის მხრივ, ასტიმულირებს საკვერცხეების მიერ ქალის სასქესო ჰორმონების – ესტროგენებისა და პროგესტერონის – და ზოგიერთი მამრობითი სასქესო ჰორმონის (ანდროგენები) გამომუშავებას (მამრობითი სასქესო ჰორმონები ასტიმულირებს ბოქვენისა და იღლიის თმოვანი საფარის ზრდას, სქესობრივი მომწიფების პერიოდიდან და ხელს უწყობს კუნთოვანი მასის შენარჩუნებას როგორც გოგონებს, ასევე ვაჟებს შორის). მშობიარობის შემდეგ, ჰიპოთალამუსი სიგნალს უგზავნის ჰიპოფიზს, რომ დაიწყოს პროლაქტინის გამომუშავება – ჰორმონის, რომელიც რძის წარმოქმნას ასტიმულირებს. თირკმელზედა ჯირკვლები მცირე რაოდენობით ქალისა და მამაკაცის სასქესო ჰორმონებს გამოიმუშავებენ.