მენოპაუზის მოახლოებისას სწრაფად ვითარდება ცვლილებები სასქესო ორგანოებში. წყდება მენსტრუალური ციკლი და საკვერცხეები წყვეტენ ესტროგენების გამომუშავებას. მენოპაუზის შემდეგ, მცირე ბაგეების, კლიტორის, საშოს და შარდსადენის ქსოვილი თხელდება (ატროფირდება), რაც ქრონიკულ გაღიზიანებას, სიმშრალეს და საშოდან გამონადენს იწვევს. მოსალოდნელია საშოს ინფექციების განვითარება. მენოპაუზის შემდეგ, საშვილოსნო, ფალოპის მილები და საკვერცხეები ზომაში მცირდება.
ასაკთან ერთად მცირდება კუნთებისა და შემაერთებელი ქსოვილის ოდენობა, მათ შორის, შარდის ბუშტის, საშვილოსნოს, საშოს და სწორი ნაწლავის კუნთების სამაგრი იოგებისა და ქსოვილების რაოდენობა. შედეგად დაზიანებული ორგანოები შეიძლება დაბლა დაიწიოს ან ჩამოვარდეს (პროლაფსი), რაც ზოგჯერ მენჯის არეში ზეწოლის ან სისავსის შეგრძნებას, მოშარდვის გაძნელებას, შარდვასა და ნაწლავთა მოქმედებაზე კონტროლის დაკარგვას (შეუკავებლობას) ან სქესობრივი კავშირის დროს ტკივილს იწვევს. აღნიშნული პრობლემა უფრო მეტად მოსალოდნელია მრავალჯერ ნამშობიარებ ქალებში.
იმის გამო, რომ მცირდება ესტროგენები, რომლებიც სარძევე სადინარებს ასტიმულირებს, სარძევე ჯირკვლები ზომაში მცირდება და მოშვებულია. ასევე მცირდება სარძევე ჯირკვლების გამამაგრებელი შემაერთებელი ქსოვილის რაოდენობა, რაც ასევე ხელს უწყობს მათ დაშვებას. ფიბროზულ ქსოვილს ცხიმოვანი ანაცვლებს, რის გამოც სარძევე ჯირკვლები ნაკლებად მკვრივი ხდება.
ცვლილებების მიუხედავად, მენოპაუზის შემდგომ პერიოდში ქალების უმეტესობისათვის სქესობრივი ცხოვრება უფრო სასიამოვნო ხდება, ალბათ, იმიტომ, რომ დაორსულება უკვე შეუძლებელია. მენოპაუზის შემდეგ საკვერცხეები და თირკმელზედა ჯირკვლები აგრძელებენ მამრობითი სასქესო ჰორმონების გამომუშავებას, რაც სქესობრივი ლტოლვის შენარჩუნებას, კუნთოვანი ქსოვილის კარგვის შენელებას და, ზოგადად, კარგ გუნება-განწყობას უწყობს ხელს.